ცელიაკიას სადიაგნოსტიკო პანელი(სკრინინგი)


კვლევის შესახებ

ცელიაკიის სადიაგნოსტიკო პანელი, სკრინინგი (Celiac Disease Screening Panel) არის სისხლის სამი კვლევისგან შემდგარი ნაკრები, რომელიც განკუთვნილია ცელიაკიის (გლუტენის აუტანლობის ავტოიმუნური ფორმის) პირველადი გამოვლენისთვის.

ცელიაკია არის ქრონიკული ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც გენეტიკურად მიდრეკილ ადამიანებში გლუტენი (ხორბლის, ჭვავისა და ქერის ცილა) იწვევს იმუნურ რეაქციას და წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას. შედეგად ირღვევა საკვები ნივთიერებების შეწოვა. დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში და ხშირად მიმდინარეობს არატიპურად - საჭმლის მომნელებელი სისტემის ჩივილების გარეშე (ანემია, დაღლილობა, ოსტეოპოროზი, კანის გამონაყარი).

ნაკრებში შედის შემდეგი კვლევები:

• Anti Tissue Transglutaminase IgA (ცელიაკია) ანტისხეულები, სისხლში - ცელიაკიის სკრინინგის ძირითადი, ყველაზე მგრძნობიარე კვლევა;

• Anti Tissue Transglutaminase IgG (ცელიაკია) ანტისხეულები, სისხლში - ინფორმაციულია IgA-ს დეფიციტის მქონე პირებში;

• იმუნოგლობულინი A (IgA), სისხლში - საერთო IgA-ს დონე, რომელიც აუცილებელია IgA კლასის ანტისხეულების შედეგის სწორად შესაფასებლად.

ცელიაკიის მქონე პაციენტებში IgA-ს შერჩევითი დეფიციტი უფრო ხშირია, ვიდრე ზოგად მოსახლეობაში. ასეთ შემთხვევაში tTG IgA ანტისხეულები ცრუ უარყოფითია, თუნდაც დაავადება არსებობდეს. სწორედ ამიტომ პანელი აერთიანებს სამივე კვლევას - ეს კომბინაცია მინიმუმამდე ამცირებს დიაგნოზის გამოტოვების ალბათობას.

მნიშვნელოვანია: კვლევა უნდა ჩატარდეს ჩვეულებრივი, გლუტენის შემცველი კვების ფონზე. უგლუტენო დიეტის დაწყება კვლევამდე იწვევს ცრუ უარყოფით შედეგს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ქრონიკული ან მორეციდივე დიარეა, მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, ჭარბი აირწარმოქმნა;

• აუხსნელი წონის კლება; ბავშვებში - ზრდისა და წონის მატების შეფერხება, სქესობრივი მომწიფების დაგვიანება;

• რკინადეფიციტური ანემია, რომელიც არ ემორჩილება რკინის პრეპარატებით მკურნალობას;

• ფოლიუმის მჟავას, B12 ან D ვიტამინის აუხსნელი დეფიციტი;

• ქრონიკული დაღლილობა;

• ოსტეოპოროზი ან ოსტეოპენია ახალგაზრდა ასაკში;

• ქავანა, ბუშტუკოვანი გამონაყარი (ჰერპეტიფორმული დერმატიტი);

• პირის ღრუს მორეციდივე აფთოზური წყლულები, კბილის მინანქრის დეფექტები;

• ღვიძლის ფერმენტების (ALT, AST) აუხსნელი მომატება;

• აუხსნელი უშვილობა, ორსულობის განმეორებითი დანაკარგი;

• პირველი რიგის ნათესავებში (მშობლები, და-ძმა, შვილები) დადასტურებული ცელიაკია;

• ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ავტოიმუნური დაავადება, დაუნის ან ტერნერის სინდრომი - როგორც მომატებული რისკის ჯგუფები;

• დადასტურებული ცელიაკიის დროს უგლუტენო დიეტის დაცვის კონტროლი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

• კვლევამდე არ შეწყვიტოთ გლუტენის შემცველი საკვების (პური, მაკარონი, ცომეული) მიღება. თუ უკვე იცავთ უგლუტენო დიეტას, აცნობეთ ექიმს - სანდო შედეგისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს გლუტენის დროებით დაბრუნება რაციონში რამდენიმე კვირით;

• სპეციალური მომზადება საჭირო არ არის; სისხლის აღება სასურველია დილით, უზმოდ ან მსუბუქი საუზმიდან 3-4 საათის შემდეგ;

• აცნობეთ ექიმს იმუნოსუპრესიული პრეპარატების ან კორტიკოსტეროიდების მიღების შესახებ, რადგან მათ შეუძლიათ ანტისხეულების დონის შემცირება.

ინტერპრეტაცია

tTG IgA ანტისხეულები:

• უარყოფითი შედეგი საერთო IgA-ს ნორმული დონის ფონზე ცელიაკიას ნაკლებად სავარაუდოს ხდის (იმ პირობით, რომ პაციენტი იღებს გლუტენის შემცველ საკვებს);

• დადებითი შედეგი მიუთითებს ცელიაკიის მაღალ ალბათობაზე; რაც უფრო მაღალია ანტისხეულების დონე, მით უფრო სავარაუდოა დიაგნოზი;

• მსუბუქი მომატება შესაძლოა შეგვხვდეს სხვა ავტოიმუნური დაავადებების, ღვიძლის ქრონიკული დაავადებებისა და ნაწლავის ინფექციების დროსაც.

საერთო IgA:

• ნორმული დონე ადასტურებს, რომ tTG IgA-ს შედეგი სანდოა;

• დაქვეითებული დონე (IgA-ს შერჩევითი დეფიციტი) ნიშნავს, რომ tTG IgA-ს უარყოფითი შედეგი არაინფორმაციულია და შეფასება უნდა მოხდეს IgG კლასის ანტისხეულებით.

tTG IgG ანტისხეულები:

• დადებითი შედეგი IgA-ს დეფიციტის ფონზე მიუთითებს ცელიაკიის შესაძლო არსებობაზე;

• ნორმული IgA-ს ფონზე მხოლოდ tTG IgG-ის იზოლირებულ მომატებას ნაკლები დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.

დადებითი სეროლოგიური შედეგი ცელიაკიის საბოლოო დიაგნოზს არ ნიშნავს. მოზრდილებში დიაგნოზის დასადასტურებლად, როგორც წესი, საჭიროა გასტროენტეროლოგის კონსულტაცია და ენდოსკოპია წვრილი ნაწლავის ბიოფსიით. უგლუტენო დიეტის დაწყება დიაგნოზის დადასტურებამდე არ არის რეკომენდებული. მკურნალობის ფონზე ანტისხეულების დონის კლება მიუთითებს დიეტის ეფექტიანობაზე.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

• ენდომიზიუმის საწინააღმდეგო ანტისხეულები IgA (EMA IgA);

• დეამიდირებული გლიადინის პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულები IgA (DGP IgA);

• დეამიდირებული გლიადინის პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულები IgG (DGP IgG);

• HLA-DQ2/DQ8 გენოტიპირება;

• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);

• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin);

• რკინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Iron);

• ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12);

• ფოლიუმის მჟავა (Folate);

• D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D);

• ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT);

• ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT);

• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);

• კალპროტექტინის განსაზღვრა განავალში (Calprotectin).

Phone