კვლევის შესახებ
მულტიორგანული მასალის ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა არის ერთი ქირურგიული ჩარევის ფარგლებში ამოღებული, სხვადასხვა ორგანოს ან სისტემის ქსოვილების იზოლირებული მიკროსკოპული გამოკვლევა, რომელსაც ატარებს ექიმი-პათოლოგი.
ზოგ შემთხვევაში ერთი ოპერაცია მოიცავს რამდენიმე ორგანოს ან ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სისტემის (მაგ., საჭმლის მომნელებელი, შარდ-სასქესო, რესპირატორული) ქსოვილებს. თითოეული ორგანო ფასდება ინდივიდუალურად, საკუთარი დიაგნოზით, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს დაავადების გავრცელება სხვადასხვა სისტემაში ან რამდენიმე პათოლოგიური პროცესის თანაარსებობა (კომორბიდობა).
თითოეული ნიმუში გადის ფიქსაციის, დამუშავების, პარაფინში ჩაყალიბების, სექციების მომზადებისა და შეღებვის (H&E) ეტაპებს. დასკვნაში თითოეული ორგანო/სისტემა იზოლირებულად და სტრუქტურულად არის აღწერილი.
მულტიორგანული გამოკვლევა იძლევა დაავადების სისტემურ სურათს - ის ავლინებს, ლოკალურია თუ რამდენიმე სისტემაზე გავრცელებული პროცესი, რაც გადამწყვეტია თერაპიული ტაქტიკის დაგეგმვისთვის.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ოპერაცია, რომელიც მოიცავს რამდენიმე ორგანოს ან სხვადასხვა სისტემის ქსოვილებს;
• სიმსივნის სხვა ორგანოებსა და სისტემებში გავრცელების (მეტასტაზების) შესაფასებლად;
• სისტემური დაავადების (მაგ., აუტოიმუნური, ინფექციური) მრავალორგანული გავლენის შესაფასებლად;
• რამდენიმე დამოუკიდებელი პათოლოგიური პროცესის ერთდროულად დასადგენად;
• კომპლექსური ქირურგიული რეზექციების სრული ჰისტოპათოლოგიური შეფასებისთვის;
• შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) განსასაზღვრად.
ინტერპრეტაცია
პათომორფოლოგიური დასკვნა მულტიორგანული ბიოფსიის ან აუტოფსიური მასალის შემთხვევაში აღწერს თითოეული ორგანოსა და სისტემის ნიმუშის მიკროსკოპულ მორფოლოგიას ინდივიდუალურად და აყალიბებს დიაგნოზს თითოეული მათგანისთვის. შედეგი თითოეული ორგანოსთვის კლასიფიცირდება შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ნორმა: შესაბამის ორგანოში პათოლოგიური ცვლილებები არ ფიქსირდება.
კეთილთვისებიანი ცვლილებები: ანთებითი, სპეციფიკური ინფექციური, რეაქტიული ან კეთილთვისებიანი ნეოპლაზიური პროცესები.
წინასიმსივნური (პრემალიგნური) ცვლილებები: დისპლასტიკური ან სხვა პათოლოგიური პროცესები, რომლებიც ზრდის ავთვისებიანი ნეოპლაზიის განვითარების რისკს და საჭიროებს დინამიკურ მეთვალყურეობას ან აქტიურ ინტერვენციას.
ავთვისებიანი (მალიგნური) ცვლილებები: პათოლოგიური უჯრედები, რომლებიც გამოვლენილია ერთ ან რამდენიმე ორგანოში. სხვადასხვა ორგანოს პათომორფოლოგიური სურათის შედარებითი ანალიზი საშუალებას იძლევა შეფასდეს ნეოპლაზიური პროცესის ბუნება — არის თუ არა იგი პირველადი თუ მეტასტაზური, და რა მასშტაბით არის გავრცელებული სისტემურ დონეზე.
თითოეული ორგანოს მორფოლოგიური შედეგი უნდა განიხილებოდეს ერთიან კლინიკურ კონტექსტში, ვინაიდან ისინი ხშირად ფუნქციურად თუ პათოლოგიურად ურთიერთდაკავშირებულია.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიცისტის მიერ პაციენტის ანამნეზურ მონაცემებთან და სხვა დიაგნოსტიკური კვლევების შედეგებთან კომპლექსურად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• იმუნოჰისტოქიმიური კვლევა (IHC);
• მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა (PCR, FISH);
• სიმსივნური მარკერები (სიმსივნის ეჭვის შემთხვევაში): კანცეროემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (CEA), ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP), კარბოჰიდრატული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში CA 125;
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• clevelandclinic.org - Pathology Report
• hopkinsmedicine.org - Biopsy Report
• ncbi.nlm.nih.gov - Histology, Staining (StatPearls)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ალეკო ხარებაშვილი - ჰისტოპათოლოგიის განყოფილების უფროსი, პათოლოგანატომი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.