კვლევის შესახებ
იმუნოჰისტოქიმია (Immunohistochemistry, IHC) არის ლაბორატორიული მეთოდი, რომელიც ქსოვილის სექციაში (ჭრილში) ავლენს სპეციფიკურ ცილებს (ანტიგენებს) ანტისხეულების გამოყენებით. ანტისხეული უკავშირდება სამიზნე ცილას, ხოლო ფერმენტული ნიშნული (ვიზუალიზატორი) მიკროსკოპის ქვეშ ხილულს ხდის ამ რეაქციას.
ერთი იმუნოჰისტოქიმიური პრეპარატის დამზადება გულისხმობს ერთი კონკრეტული მარკერით (ერთი ანტისხეულით) შეღებილი ერთი ქსოვილოვანი პრეპარატის მომზადებას. ეს ცალკეული მარკერი ემატება პათოლოგის მიერ შერჩეულ დიაგნოსტიკურ პანელს, ნეოპლაზიური ან სხვა პათოლოგიური პროცესის ბუნების დასაზუსტებლად.
იმუნოჰისტოქიმიური მარკერები საშუალებას აძლევს პათოლოგს, დაადგინოს უჯრედების ჰისტოგენეზი, განასხვაოს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესი, დაადგინოს სიმსივნის მოლეკულური ქვეტიპი და შეაფასოს პროგნოზული თუ თერაპიული მიზნებისთვის მნიშვნელოვანი მარკერები. თითოეული მარკერი ირჩევა ინდივიდუალურად, კონკრეტული დიაგნოსტიკური ამოცანის შესაბამისად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• სიმსივნის წარმოშობისა და ქვეტიპის დაზუსტება;
• კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესის გარჩევა;
• პირველადი და მეტასტაზური სიმსივნის დიფერენცირება;
• უცნობი წარმოშობის სიმსივნის (CUP) პირველადი კერის ძიება;
• ჰორმონული რეცეპტორებისა და სამიზნე თერაპიის მარკერების შეფასება;
• პროლიფერაციული აქტივობის (მაგ., Ki-67) შეფასება;
• ინფექციური აგენტების (მაგ., ვირუსების, ბაქტერიების) გამოვლენა ქსოვილში;
• უკვე არსებული დიაგნოსტიკური პანელის შესავსებად დამატებითი ცალკეული მარკერის საჭიროებისას.
ინტერპრეტაცია
იმუნოჰისტოქიმიური (IHC) კვლევის შედეგი არის თვისობრივი (აღწერითი) — ფასდება, გამოხატავს თუ არა ქსოვილი/უჯრედი კონკრეტულ მარკერს და რა ლოკალიზაციით (ბირთვული, ციტოპლაზმური ან მემბრანული) და ინტენსივობით ვლინდება ის.
დადებითი შეღებვა მიუთითებს, რომ ქსოვილში გამოვლინდა შესაბამისი ცილა (ანტიგენი), რაც პათოლოგს ეხმარება უჯრედების ჰისტოგენეზის, დიფერენცირების ხარისხისა და ნეოპლაზიური პროცესის ტიპის დადგენაში.
უარყოფითი შეღებვა მიუთითებს, რომ შესაბამისი მარკერი არ გამოვლენილა. ცალკეული მარკერის შედეგი იშვიათად არის დიაგნოსტიკურად საკმარისი – იგი ინტერპრეტირდება მთლიანი მარკერული პანელის, ქსოვილის მორფოლოგიისა (H&E) და კლინიკური მონაცემების კონტექსტში.
თითოეული მარკერის დიაგნოსტიკური მნიშვნელობა დამოკიდებულია კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევასა და სხვა მარკერების შედეგების ერთობლიობაზე.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიცისტის მიერ პაციენტის ანამნეზურ მონაცემებთან და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგებთან კომპლექსურად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• იმუნოჰისტოქიმიური მარკერული პანელი (რამდენიმე მარკერი ერთად);
• იმუნოციტოქიმიური გამოკვლევა (ციტოლოგიურ მასალაში);
• Her2-ის ამპლიფიკაციის განსაზღვრა in situ ჰიბრიდიზაციის მეთოდით;
• მოლეკულურ-გენეტიკური კვლევები (PCR, NGS - ჩვენების მიხედვით);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• შესაბამისი სიმსივნური მარკერები სისხლში (CEA, CA 15-3, CA 125, CA 19-9 - ლოკალიზაციის მიხედვით).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• ncbi.nlm.nih.gov - Immunohistochemistry: principles and clinical applications
• pubmed.ncbi.nlm.nih.gov - Immunohistochemistry in diagnostic surgical pathology
• ihcworld.com - Introduction to Immunohistochemistry
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ალეკო ხარებაშვილი - ჰისტოპათოლოგიის განყოფილების უფროსი, პათოლოგანატომი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.