კვლევის შესახებ
სისხლის ჯგუფისა (ABO სისტემა) და რეზუს (Rh) ფაქტორის განსაზღვრა არის ფუნდამენტური სისხლის ჯგუფური კვლევა, რომელიც მნიშვნელოვანია სისხლის გადასხმის (ჰემოტრანსფუზიის), ორსულობის მართვის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის, ქირურგიული ჩარევებისა და სხვა მრავალი კლინიკური სიტუაციისთვის.
ABO სისტემა ეფუძნება ერითროციტების ზედაპირზე არსებული ანტიგენების - A და B ანტიგენების - არსებობას ან არარსებობას:
• A ჯგუფი - ერითროციტებს გააჩნია A ანტიგენი, შრატში - anti-B ანტისხეულები;
• B ჯგუფი - ერითროციტებს გააჩნია B ანტიგენი, შრატში - anti-A ანტისხეულები;
• AB ჯგუფი - ერითროციტებს გააჩნია ორივე ანტიგენი, შრატში ანტისხეულები არ არის („უნივერსალური მიმღები“);
• 0 (O) ჯგუფი - ერითროციტებს არც A და არც B ანტიგენი არ გააჩნია, შრატში გვხვდება ორივე - anti-A და anti-B („უნივერსალური დონორი“ ერითროციტული მასისთვის).
რეზუს (Rh) ფაქტორი ეფუძნება ერითროციტების ზედაპირზე D ანტიგენის (RhD) არსებობას:
• Rh+ (დადებითი) - D ანტიგენი არსებობს;
• Rh- (უარყოფითი) - D ანტიგენი არ არის.
ABO და Rh შეუთავსებლობამ სისხლის გადასხმის დროს შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ჰემოლიზური რეაქცია - სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. ხოლო Rh-უარყოფითი დედის Rh-დადებითი ნაყოფით ორსულობამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის ჰემოლიზური დაავადება (HDFN - Hemolytic Disease of the Fetus and Newborn), რომლის პრევენციისთვის გამოიყენება ანტი-D იმუნოგლობულინი (RhoGAM).
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ან მასიური ტრანსფუზიის შემდეგ ABO და Rh ფაქტორი შესაძლოა შეიცვალოს, რაც გასათვალისწინებელია.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• სისხლის ან სისხლის კომპონენტების გადასხმის წინ;
• ნებისმიერი დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის წინ;
• ორსულობის დადგომისთანავე - ორსული ქალის ABO და Rh ფაქტორის სავალდებულო განსაზღვრა;
• Rh-უარყოფითი დედის შემთხვევაში - ბავშვის მამის და ნაყოფის Rh-სტატუსის დადგენა;
• ნაყოფის ჰემოლიზური დაავადების (HDFN) რისკის შეფასება;
• Rh-უარყოფითი ორსულის ანტი-D იმუნოგლობულინით პროფილაქტიკის წინ;
• ახალშობილის (განსაკუთრებით - Rh-უარყოფითი დედის ბავშვის) სკრინინგი;
• ორგანოთა ან ქსოვილოვანი ტრანსპლანტაციის წინ;
• ჰემოლიზური რეაქციის ეჭვის შემთხვევაში;
• დონორთა სკრინინგი;
• პერსონალური სამედიცინო ჩანაწერის ფორმირება (პასპორტში სისხლის ჯგუფის მითითებისთვის);
• პატერნიტეტის (მამობის) კვლევის შემადგენელი ნაწილი.
ინტერპრეტაცია
კვლევის შედეგი მოიცავს ABO ჯგუფისა და Rh ფაქტორის განსაზღვრას. შესაძლებელია 8 კომბინაცია:
• A Rh+ (დადებითი)
• A Rh- (უარყოფითი)
• B Rh+ (დადებითი)
• B Rh- (უარყოფითი)
• AB Rh+ (დადებითი)
• AB Rh- (უარყოფითი)
• 0 (O) Rh+ (დადებითი)
• 0 (O) Rh- (უარყოფითი)
ABO ჯგუფების გავრცელება მოსახლეობაში (ევროპა და კავკასიის რეგიონი):
• 0 ჯგუფი - დაახლოებით 35-45%;
• A ჯგუფი - დაახლოებით 35-40%;
• B ჯგუფი - დაახლოებით 15-20%;
• AB ჯგუფი - დაახლოებით 5-10%;
• Rh-დადებითი - დაახლოებით 85%, Rh-უარყოფითი - დაახლოებით 15%.
ჰემოტრანსფუზიის წესი:
• 0 (O) Rh- - უნივერსალური დონორი ერითროციტული მასისთვის;
• AB Rh+ - უნივერსალური მიმღები ერითროციტული მასისთვის;
• AB ჯგუფი - უნივერსალური დონორი პლაზმისთვის;
• 0 ჯგუფი - უნივერსალური მიმღები პლაზმისთვის.
ორსულობის მართვის თვალსაზრისით:
• Rh-უარყოფითი ქალი + Rh-დადებითი მამა → ნაყოფის ჰემოლიზური დაავადების რისკი;
• ანტი-D პროფილაქტიკა (RhoGAM) ინიშნება ორსულობის 28-ე კვირაზე და მშობიარობიდან 72 საათში (Rh-დადებითი ნაყოფის შემთხვევაში);
• ABO შეუთავსებლობა (დედა - 0, ნაყოფი - A ან B) - შესაძლოა ახალშობილის მსუბუქი ჰემოლიზური დაავადების მიზეზი გახდეს.
მნიშვნელოვანია - სისხლის გადასხმის წინ ცალკე ტარდება ჯვარედინი (cross-match) ტესტი, რომელიც აფასებს სხვა მინორ ანტიგენებსაც, რათა შემცირდეს გართულებების ალბათობა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• კუმბსის პირდაპირი რეაქცია (DAT);
• ერითროციტების საწინააღმდეგო IgG კლასის ანტისხეულების სკრინინგი სისხლში;
• ჯვარედინი ტესტი (Cross-match) - სისხლის გადასხმის წინ;
• სისხლის ჯგუფისა და რეზუს ფაქტორის განსაზღვრა (ABO/Rh);
• ანტი-D ტიტრის განსაზღვრა Rh-უარყოფით ორსულებში;
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• რეტიკულოციტების განსაზღვრა სისხლში (RET);
• ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Blood Typing
• mayocliniclabs.com - ABO/Rh, Blood
• ncbi.nlm.nih.gov - ABO Blood Group System (StatPearls)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.