კვლევის შესახებ
ბიოფსიური მასალის ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა არის ბიოფსიის გზით მიღებული ქსოვილის ფრაგმენტის მიკროსკოპული გამოკვლევა, რომელსაც ატარებს ექიმი-პათოლოგი (პათომორფოლოგი) პათოლოგიური პროცესის ბუნების ზუსტად დასადგენად.
ბიოფსია არის დაავადებული ან საეჭვო უბნიდან ქსოვილის ფრაგმენტის აღება. ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევა კი არის ამ ნიმუშის შესწავლა მიკროსკოპით, რაც ხშირად ერთადერთი გზაა იმის დასადგენად, არის თუ არა პროცესი ავთვისებიანი (ნეოპლაზიური), კეთილთვისებიანი თუ ანთებითი.
ბიოფსიური ნიმუში გადის ფიქსაციის, დამუშავების, პარაფინში ჩაყალიბების, სექციების მომზადებისა და შეღებვის (H&E) ეტაპებს, შემდეგ კი მას მიკროსკოპით სწავლობს ექიმი-პათოლოგი. დასკვნა (ე.წ. ჰისტოპათოლოგიური დასკვნა) მოიცავს დიაგნოზს, ხოლო სიმსივნის შემთხვევაში - მის ჰისტოგენეზს და გრადუსს.
ბიოფსიის ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევა ხშირად საბოლოო და გადამწყვეტი ეტაპია დიაგნოზის დასმაში - მისი შედეგი განაპირობებს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• კანის, ლორწოვანის ან სხვა ქსოვილის საეჭვო ცვლილების (კვანძი, წყლული, გამონაყარი) გამოკვლევისას;
• პალპაციით ან გამოსახვითი კვლევით (ექოსკოპია, მამოგრაფია) გამოვლენილი მასის ბუნების დასადგენად;
• ენდოსკოპიური ბიოფსიის (კუჭის, ნაწლავის, ბრონქის) მასალის გამოსაკვლევად;
• სიმსივნის (კეთილთვისებიანი/ავთვისებიანი) დიფერენცირებისთვის;
• ანთებითი, ინფექციური ან აუტოიმუნური დაავადების დასაზუსტებლად;
• ქრონიკული დაავადების (მაგ., ღვიძლის, თირკმლის) აქტივობისა და სტადიის შესაფასებლად;
• მკურნალობაზე პასუხის ან რეციდივის შესაფასებლად.
ინტერპრეტაცია
ბიოფსიური მასალის ჰისტოპათოლოგიური დასკვნა წარმოადგენს დიაგნოსტიკური კვლევის საბოლოო დოკუმენტს, რომელიც აღწერს ქსოვილის მიკროსკოპულ მორფოლოგიას და აყალიბებს კლინიკურ დიაგნოზს. პათომორფოლოგიური დასკვნა, როგორც წესი, კლასიფიცირდება შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ნორმა: ქსოვილის არქიტექტონიკა და უჯრედული მორფოლოგია შეესაბამება ფიზიოლოგიურ ნორმას; პათოლოგიური ან ნეოპლაზიური ცვლილებები არ ფიქსირდება.
კეთილთვისებიანი ცვლილებები:
• ანთებითი ან სპეციფიკური ინფექციური პროცესი;
• კეთილთვისებიანი ნეოპლაზიები (მაგ., ფიბროადენომა, პოლიპი, ადენომა);
• რეაქტიული ან დეგენერაციული ცვლილებები.
წინასიმსივნური (პრემალიგნური) ცვლილებები: დისპლასტიკური ან სხვა პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც ზრდის ავთვისებიანი ნეოპლაზიის განვითარების რისკს და საჭიროებს დინამიკურ მეთვალყურეობას ან აქტიურ ინტერვენციას.
ავთვისებიანი (მალიგნური) ცვლილებები: პათოლოგიური უჯრედები, რომლებიც ხასიათდება აგრესიული ზრდით. ავთვისებიანი პროცესის დიაგნოსტიკისას დასკვნაში მიეთითება სიმსივნის ჰისტოლოგიური ტიპი და დიფერენცირების ხარისხი (გრადაცია). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიოფსიური მასალით სიმსივნის გავრცელების სრული შეფასება (სტადირება) ხშირად შეუძლებელია და საჭიროებს ოპერაციული მასალის შემდგომ პათომორფოლოგიურ კვლევას.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მცირე ზომის ან არაინფორმაციული ბიოფსიური ნიმუშის შედეგი, რომელიც „ნორმას“ უჩვენებს, სრულად არ გამორიცხავს დაავადების არსებობას, რადგან ნიმუში შესაძლოა არ იყოს წარმომადგენლობითი (არარეპრეზენტატიული). ასეთ შემთხვევებში, კლინიკური ეჭვის არსებობისას, რეკომენდებულია ბიოფსიის განმეორებითი ჩატარება.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიცისტის მიერ პაციენტის ანამნეზურ მონაცემებთან და სხვა დიაგნოსტიკური კვლევების შედეგებთან კომპლექსურად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• იმუნოჰისტოქიმიური კვლევა (IHC);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა (PCR, FISH);
• სიმსივნური მარკერები (სიმსივნის ეჭვის შემთხვევაში): კანცეროემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (CEA), ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Skin Biopsy
• hopkinsmedicine.org - Biopsy Report
• clevelandclinic.org - Pathology Report
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ალეკო ხარებაშვილი - ჰისტოპათოლოგიის განყოფილების უფროსი, პათოლოგანატომი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.