კვლევის შესახებ
იმუნოგლობულინი G2 (IgG2) არის G კლასის ანტისხეულის ოთხი ქვეკლასიდან ერთ-ერთი. იმუნოგლობულინი G (IgG) სისხლში ყველაზე გავრცელებული ანტისხეულია და იყოფა ქვეკლასებად - IgG1, IgG2, IgG3 და IgG4.
IgG2 მთლიანი IgG-ის დაახლოებით 20-30%-ს შეადგენს და სიხშირით მეორე ქვეკლასია IgG1-ის შემდეგ. მისი ძირითადი ფუნქციაა იმუნური პასუხის უზრუნველყოფა ბაქტერიების პოლისაქარიდული (ნახშირწყლოვანი) გარსის ანტიგენების წინააღმდეგ - ეს ეხება ე.წ. კაფსულიან ბაქტერიებს, როგორებიცაა პნევმოკოკი და B ტიპის ჰემოფილური ჩხირი.
IgG2-ის დონე ნელა იზრდება და მოზრდილის მაჩვენებელს დაახლოებით 10 წლის ასაკისთვის აღწევს, რის გამოც მცირეწლოვან ბავშვებში მისი დაბალი დონე ხშირად ფიზიოლოგიურია.
IgG2-ის განსაზღვრა IgG ქვეკლასების დეფიციტის დიაგნოსტიკის ნაწილია. IgG2-ის დეფიციტი ყველაზე ხშირი და კლინიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეკლასური დეფიციტია, რომელიც კაფსულიანი ბაქტერიებით გამოწვეულ განმეორებით ინფექციებს უკავშირდება.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ხშირი ან მძიმე ბაქტერიული ინფექციები - განსაკუთრებით სინუსიტი, ოტიტი, პნევმონია;
• კაფსულიანი ბაქტერიებით (პნევმოკოკი, ჰემოფილური ჩხირი) გამოწვეული განმეორებითი ინფექციები;
• იმუნოდეფიციტის ეჭვი ნორმალური მთლიანი IgG-ის, IgA-სა და IgM-ის ფონზე;
• იმუნოგლობულინ A-ს დეფიციტი (IgA), რომელიც ხშირად IgG2-ის დეფიციტს ერთვის;
• IgG ქვეკლასების სრული პანელის ნაწილად (IgG1, IgG2, IgG3, IgG4);
• ვაქცინაციაზე (განსაკუთრებით - პოლისაქარიდულ ვაქცინებზე) იმუნური პასუხის შეფასების დამხმარე გამოკვლევა;
• უკვე გამოვლენილი დაბალი IgG2-ის გადამოწმება დინამიკაში.
ინტერპრეტაცია
IgG2-ის შედეგი ფასდება თვისობრივად – IgG2-ის დონე ფასდება როგორც ნორმალური, დაქვეითებული ან მომატებული, ასაკობრივი ნორმების გათვალისწინებით.
IgG2-ის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა ასოცირდებოდეს:
• IgG2 ქვეკლასის იზოლირებულ დეფიციტთან;
• კაფსულიანი ბაქტერიებით გამოწვეულ რეციდივულ რესპირაციულ ინფექციებთან (სინუსიტი, ოტიტი, პნევმონია);
• იმუნოგლობულინ A-ს (IgA) თანმხლებ დეფიციტთან;
• პოლისაქარიდულ ანტიგენებზე სუსტ ან არასაკმარის ანტისხეულოვან პასუხთან;
• უფრო ფართო იმუნოდეფიციტურ მდგომარეობებთან, მათ შორის – საერთო ცვალებად იმუნოდეფიციტთან (CVID);
• მცირეწლოვან ბავშვებში – იმუნური სისტემის მომწიფების ფიზიოლოგიურ თავისებურებასთან.
IgG2-ის მომატებული მაჩვენებელი:
IgG ქვეკლასების მომატება ჩვეულებრივ არასპეციფიკურია და გვხვდება ქრონიკული ინფექციების, ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებების ფონზე (პოლიკლონური მომატება).
მნიშვნელოვანია, რომ ცალკეული ქვეკლასის მცირედი დაქვეითება ყოველთვის არ ნიშნავს დაავადებას – IgG2-ის დეფიციტს კლინიკური მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როცა ის ხშირ ინფექციებთან ერთად გვხვდება. შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს მთლიანი იმუნოგლობულინების, ვაქცინაციაზე იმუნური პასუხისა და პაციენტის ინფექციური ანამნეზის ერთობლიობაში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• იმუნოგლობულინ G-ის განსაზღვრა სისხლში (IgG);
• იმუნოგლობულინ A-ის განსაზღვრა სისხლში (IgA);
• იმუნოგლობულინ M-ის განსაზღვრა სისხლში (IgM);
• იმუნოგლობულინ E-ის განსაზღვრა სისხლში (IgE);
• შრატის ცილების ელექტროფორეზი (SPEP);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• ვაქცინაციის შემდგომი სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრა (ანტი-პნევმოკოკური, ანტი-ჰემოფილური).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• mayocliniclabs.com - IgG Subclasses, Serum
• labcorp.com - Immunoglobulin G, Subclasses (1-4)
• ncbi.nlm.nih.gov - Reappraisal of IgG subclass deficiencies
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.