კვლევის შესახებ
იმუნოგლობულინი E (IgE) არის ანტისხეულების ერთ-ერთი კლასი - ცილა, რომელსაც იმუნური სისტემა სინთეზირებს ორგანიზმის დასაცავად. IgE-ის ძირითადი როლი ალერგიული რეაქციებისა და პარაზიტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაა.
ორგანიზმი წარმოქმნის IgE-ის მრავალ სხვადასხვა ფორმას, რომელთაგან თითოეული სპეციფიკურია კონკრეტული ალერგენის (ნივთიერების, რომელიც იწვევს ალერგიულ პასუხს) მიმართ. საერთო IgE-ის განსაზღვრა ზომავს სისხლში IgE-ის ყველა ფორმის ჯამურ რაოდენობას, მაგრამ არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელი ალერგენის მიმართ არის ის წარმოქმნილი.
IgE-ის უმეტესობა დაკავშირებულია იმუნური უჯრედების - მასტუჯრედების და ბაზოფილების - ზედაპირთან. ალერგენთან კონტაქტისას ეს უჯრედები გამოყოფენ ჰისტამინსა და სხვა ნივთიერებებს, რაც იწვევს ალერგიის ტიპურ სიმპტომებს: ცხვირის გაჭედვას, ქავილს, გამონაყარს, სუნთქვის გაძნელებას.
საერთო IgE-ის მომატება შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული დაავადებების (ალერგიული რინიტი, ასთმა, ატოპიური დერმატიტი), პარაზიტული ინფექციებისა და ზოგიერთი იმუნური დარღვევის დროს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნორმალური საერთო IgE სრულად არ გამორიცხავს ალერგიას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ალერგიული რეაქციის ნიშნების არსებობისას: ცხვირის გაჭედვა ან სურდო, ცემინება, თვალების ქავილი და ცრემლდენა, კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება;
• ატოპიური დერმატიტის (ეგზემის) დროს;
• ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგეგმვისას, განსაკუთრებით - ალერგიულ ასთმასთან დაკავშირებით;
• ალერგიული რინიტის დროs;
• პარაზიტული ინფექციის ეჭვის შემთხვევაში;
• ზოგიერთი იმუნური დარღვევის ეჭვის შემთხვევაში;
• ალერგიული სოკოვანი ინფექციების (მაგ. ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზის) ეჭვის დროს;
• ალერგიული დაავადების მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.