კვლევის შესახებ
ანტიკარდიოლიპინის (aCL) IgG კლასის ანტისხეულები წარმოადგენს ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების ჯგუფის ყველაზე კლინიკურად მნიშვნელოვან წარმომადგენელს. ისინი მიმართულია უჯრედის მემბრანის ფოსფოლიპიდების, კარდიოლიპინისა და მასთან ასოცირებული ცილის β2-გლიკოპროტეინ I-ის (β2-GPI) მიმართ.
aCL IgG ანტისხეულები უფრო მეტად სპეციფიკურია ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის (APS) მიმართ, ვიდრე IgM, და მათი მაღალი ტიტრი კლინიკურად მნიშვნელოვანი რისკფაქტორია თრომბოზული მოვლენებისა და აკუშერული გართულებებისთვის.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი არის ავტოიმუნური დაავადება, რომელიც ხასიათდება რეციდივული არტერიული და ვენური თრომბოზებით, აკუშერული გართულებებით (განმეორებადი აბორტები, ინტრაუტერინული ნაყოფის სიკვდილი, ნაადრევი მშობიარობა, პრეეკლამფსია) და თრომბოციტოპენიით. APS შესაძლოა იყოს პირველადი (იზოლირებული) ან მეორადი - სისტემური წითელი მგლურისა (SLE) და სხვა ავტოიმუნური დაავადებების ფონზე.
სიდნეის კრიტერიუმების თანახმად, APS-ის დიაგნოზისთვის საჭიროა ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების გამოვლენა საშუალო ან მაღალი ტიტრით, დადასტურებული ორი დამოუკიდებელი კვლევით 12-კვირიანი ინტერვალით. ამით გამოირიცხება გარდამავალი, ინფექციური ან მედიკამენტოზურად გამოწვეული ცრუ-დადებითი შედეგი.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• რეციდივული არტერიული ან ვენური თრომბოზები (განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში);
• გაურკვეველი ეტიოლოგიის ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა (TIA);
• ფილტვის არტერიის ემბოლია გაურკვეველი მიზეზით;
• ქალთა აკუშერული პათოლოგიები (განმეორებადი აბორტები, ინტრაუტერინული ნაყოფის სიკვდილი, ნაადრევი მშობიარობა, მძიმე პრეეკლამფსია);
• თრომბოციტოპენია გაურკვეველი ეტიოლოგიით;
• ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის (APS) ეჭვი;
• სისტემური წითელი მგლურა (SLE) და სხვა ავტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტების შეფასება;
• ლივედო რეტიკულარისი;
• მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია;
• ნევროლოგიური გამოვლინებები (ქორეა, მიგრენი, მიელიტი);
• გახანგრძლივებული APTT გაურკვეველი ეტიოლოგიით;
• ცრუ-დადებითი სიფილისის რეაქცია (VDRL).
ინტერპრეტაცია
Anti-Cardiolipin IgG-ის მაღალი (დადებითი) მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (პირველადი ან მეორადი);
• სისტემური წითელი მგლურა (SLE);
• სიჯოგრენის სინდრომი;
• რევმატოიდული ართრიტი;
• სისტემური სკლეროდერმა;
• ავტოიმუნური ჰეპატიტი;
• ინფექციური დაავადებები (სიფილისი, HIV, C ჰეპატიტი, მალარია, ლაიმის დაავადება, მიკოპლაზმური ინფექცია);
• მედიკამენტოზური რეაქციები (ფენოთიაზინები, ფენიტოინი, პროკაინამიდი, ჰიდრალაზინი, ქინიდინი, ორალური კონტრაცეპტივები);
• ავთვისებიანი სიმსივნეები;
• ხანდაზმული ასაკი (დაბალი ტიტრით, ფიზიოლოგიური მომატება).
aCL IgG-ის მაღალი ტიტრი ასოცირდება:
• თრომბოზული მოვლენების მომატებულ რისკთან;
• აკუშერული გართულებების გაზრდილ ალბათობასთან;
• APS-ის უფრო აგრესიულ კლინიკურ მიმდინარეობასთან.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოსტიკა მოითხოვს:
1. კლინიკური კრიტერიუმის არსებობას (თრომბოზი ან აკუშერული გართულება);
2. ლაბორატორიული კრიტერიუმის დადასტურებას - საშუალო ან მაღალი ტიტრის ანტისხეულები, დადასტურებული ორი კვლევით 12-კვირიანი ინტერვალით.
რეკომენდებულია ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების კომპლექსური შეფასება: aCL IgG და IgM, β2-GPI IgG/IgM, ლუპუს-ანტიკოაგულანტი.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgM (Anti-Cardiolipin IgM);
• ანტიბეტა 2 გლიკოპროტეინი IgG (Anti β -2 Glycoprotein IgG);
• ანტიბეტა 2 გლიკოპროტეინი IgM (Anti β -2 Glycoprotein IgM);
• მგლურას ანტიკოაგულანტის განსაზღვრა სისხლში (Lupus anticoagulant, LA);
• ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA);
• ორჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-dsDNA IgG);
• კომპლემენტის C3 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C3);
• კომპლემენტის C4 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C4);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• კოაგულოგრამა (PT, PI, INR, aPTT, Fibrinogen);
• D-დიმერის განსაზღვრა სისხლში (D-dimer);
• ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში (HCY);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Antiphospholipid syndrome (MedlinePlus Genetics)
• mayocliniclabs.com - Phospholipid (Cardiolipin) Antibodies, IgG and IgM, Serum
• ncbi.nlm.nih.gov - Antiphospholipid Syndrome (StatPearls)
• arupconsult.com - Antiphospholipid Syndrome - APS - Choose the Right Test
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.