კვლევის შესახებ
გლიკირებული ჰემოგლობინი (HbA1c) არის ადამიანის ჰემოგლობინის (Hb) მცირე კომპონენტი, რომელიც წარმოიქმნება არაფერმენტულად, გლუკოზის კონდენსაციით ჰემოგლობინ A-ს ბეტა-ჯაჭვებთან.
გლიკირებული (გლიკოზირებული) ჰემოგლობინის (HbA1c) დონე ასახავს გლუკოზის საშუალო კონცენტრაციას წინა პერიოდის განმავლობაში (დაახლოებით 8-12 კვირა, ინდივიდიდან გამომდინარე) და გაცილებით უკეთეს მაჩვენებელს იძლევა გლიკემიური კონტროლის ხანგრძლივი პერიოდის შესახებ, ვიდრე სისხლსა და შარდში გლუკოზის განსაზღვრა. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც სისხლში გლუკოზის ძალიან მაღალი კონცენტრაცია აქვთ, 2-3-ჯერ მეტი HbA1c აღენიშნებათ, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებს.
HbA1c-ის გაზომვას დღეს ფართოდ იყენებენ როგორც დიაბეტის სკრინინგის დროს, ასევე შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში სისხლში გლუკოზის გრძელვადიანი კონტროლის მიზნით. გლიკირებული ჰემოგლობინი გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ შაქრიანი დიაბეტის კომპენსირების ხარისხი ბოლო 3 თვის განმავლობაში.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• დიაბეტის სკრინინგისა და დიაგნოსტირებისას;
• დიაბეტის მკურნალობის მონიტორინგის დროს;
• დიაბეტის გართულებების განვითარების რისკის შეფასებისას.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.