რეპროდუქციული დიაგნოსტიკა

17-ჰიდროქსიპროგესტერონის განსაზღვრა სისხლში (17-OH Progesterone); ანტიმიულერის ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (AMH); ესტრადიოლის განსაზღვრა სისხლში (E2); ტესტოსტერონის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (Free Testosterone); ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (FSH); მალუთეინიზებელი ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (LH); პროგესტერონის განსაზღვრა სისხლში (PROG); პროლაქტინის განსაზღვრა სისხლში (PRL); თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH); ტესტოსტერონის განსაზღვრა სისხლში (Testosterone)


კვლევის შესახებ

ქალის რეპროდუქციული დიაგნოსტიკა (Female Reproductive Hormone Panel) არის ჰორმონული კვლევების ნაკრები, რომელიც კომპლექსურად აფასებს ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას: საკვერცხეების ფუნქციასა და რეზერვს (კვერცხუჯრედების მარაგს), ოვულაციას, ჰიპოფიზის მარეგულირებელ ფუნქციას, მამაკაცური სასქესო ჰორმონების (ანდროგენების) დონესა და ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობას.

მენსტრუალური ციკლი რთული ჰორმონული ჯაჭვით რეგულირდება, რომელშიც ჰიპოფიზი, საკვერცხეები, თირკმელზედა ჯირკვალი და ფარისებრი ჯირკვალი მონაწილეობს. ერთ-ერთი რგოლის დარღვევა იწვევს ციკლის მოშლას, ოვულაციის არარსებობას და ორსულობის დადგომის სირთულეს. ნაკრები ეხმარება ექიმს დარღვევის მიზეზის დადგენასა და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაში.

ნაკრებში შემავალი კვლევები:

• პროლაქტინის განსაზღვრა სისხლში (PRL);

• ესტრადიოლის განსაზღვრა სისხლში (E2);

• ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (FSH);

• მალუთეინიზებელი ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (LH);

• პროგესტერონის განსაზღვრა სისხლში (PROG);

• ტესტოსტერონის განსაზღვრა სისხლში (Testosterone);

• 17-ჰიდროქსიპროგესტერონის განსაზღვრა სისხლში (17-OH Progesterone);

• ტესტოსტერონის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (Free Testosterone);

• ანტიმიულერის ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (AMH);

• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH).

ჰორმონების დონე ციკლის ფაზის მიხედვით იცვლება, ამიტომ სისხლის აღების დღე აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ექიმთან.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• არარეგულარული, იშვიათი ან შეწყვეტილი მენსტრუალური ციკლი;

• უშვილობა - ორსულობა არ დგება რეგულარული სქესობრივი ცხოვრების 12 თვის (35 წლის შემდეგ - 6 თვის) განმავლობაში;

• ორსულობის დაგეგმვა, განსაკუთრებით 35 წლის ასაკის შემდეგ - საკვერცხეების რეზერვის შეფასება;

• ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სხვა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების დაგეგმვა;

• პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის ეჭვი;

• ჭარბი თმიანობა სახესა და სხეულზე, აკნე, თმის ცვენა თავზე (ანდროგენების სიჭარბის ნიშნები);

• გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, რომელიც არ უკავშირდება ორსულობას ან ლაქტაციას;

• ჩვეული თვითნებური აბორტები;

• ადრეული მენოპაუზის ნიშნები (ალები, ოფლიანობა, ციკლის შეწყვეტა 40 წლამდე);

• სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, წონის აუხსნელი ცვლილება;

• ჰორმონული თერაპიის ეფექტიანობის მონიტორინგი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

• FSH, LH, ესტრადიოლი, პროლაქტინი, ტესტოსტერონი და 17-OH პროგესტერონი, როგორც წესი, განისაზღვრება მენსტრუალური ციკლის მე-2-5 დღეს, ხოლო პროგესტერონი - ციკლის მეორე ფაზაში (მოსალოდნელ მენსტრუაციამდე დაახლოებით 7 დღით ადრე). AMH-ის განსაზღვრა შესაძლებელია ციკლის ნებისმიერ დღეს. სისხლის აღების ზუსტი დღე შეათანხმეთ ექიმთან;

