ანემია

რეტიკულოციტების განსაზღვრა სისხლში (RET); ტრანსფერინის განსაზღვრა სისხლში (Transferrin); რკინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Iron); ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12); სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR); ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin); ფოლიუმის მჟავა (Folate)


კვლევის შესახებ

ანემიის ნაკრები (Anemia Panel) არის სისხლის კვლევების კომპლექსი, რომელიც არა მხოლოდ ავლენს ანემიას, არამედ ადგენს მის ყველაზე ხშირ მიზეზებს - რკინის, B12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტს.


ანემია (სისხლნაკლებობა) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში შემცირებულია ჰემოგლობინის ან ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) რაოდენობა და ქსოვილები საკმარის ჟანგბადს ვერ იღებს. ის ვლინდება სისუსტით, სწრაფი დაღლით, სიფერმკრთალით, თავბრუსხვევით, ქოშინითა და გულისცემის აჩქარებით. ანემია დამოუკიდებელი დაავადება კი არა, სხვა პრობლემის შედეგია, ამიტომ ეფექტიანი მკურნალობისთვის აუცილებელია მისი მიზეზის დადგენა.


სისხლის საერთო ანალიზი აჩვენებს, არის თუ არა ანემია, ხოლო ნაკრების დანარჩენი კვლევები პასუხობს კითხვას „რატომ“: რკინის დეფიციტის დროს მკურნალობა ერთია, ვიტამინების დეფიციტის დროს - სრულიად სხვა. რკინის პრეპარატების მიღება კვლევის გარეშე არ არის რეკომენდებული.


ნაკრებში შედის შემდეგი კვლევები:


• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR) - განსაზღვრავს ჰემოგლობინს, ერითროციტების რაოდენობას, ზომასა და ჰემოგლობინით გაჯერებას; ადასტურებს ანემიას და მიუთითებს მის ტიპზე;

• რეტიკულოციტების განსაზღვრა სისხლში (RET) - ახალგაზრდა ერითროციტების რაოდენობა, რომელიც აჩვენებს, რამდენად აქტიურად გამოიმუშავებს ძვლის ტვინი სისხლის ახალ უჯრედებს;

• Ferritin, ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში - ორგანიზმში რკინის მარაგის მაჩვენებელი; რკინის დეფიციტის ყველაზე ადრეული და მგრძნობიარე მარკერი;

• რკინის (Iron) განსაზღვრა სისხლის შრატში - სისხლში ცირკულირებადი რკინის რაოდენობა;

• Transferrin, ტრანსფერინის განსაზღვრა სისხლის შრატში - რკინის გადამტანი ცილა, რომლის დონე რკინის დეფიციტის დროს იმატებს;

• Vitamin B12, ვიტამინის B12 განსაზღვრა სისხლში - ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისა და ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის;

• Folate, ფოლიუმის მჟავა (ფოლატი) - B ჯგუფის ვიტამინი, რომელიც აუცილებელია უჯრედების გაყოფისა და სისხლწარმოქმნისთვის.


ნაკრები ერთი სისხლის აღებით იძლევა პასუხს ორ მთავარ კითხვაზე - არის თუ არა ანემია და რა იწვევს მას. ის ავლენს ფარულ დეფიციტსაც, როდესაც ჰემოგლობინი ჯერ ნორმის ფარგლებშია, მაგრამ რკინის ან ვიტამინების მარაგი უკვე გამოფიტულია. ეს ექიმს საშუალებას აძლევს, დროულად და მიზანმიმართულად დანიშნოს მკურნალობა.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• მუდმივი სისუსტე, სწრაფი დაღლა, ძილიანობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება;

• კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე;

• თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი;

• ქოშინი და გულისცემის აჩქარება მცირე დატვირთვისას;

• თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, ტუჩის კუთხეების დასკდომა;

• ენის წვა ან ტკივილი, კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება (B12 ვიტამინის დეფიციტის ნიშნები);

• უხვი ან გახანგრძლივებული მენსტრუაცია;

• ორსულობის დაგეგმვა, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;

• ვეგეტარიანული ან ვეგანური კვება, შემზღუდავი დიეტები;

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები (გასტრიტი, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები), კუჭის ან ნაწლავის ოპერაციის შემდგომი პერიოდი;

• ქრონიკული სისხლდენა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ბუასილი), ხშირი დონორობა;

• მეტფორმინის ან კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება;

• ბავშვებისა და მოზარდების სწრაფი ზრდის პერიოდი, ხანდაზმული ასაკი;

• ანემიის მკურნალობის ეფექტიანობის კონტროლი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

• სისხლი უნდა ჩააბაროთ უზმოზე, დილის საათებში (რკინის დონე დღის განმავლობაში იცვლება). ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (გარდა სუფთა წყლისა);


