კვლევის შესახებ
პანკრეასული ამილაზა (P-ამილაზა) არის ფერმენტი, რომელიც ძირითადად პანკრეასის ეგზოკრინული ნაწილის უჯრედებში სინთეზირდება და პასუხისმგებელია ნახშირწყლების (სახამებლის, გლიკოგენის) მარტივ შაქრებად დაშლაზე. ამილაზას საერთო მაჩვენებელი სისხლში შედგება ორი იზოფერმენტისგან: პანკრეასული (P-ამილაზა) და სანერწყვე ჯირკვლის (S-ამილაზა).
P-ამილაზას განსაზღვრა უფრო სპეციფიკურია პანკრეასის პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის, ვიდრე საერთო ამილაზა, რადგან მისი დონე არ იცვლება სანერწყვე ჯირკვლების დაავადებებისა ან სხვა ექსტრაპანკრეასული მიზეზების დროს.
P-ამილაზას დონე სისხლში სწრაფად იმატებს მწვავე პანკრეატიტის დროს - სიმპტომების გამოვლინებიდან 2-12 საათში და ნორმას უბრუნდება 3-5 დღის განმავლობაში. ამიტომ კვლევა განსაკუთრებით ღირებულია მწვავე მდგომარეობების სადიაგნოსტიკოდ. ქრონიკული პანკრეატიტის მოწინავე სტადიაზე, პირიქით, ამილაზას დონე შესაძლოა დაქვეითდეს ჯირკვლის ფუნქციური მარაგის ამოწურვის გამო.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ზედა მუცლის ძლიერი ტკივილი (განსაკუთრებით ეპიგასტრიუმში, ზურგისკენ გავრცელებით);
• გულისრევა, ხშირი ღებინება;
• მუცლის შებერილობა, მადის დაკარგვა;
• მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტის ეჭვი;
• პანკრეატიტის მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგი;
• ნაღვლოვანი გზების პათოლოგიები (ქოლელითიაზი, ქოლედოქოლითიაზი);
• ERCP-ის შემდგომი გართულებების მონიტორინგი;
• მუცლის არეში ტრავმის შემდეგ;
• პანკრეასის სიმსივნეების ეჭვის დროს.
ინტერპრეტაცია
P-ამილაზას მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• მწვავე პანკრეატიტი (დონე 3-ჯერ და მეტად აღემატება ნორმის ზედა ზღვარს);
• ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება;
• პანკრეასის ფსევდოცისტა;
• პანკრეასის სიმსივნე;
• ნაღვლის ბუშტის დაავადებები (ქოლეცისტიტი, ქოლელითიაზი);
• ქოლედოქოლითიაზი (ნაღვლის საერთო სადინარის ქვა);
• ERCP-ის შემდგომი პანკრეატიტი;
• მუცლის ტრავმა პანკრეასის დაზიანებით;
• ნაწლავის პერფორაცია ან ობსტრუქცია;
• მეზენტერიული იშემია/ინფარქტი;
• ქალის სასქესო ორგანოების პათოლოგიები (საშვილოსნოსგარე ორსულობა, საკვერცხის ცისტის გასკდომა);
• მაკროამილაზემია.
P-ამილაზას დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• ქრონიკული პანკრეატიტის მოწინავე სტადია (პანკრეასის ფუნქციის ამოწურვა);
• მუკოვისციდოზი (ცისტური ფიბროზი);
• პანკრეასის რესექციის შემდგომი მდგომარეობა;
• ღვიძლის მძიმე პათოლოგიები.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ლიპაზას განსაზღვრა სისხლში (Lipase);
• ალფა-ამილაზას განსაზღვრა სისხლში (α-Amylase);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);
• კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca);
• საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig);
• ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Na⁺, K⁺, Ca²⁺, Cl⁻);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა);
• კვლევის ჩატარებამდე არ მოიხმაროთ ალკოჰოლი მინიმუმ 24 საათით ადრე;
• აცნობეთ ექიმს მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპიის შესახებ (განსაკუთრებით ოპიოიდები, შარდმდენები, ორალური კონტრაცეპტივები);
• გადაუდებელი შემთხვევების დროს კვლევა სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Amylase Test
• medlineplus.gov - Amylase - blood
• emedicine.medscape.com - Amylase: Reference Range, Interpretation
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.