კვლევის შესახებ
მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV) ფართოდ გავრცელებული პათოგენია, რომელსაც ორი ტიპი აქვს: HSV-1 (რომელიც, როგორც წესი, იწვევს პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებას) და HSV-2 (რომელიც, უპირატესად, გენიტალურ ჰერპესს იწვევს). თუმცა, ორივე ტიპს შეუძლია ნებისმიერი ლოკალიზაციის დაზიანების გამოწვევა.
HSV I/II IgG კვლევის დროს ფასდება სისხლში HSV-1 და HSV-2 ვირუსების მიმართ წარმოქმნილი G კლასის (IgG) ანტისხეულები. IgG ანტისხეულების სინთეზი იწყება ინფიცირებიდან 2-3 კვირის შემდეგ, აღწევს მაქსიმუმს დაახლოებით 6-8 კვირაში და შენარჩუნებულია მთელი ცხოვრების მანძილზე.
თანამედროვე ტიპსპეციფიკური IgG ტესტები გლიკოპროტეინ G-ს (gG-1 და gG-2) იყენებენ ანტიგენად, რაც საშუალებას იძლევა განვასხვავოთ HSV-1- და HSV-2-ით გამოწვეული ინფექციები - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენიტალური ჰერპესის დიფერენცირებისთვის და რეციდივის რისკის შესაფასებლად.
ჰერპეს ვირუსის მიერ გამოწვეული ინფექცია სრულად არ იკურნება - ვირუსი რჩება ნერვული სისტემის განგლიონებში ლატენტურად და შესაძლოა პერიოდულად რეაქტივირდეს სტრესის, იმუნოდეფიციტის ან სხვა ტრიგერების ფონზე. IgG ანტისხეულის გამოვლენა მიუთითებს გადატანილ ან მიმდინარე (მათ შორის უსიმპტომო) ინფექციაზე.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:
• გენიტალიური ჰერპესის ეჭვისას - სქესობრივ ორგანოებზე ბუშტუკოვანი გამონაყარი, მტკივნეული წყლულები;
• რეციდივული ჰერპესული გამონაყარი (პირის, ტუჩის, სქესობრივი ორგანოს არეში);
• ორსულობის დაგეგმვისას ან ორსულობისას - ნაყოფის ინფიცირების რისკის შესაფასებლად;
• მშობიარობის წინ ჰერპესული გამონაყარის ან ანამნეზის არსებობისას - მშობიარობის ტაქტიკის განსასაზღვრად;
• იმუნოდეფიციტური მდგომარეობის (მათ შორის აივ-ინფექცია) დროს;
• პარტნიორის ჰერპესული ინფექციის დროს - საკუთარი იმუნური სტატუსის შესაფასებლად;
• უცნობი ეტიოლოგიის ენცეფალიტის ან მენინგიტის შემთხვევაში;
• ნეონატალური ჰერპესის ეჭვისას;
• ორგანოს ტრანსპლანტაციამდე ან იმუნოსუპრესიული თერაპიის დაწყებამდე.
ინტერპრეტაცია
HSV-1 ან HSV-2 IgG-ის დადებითი შედეგი მიუთითებს ვირუსთან პერსისტენტულ (გადატანილ) ინფექციაზე. იგი არ ანსხვავებს ახლო წარსულში გადატანილ ინფექციას ძველისგან, ვინაიდან IgG ანტისხეულები სიცოცხლის ბოლომდე რჩება ორგანიზმში. ინფიცირებული პირების მნიშვნელოვან ნაწილს არ აღენიშნება კლინიკური სიმპტომები - დადებითი IgG შესაძლოა მიუთითებდეს ასიმპტომურ ინფიცირებაზე.
HSV-1 IgG-ის დადებითი შედეგი ხშირად აღინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
• ბავშვობაში გადატანილი ჰერპესული ინფექცია (HSV-1-ის მატარებელია მოსახლეობის უმეტესი ნაწილი);
• პირის ან ტუჩის ჰერპესის ანამნეზი;
• ანოგენიტალური ჰერპესი HSV-1-ით (გენიტალიური ჰერპესის შემთხვევების ნაწილი HSV-1-ით არის გამოწვეული).
HSV-2 IgG-ის დადებითი შედეგი მიუთითებს:
• ანოგენიტალურ ჰერპესზე;
• უსიმპტომო HSV-2 ინფიცირებაზე;
• რეციდივის რისკზე - HSV-2 უფრო ხშირად რეციდივირდება, ვიდრე HSV-1.
HSV IgG-ის უარყოფითი შედეგი მიუთითებს, რომ პირი არ ყოფილა ვირუსთან კონტაქტში, ან კონტაქტი ცოტა ხნის წინ მოხდა, ანტისხეულების გამოვლენადი დონის ჩამოყალიბებამდე (ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“ 2-3 კვირიდან 3 თვემდე). ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ანალიზის გამეორება 2-3 კვირაში.
შენიშვნა: სეროლოგიური კვლევა არ ცვლის PCR-კვლევას აქტიური დაზიანებიდან აღებულ მასალაზე - სიმპტომური ინფექციის დიაგნოზი ძირითადად დგინდება დაზიანების არედან აღებული ნიმუშის PCR-ით.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgM);
• HSV-1, HSV-2 PCR - ვირუსის DNA-ის განსაზღვრა, ნაცხი დაზიანებიდან/სისხლი/ლიქვორი;
• ვარიცელა ზოსტერის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (VZV IgM);
• ვარიცელა ზოსტერის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (VZV IgG);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgG);
• აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა, სწრაფი ტესტი (anti-HIV);
• RPR (სიფილისის სკრინინგი), სისხლში;
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Herpes (HSV) Test
• mayocliniclabs.com - HSV Type 1 and Type 2-Specific Antibodies, IgG
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.