• სისხლი აიღეთ დილით, უზმოზე, გაღვიძებიდან 2-3 საათის შემდეგ; სისხლის აღებამდე 15-20 წუთი დაისვენეთ მშვიდ გარემოში;

• კვლევამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტის, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის, ემოციური სტრესის, ალკოჰოლისა და სარძევე ჯირკვლების გაღიზიანებისგან (ეს ფაქტორები ზრდის პროლაქტინის დონეს);

• ბიოტინის (ვიტამინი B7) შემცველი დანამატების მიღება სასურველია შეწყვიტოთ კვლევამდე სულ მცირე 2-3 დღით ადრე;

• აცნობეთ ექიმს ჰორმონული პრეპარატების (მათ შორის კონტრაცეპტივების) მიღების შესახებ და ლაბორატორიას - ციკლის დღე.

ინტერპრეტაცია

FSH, LH და ესტრადიოლი:

• FSH-ისა და LH-ის მომატება ესტრადიოლის კლების ფონზე მიუთითებს საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითებაზე (საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა, მენოპაუზა);

• FSH-ისა და LH-ის კლება მიუთითებს ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის დონეზე არსებულ დარღვევაზე (სტრესი, მკვეთრი წონის კლება, ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, ჰიპოფიზის დაავადებები);

• LH-ის მომატება FSH-თან შედარებით ხშირად ვლინდება პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს.

ანტიმიულერის ჰორმონი (AMH):

• კლება მიუთითებს საკვერცხეების რეზერვის შემცირებაზე (ასაკთან ერთად ფიზიოლოგიურად იკლებს);

• მომატება ხშირია პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს.

პროგესტერონი:

• ციკლის მეორე ფაზაში მომატებული დონე ადასტურებს, რომ ოვულაცია მოხდა;

• დაბალი დონე მეორე ფაზაში მიუთითებს ოვულაციის არარსებობაზე ან ყვითელი სხეულის უკმარისობაზე.

პროლაქტინი:

• მომატება შესაძლოა გამოიწვიოს სტრესმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა, ჰიპოთირეოზმა ან ჰიპოფიზის კეთილთვისებიანმა სიმსივნემ (პროლაქტინომა); მაღალი პროლაქტინი თრგუნავს ოვულაციას.

ტესტოსტერონი (საერთო და თავისუფალი) და 17-OH პროგესტერონი:

• ტესტოსტერონის მომატება ვლინდება პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებებისა და, იშვიათად, ანდროგენმაპროდუცირებელი სიმსივნეების დროს;

• 17-OH პროგესტერონის მომატება მიუთითებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილ ჰიპერპლაზიაზე (მათ შორის მის არაკლასიკურ, გვიან გამოვლენილ ფორმაზე).

TSH:

• როგორც მომატება (ჰიპოთირეოზი), ისე კლება (ჰიპერთირეოზი) იწვევს ციკლის დარღვევას და ართულებს ორსულობის დადგომას.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

• დეჰიდროეპიანდროსტერონ სულფატის განსაზღვრა სისხლში (DHEA-S);

• მაკროპროლაქტინის განსაზღვრა სისხლში (Macroprolactin);

• თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4);

• თირეოიდული პეროქსიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-TPO);

• ინსულინის განსაზღვრა სისხლში (Insulin);

• ჰომა ინდექსი (HOMA Index);

• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);

• კორტიზოლის განსაზღვრა სისხლში (Cortisol);

• საერთო ბეტაქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრა სისხლში (β-hCG);

• D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D);

• სასქესო ჰორმონების დამაკავშირებელი გლობულინი (SHBG);

• ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG ,LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI).

კალათა (0)
Phone