• რკინის, B12 ვიტამინის, ფოლიუმის მჟავას პრეპარატებისა და მულტივიტამინების მიღების შემთხვევაში, ექიმთან შეთანხმებით, კვლევამდე სულ მცირე 24 საათით ადრე შეწყვიტეთ მათი მიღება - წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი შესაძლოა ცრუდ მაღალი იყოს;


• კვლევამდე 24 საათით ადრე თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან;


• აცნობეთ ექიმს ბოლო პერიოდში ჩატარებული სისხლის გადასხმის, B12 ვიტამინის ინექციებისა და მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპიის შესახებ;


• ბიოტინის (ვიტამინი B7) შემცველი დანამატების მიღების შემთხვევაში აცნობეთ ლაბორატორიას;


• მწვავე ინფექციის ან ანთებითი დაავადების დროს ფერიტინის დონე იმატებს, ამიტომ სასურველია კვლევის ჩატარება გამოჯანმრთელების შემდეგ.

ინტერპრეტაცია

სისხლის საერთო ანალიზში ანემიაზე მიუთითებს ჰემოგლობინის დაქვეითება. ერითროციტების ზომის მიხედვით განასხვავებენ:


• მცირე ზომის ერითროციტებით მიმდინარე (მიკროციტულ) ანემიას - უხშირესად რკინის დეფიციტი, ასევე თალასემია და ქრონიკული დაავადებების ანემია;

• ნორმული ზომის ერითროციტებით მიმდინარე (ნორმოციტულ) ანემიას - ქრონიკული დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, მწვავე სისხლდენა;

• დიდი ზომის ერითროციტებით მიმდინარე (მაკროციტულ) ანემიას - B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი, ღვიძლის დაავადებები, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ჰიპოთირეოზი.


რეტიკულოციტების მომატება შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:


• სისხლდენის შემდგომი პერიოდი;

• ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების გაძლიერებული დაშლა);

• რკინით, B12 ვიტამინით ან ფოლიუმის მჟავათი მკურნალობაზე დადებითი პასუხი.


რეტიკულოციტების დაქვეითება შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:


• რკინის, B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას არანამკურნალები დეფიციტი;

• ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა (აპლაზიური ანემია, ქიმიოთერაპია);

• თირკმლის ქრონიკული დაავადება.


რკინის ცვლის მაჩვენებლების ცვლილებები:


• ფერიტინისა და რკინის დაქვეითება, ტრანსფერინის მომატება - რკინის დეფიციტი (არასაკმარისი მიღება, შეწოვის დარღვევა, ქრონიკული სისხლდენა, მომატებული მოთხოვნილება ორსულობისას);

• რკინისა და ტრანსფერინის დაქვეითება, ფერიტინის ნორმული ან მომატებული დონე - ქრონიკული დაავადებების (ანთებითი) ანემია;

• ფერიტინისა და რკინის მომატება - რკინის ჭარბი დაგროვება (ჰემოქრომატოზი, ხშირი სისხლის გადასხმა), ღვიძლის დაავადებები. ფერიტინი ასევე იმატებს ნებისმიერი ანთებითი პროცესისა და ინფექციის დროს.


B12 ვიტამინის დაქვეითება შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:


• ცხოველური პროდუქტების არასაკმარისი მიღება (ვეგანური კვება);

• პერნიციოზული ანემია და ატროფიული გასტრიტი (შეწოვის დარღვევა);

• კუჭისა და წვრილი ნაწლავის დაავადებები ან ოპერაციები;

• მეტფორმინისა და კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება.


ფოლიუმის მჟავას დაქვეითება შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:


• ახალი ბოსტნეულისა და მწვანილის არასაკმარისი მიღება;

• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

• შეწოვის დარღვევა (ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები);

• მომატებული მოთხოვნილება (ორსულობა, ძუძუთი კვება);

• ზოგიერთი მედიკამენტის (მეტოტრექსატი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები) მიღება.


ერთდროულად შესაძლოა არსებობდეს რამდენიმე დეფიციტი, ამიტომ მაჩვენებლები ერთობლიობაში ფასდება.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

• ტრანსფერინის გაჯერების ინდექსის გამოთვლა (TSAT);

• რკინის შეკავშირების საერთო უნარის განსაზღვრა სისხლში (TIBC);

• უჯერი (ლატენტური) რკინის შეკავშირების უნარი (UIBC) (Total Iron-Binding Capacity);

• ერითროციტების მორფოლოგიური შეფასება პერიფერიულ სისხლში;

• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);

• ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH);

• საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL);

• არაკონიუგირებული (არაპირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (IBIL);

• კუმბსის პირდაპირი რეაქცია (DAT);

• ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში (HCY);

• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);

• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);

• ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას საწინააღმდეგო IgA ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (ცელიაკია) (tTG IgA);

• ჰელიკობაქტერ პილორის ანტიგენის განსაზღვრა განავალში (Helicobacter pylori antigen);

• ფარული სისხლდენა განავალში (FOBT).

კალათა (0)
Phone