20 ინჰალაციური ალერგენი

20 ინჰალაციური ალერგენი

ფასი: 135 ₾

კვლევის შესახებ

20 ინჰალაციური ალერგენის პანელი (20 Inhalant Allergens) არის სისხლის სეროლოგიური გამოკვლევა, რომელიც ერთდროულად ზომავს ალერგენ-სპეციფიკურ იმუნოგლობულინ E-ს (sIgE) 20 ყველაზე გავრცელებული აეროალერგენის მიმართ. ინჰალაციური ალერგენები ორგანიზმში სასუნთქი გზებით ხვდება - ჩასუნთქვისას.

ალერგია ვითარდება მაშინ, როცა იმუნური სისტემა უვნებელ ნივთიერებას (ალერგენს) მავნე ფაქტორად აიდენტიფიცირებს და მის წინააღმდეგ IgE ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ხელახალი შეხებისას ეს ანტისხეულები იწვევენ ჰისტამინის გამოთავისუფლებას, რაც ალერგიულ სიმპტომებს განაპირობებს.

პანელში ჩვეულებრივ შედის ხეების, მარცვლოვანი ბალახებისა და სარეველების მტვერი, სახლის მტვრის ტკიპები, ობის სოკოს სპორები და შინაური ცხოველების ეპითელიუმი. სწორედ ეს ალერგენებია ალერგიული რინიტის (ცხვირის ალერგია), ალერგიული კონიუნქტივიტისა და ალერგიული ასთმის ხშირი მიზეზი.

სისხლში sIgE-ის განსაზღვრა განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა კანის სინჯების (პრიკ-ტესტი) ჩატარება შეუძლებელია - გავრცელებული დერმატოზების, ანტიჰისტამინური მკურნალობის ან ანაფილაქსიის მაღალი რისკის დროს.

sIgE-ის დონე მიუთითებს მხოლოდ სენსიბილიზაციაზე (მგრძნობელობაზე) და არ განსაზღვრავს ალერგიის სიმძიმეს - შედეგი აუცილებლად უნდა შეფასდეს კლინიკურ სიმპტომებთან ერთად.

პანელი შედგება:

ბალახები (Grass):

• g1 - სურნელოვანი მრავალთავა (Sweet Vernal Grass);

• g3 - სათითურა (Orchard Grass);

• g6 - ტიმოთი (Timothy Grass);

• g12 - კულტივირებული ჭვავი (Cultivated Grass).

ხეები (Trees):

• t2 - მურყანი (Alder);

• t3 - არყის ხე (Birch);

• t4 - თხილის ხე (Hazel);

• t7 - მუხის ხე (Oak).

სარეველა მცენარეები (Weeds):

• w1 - ამბროზია (Common Ragweed);

• w6 - აბზინდა (Mugwort);

• w9 - მრავალძარღვა (English Plantain).

ტკიპები (Mites):

• d1 - ტკიპა-Der.Pteronyssinus;

• d2 - ტკიპა-Der. Farinae.

ცხოველები (Animals):

• e1 - კატა (Cat);

• e2 - ძაღლი (Dog);

• e3 - ცხენი (Horse).

სოკოები და ობი (Molds & Fungi):

• m1 - სოკო-Penicillium notatum;

• m2 - სოკო-Cladosporium herbarum;

• m3 - სოკო-Aspergillus fumigatus;

• m6 - მცენარის პარაზიტი სოკო-Alternaria alternata.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ალერგიული რინიტის სიმპტომები (ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის დახშობა, ცხვირისა და თვალების ქავილი);

• ალერგიული ასთმის ან ქრონიკული ხველის ეჭვი;

• სეზონური ან მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე სასუნთქი სიმპტომები;

• ალერგენ-გამომწვევი ფაქტორის ზუსტი იდენტიფიკაცია მისი თავიდან აცილების ან იმუნოთერაპიის (ალერგენ-სპეციფიკური მკურნალობის) დასაგეგმად;

• როცა კანის სინჯი უკუნაჩვენებია ან შეუძლებელია (გავრცელებული დერმატიტი, დერმოგრაფიზმი, ანტიჰისტამინების შეუწყვეტელი მიღება, ანაფილაქსიის მაღალი რისკი);

• ბავშვებში განმეორებითი სასუნთქი სიმპტომების შეფასება;

• ატოპიური ანამნეზი (ეგზემა/ატოპიური დერმატიტი, ალერგიის ოჯახური ანამნეზი).

ინტერპრეტაცია

ალერგენ-სპეციფიკური IgE-ის მომატება (დადებითი შედეგი):

• მიუთითებს ორგანიზმის სენსიბილიზაციაზე კონკრეტული ალერგენის მიმართ;

• რაც უფრო მაღალია მოცემული ალერგენის sIgE-ის ტიტრი, მით უფრო სავარაუდოა კლინიკურად მნიშვნელოვანი ალერგია, თუმცა მაღალი მაჩვენებელი ყოველთვის არ ნიშნავს სიმპტომების არსებობას (სენსიბილიზაცია არ უდრის ალერგიას);

• დადებითი შედეგი ადასტურებს მგრძნობელობას, მაგრამ არ განსაზღვრავს ალერგიის სიმძიმეს ან ანაფილაქსიის განვითარების რისკს;

• გასათვალისწინებელია ცრუ-დადებითი შედეგის შესაძლებლობა ჯვარედინი რეაქტიულობის, ან საერთო IgE-ის მაღალი მაჩვენებლის (მაგ., პარაზიტული ინფექცია, თამბაქოს მოხმარება) ფონზე.

ალერგენ-სპეციფიკური IgE-ის დაბალი ან გამოუვლენელი დონე (უარყოფითი შედეგი):

• ამცირებს ამ ალერგენის მიმართ IgE-შუამავლობითი ალერგიის ალბათობას, თუმცა სრულად არ გამორიცხავს მას (განსაკუთრებით ლოკალური ალერგიული რინიტის შემთხვევაში);

• უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს არა-IgE მექანიზმით განვითარებულ რეაქციებს.

შედეგი ინტერპრეტირდება მხოლოდ ალერგენთან კონტაქტისას განვითარებულ სიმპტომებთან მიმართებაში.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

• კვლევის ჩატარებამდე არ არის რეკომენდებული ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება.

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

5 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Allergy Blood Test

my.clevelandclinic.org - Allergy Blood Test

testing.com - Allergy Blood Testing

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone