კვლევის შესახებ
სომატოტროპული ჰორმონი (Growth Hormone, GH; ასევე - STH ანუ სომატოტროპინი) არის ჰორმონი, რომელსაც თავის ტვინის ფუძესთან მდებარე ჯირკვალი - ჰიპოფიზი - გამოიმუშავებს.
GH გადამწყვეტ როლს ასრულებს ბავშვებსა და მოზარდებში ძვლებისა და ქსოვილების ნორმალურ ზრდასა და განვითარებაში. მოზრდილებში ის არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, კუნთოვან მასას, ძვლის სიმკვრივესა და ლიპიდურ ცვლას.
GH სისხლში გამოიყოფა არა თანაბრად, არამედ ე.წ. პულსების სახით - ის უმეტესად ღამის საათებში, ფიზიკური დატვირთვისა და სტრესის ფონზე იმატებს. სწორედ ამიტომ GH-ის ერთჯერადი გაზომვა ხშირად არაინფორმაციულია: შედეგი დამოკიდებულია იმაზე, როდის აიღება სისხლი - პულსის დროს თუ პულსებს შორის შუალედში.
ამის გამო, GH-თან დაკავშირებული დარღვევების შესაფასებლად ხშირად გამოიყენება სტიმულაციური ან სუპრესიული (დათრგუნვის) დატვირთვითი ტესტები, ასევე - IGF-1-ის (სომატომედინ C-ის) განსაზღვრა, რომელიც GH-ის საშუალო აქტივობას უფრო სტაბილურად ასახავს.
GH-ის დონე ფასდება მხოლოდ კლინიკურ მონაცემებთან, დატვირთვითი ტესტებისა და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ბავშვებში ზრდის შეფერხება, თანატოლებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ტანი;
• ბავშვებსა და მოზარდებში GH-ის დეფიციტის ეჭვი;
• სქესობრივი მომწიფების შეფერხება;
• ბავშვებში GH-ის ჭარბი წარმოქმნის ნიშნები - ზედმეტად სწრაფი ზრდა, გიგანტიზმის ეჭვი;
• მოზრდილებში აკრომეგალიის ნიშნები - ხელის, ფეხისა და სახის ნაკვთების გამსხვილება, ქვედა ყბის წინ წამოწევა;
• ჰიპოფიზის ფუნქციის შეფასება (ჰიპოფიზის სიმსივნის ან სხვა დარღვევის ფონზე);
• ჰიპოფიზის სიმსივნის მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგი;
• მოზრდილებში GH-ის დეფიციტის ნიშნები - კუნთოვანი მასის შემცირება, ცხიმოვანი ქსოვილის მომატება, ენერგიის დაქვეითება.
ინტერპრეტაცია
ზრდის ჰორმონის (GH) მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• ჰიპოფიზის ჰორმონ-მაპროდუცირებელი სიმსივნე (ადენომა);
• აკრომეგალია (მოზრდილებში GH-ის ჭარბი პროდუქცია, რომელიც ძვლების ჰიპერტროფიას იწვევს);
• გიგანტიზმი (ბავშვებში GH-ის ჭარბი პროდუქცია ზრდის პერიოდში);
• დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი;
• თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
• ხანგრძლივი შიმშილი, ნუტრიციული დარღვევები (მაგ. ანორექსია).
GH-ის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• GH-ის დეფიციტი (ჰიპოფიზის მიერ ჰორმონის არასაკმარისი პროდუქცია);
• ჰიპოფიზის უკმარისობა (ჰიპოპიტუიტარიზმი);
• ჰიპოფიზის დამაზიანებელი მდგომარეობები - სიმსივნე, ქალასშიდა ტრავმა, ჰიპოფიზიტი ან რადიაცია.
შედეგის ინტერპრეტაციის თავისებურებები:
• GH-ის პულსატორული სეკრეციის გამო ერთჯერადი დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას ასახავდეს და არ ნიშნავდეს დეფიციტს;
• დიაგნოზის დასადასტურებლად, როგორც წესი, საჭიროა სტიმულაციური ან სუპრესიული დინამიკური ტესტი და IGF-1-ის განსაზღვრა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• სომატომედინ C, IGF-1-ის განსაზღვრა სისხლში;
• სომატომედინი, IGF-BP 3-ის განსაზღვრა სისხლში;
• გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი, 75 გ-იანი დატვირთვა (OGTT 75 g);
• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);
• თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4);
• კორტიზოლის განსაზღვრა სისხლში (Cortisol);
• ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (ACTH);
• პროლაქტინის განსაზღვრა სისხლში (PRL);
• მალუთეინიზებელი ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (LH);
• ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (FSH).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა - ბოლო 10-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი, თამბაქო და თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისგან.
• მასალის აღება უნდა მოხდეს დილით რაც შეიძლება ადრე.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Growth hormone suppression test
• testing.com - Growth Hormone
• ncbi.nlm.nih.gov - Diagnosing Growth Hormone Deficiency in Adults
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.