კვლევის შესახებ
HSV I/II IgM კვლევის დროს ფასდება სისხლში მარტივი ჰერპესის ვირუსის (HSV-1 და HSV-2) მიმართ წარმოქმნილი M კლასის (IgM) ანტისხეულები. IgM ანტისხეულები იმუნური სისტემის უპირველესი პასუხია ინფექციაზე - მათი სინთეზი იწყება ვირუსთან კონტაქტიდან 3-7 დღეში, აღწევს პიკს დაახლოებით 2-3 კვირაში და ჩვეულებრივ დეტექტირებადი დონე ქრება 1-3 თვის შემდეგ.
მარტივი ჰერპესის ვირუსი ფართოდ გავრცელებული პათოგენია, რომელიც ლატენტური სახით ცხოვრების ბოლომდე რჩება ნერვული სისტემის განგლიონებში და პერიოდულად რეაქტივირდება. IgM ანტისხეულის გამოვლენა შესაძლოა მიუთითებდეს როგორც პირველად მწვავე ინფექციაზე, ასევე ვირუსის რეაქტივაციაზე.
IgM კვლევას აქვს გარკვეული შეზღუდვები - განსხვავებით ტიპსპეციფიკური IgG ტესტისგან, IgM ვერ დიფერენცირებს HSV-1-სა და HSV-2-ს, ხშირად ჯვარედინი რეაქტიულობა ახასიათებს სხვა ჰერპეს ვირუსებთან (VZV, EBV, CMV) და მგრძნობიარობა შედარებით დაბალი აქვს. ამიტომ მისი შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიკურ სურათთან, IgG-სა და, საჭიროების შემთხვევაში, PCR-კვლევასთან ერთად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:
• ტიპიური ჰერპესული გამონაყარის (ბუშტუკოვანი ელემენტები პირის, ტუჩის, სქესობრივი ორგანოს არეში) გამოვლენისას;
• ტკივილისა და წვის შეგრძნებისას სქესობრივი ორგანოების ან გენიტალური მიდამოს არეში;
• პირველადი (პირველი ცხოვრებაში) ჰერპესული ეპიზოდის ეჭვისას;
• უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, ლიმფადენოპათიის ფონზე;
• ორსულობის დროს, თუ აღინიშნება ჰერპესული გამონაყარი;
• ნეონატალური ჰერპესის ეჭვისას (ახალშობილში);
• ენცეფალიტის ან მენინგიტის ეჭვისას;
• იმუნოდეფიციტური პაციენტის შეფასებისას;
• HSV IgG-სთან ერთად ინფექციის ფაზის (მწვავე vs ქრონიკული) დასადგენად.
ინტერპრეტაცია
HSV IgM-ის დადებითი შედეგი შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგზე:
• პირველადი, მწვავე HSV-1 ან HSV-2 ინფექცია (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ IgG ჯერ უარყოფითია, ხოლო IgM დადებითი);
• ჰერპესვირუსის რეაქტივაცია ლატენტური მდგომარეობიდან;
• რეციდივული ჰერპესული ეპიზოდის გამოვლინება - განმეორებითი ინფიცირებისას ან ვირუსის რეაქტივაციისას შესაძლებელია IgM-ის ხელახალი გამოვლენა;
• ჯვარედინი (Cross-reactivity) რეაქცია ჰერპესვირუსების ოჯახის სხვა წევრებთან (VZV, EBV, CMV) - ცრუ-დადებითი შედეგი;
• ცრუ-დადებითი შედეგი იმუნური სისტემის ჰიპერაქტივაციის ან აუტოიმუნური მდგომარეობის ფონზე.
HSV IgM-ის უარყოფითი შედეგი შესაძლოა მიუთითებდეს:
• ვირუსით ინფიცირების არარსებობაზე;
• ე.წ. „ფანჯრის პერიოდზე“ - ინფიცირებიდან IgM-ის დეტექტირებადი დონე ჯერ არ არის ჩამოყალიბებული;
• გადატანილ, ძველ ინფექციაზე, რომლის დროსაც IgM უკვე გამქრალია (აღნიშნულ შემთხვევაში IgG-ის დადებითობა საკმარისი მტკიცებულებაა);
• სუსტ იმუნურ პასუხზე იმუნოდეფიციტური მდგომარეობის მქონე პაციენტებში.
მნიშვნელოვანია: მხოლოდ IgM-ის დადებითობა (იმ პირობით, რომ IgG უარყოფითია და კლინიკური სურათი არ შეესაბამება) შესაძლოა იყოს ცრუ-დადებითი - ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ანალიზის განმეორება 2-3 კვირაში IgG-სთან ერთად. ამ პერიოდის განმავლობაში IgG-ის დადებითობის ჩამოყალიბება ადასტურებს აქტიურ ინფექციას.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgG);
• HSV-1, HSV-2 PCR - ვირუსის DNA-ის განსაზღვრა, ნაცხი დაზიანებიდან/სისხლი/ლიქვორი;
• ვარიცელა ზოსტერის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (VZV IgM);
• ვარიცელა ზოსტერის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (VZV IgG);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgG);
• აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა, სწრაფი ტესტი (anti-HIV);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Herpes (HSV) Test
• cdc.gov - Genital Herpes - STI Treatment Guidelines
• ncbi.nlm.nih.gov - Herpes Simplex (StatPearls)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.