ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT)

ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT)

ფასი: 15 ₾

კვლევის შესახებ

ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST/GOT, Aspartate Aminotransferase) არის ფერმენტი, რომელიც ძირითადად გვხვდება ღვიძლში, გულში, კუნთებში, თირკმელებში, პანკრეასსა და ერითროციტებში. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამინომჟავათა მეტაბოლიზმში და მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნის პროცესებში.

ნორმაში სისხლში AST-ის დაბალი დონე აღინიშნება. ქსოვილების დაზიანების ან ანთებითი პროცესების დროს ფერმენტი გამოიყოფა სისხლში, რის გამოც მისი დონე იმატებს. AST-ის ცვლილების ხარისხი დამოკიდებულია ქსოვილოვანი დაზიანების ხარისხსა და ვადებზე.

AST ხშირად განისაზღვრება ალანინამინოტრანსფერაზასთან (ALT) ერთად, ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად. AST/ALT თანაფარდობა (de Ritis-ის კოეფიციენტი) ეხმარება ექიმს განასხვაოს ღვიძლის ან სხვა ორგანოს დაზიანება და დაადგინოს დაზიანების შესაძლო ხასიათი.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ღვიძლის დაავადებების ეჭვი (ჰეპატიტი, ციროზი, სტეატოჰეპატიტი);

• ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების მიღების მონიტორინგი;

• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

• ვირუსული ჰეპატიტების სკრინინგი ან მონიტორინგი;

• ყვითელი ან მოყვითალო შეფერილობის კანი და სკლერა (სიყვითლე);

• მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით მარჯვენა ფერდქვეშა არეში;

• გულისრევა, ღებინება;

• მადის დაკარგვა;

• ზოგადი სისუსტე და დაღლილობა;

• კანის ქავილი;

• შარდის გამუქება, განავლის გაღიავება;

• კარდიოვასკულარული პათოლოგიების ეჭვი;

• კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების შეფასება;

• პროფილაქტიკური სკრინინგი ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად.

ინტერპრეტაცია

AST-ის მომატება შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი მდგომარეობების დროს:

• ვირუსული ჰეპატიტი (A, B, C, D, E);

• ალკოჰოლური ღვიძლის დაავადება და ცხიმოვანი ჰეპატოზი;

• ღვიძლის ციროზი;

• ღვიძლის ნეკროზი;

• მედიკამენტოზური ან ტოქსიკური ჰეპატიტი;

• მიოკარდიუმის ინფარქტი;

• გულის უკმარისობა;

• კუნთოვანი ქსოვილის ტრავმა, რაბდომიოლიზი;

• ფიზიკური დატვირთვა;

• ღვიძლის სიმსივნური დაზიანება და მეტასტაზები;

• ქოლესტაზი, ნაღვლის გზების ობსტრუქცია;

• პანკრეატიტი;

• ჰემოლიზური მდგომარეობები;

• ინფექციური მონონუკლეოზი.

AST-ის დაბალი მაჩვენებელი ჩვეულებრივ კლინიკური მნიშვნელობის არ არის, თუმცა ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს B6 ვიტამინის დეფიციტის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობისა და ორსულობის დროს.

AST/ALT თანაფარდობის ცვლილება (de Ritis-ის კოეფიციენტი) დიფერენციალური დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია:

• AST/ALT > 2 - დამახასიათებელია ალკოჰოლური ჰეპატიტისთვის;

• AST/ALT < 1 - უფრო ხშირია ვირუსული ჰეპატიტის დროს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT);

გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT);

ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP);

საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL);

კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (DBIL);

საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP);

ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB);

ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH);

კრეატინკინაზას განსაზღვრა სისხლში (CK);

სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg);

C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (გარდა წყლისა);

• კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან;

• კვლევამდე 24-48 საათით ადრე თავი აარიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს AST-ის მაჩვენებლის მცირე მატება;

• ექიმთან შეათანხმეთ მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპია, ვინაიდან ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ანალიზის შედეგზე.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - AST Test

mayoclinic.org - Aspartate aminotransferase (AST) blood test

my.clevelandclinic.org - Aspartate Transferase (AST) Blood Test

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone