კვლევის შესახებ
ტრანსფერინი (Transferrin) არის ღვიძლში სინთეზირებული ცილა (ბეტა-გლობულინი), რომელიც ასრულებს სისხლში რკინის ძირითად სატრანსპორტო ფუნქციას. ის აკავშირებს ნაწლავიდან შეწოვილ ან დეპოდან გამოთავისუფლებულ რკინას და გადააქვს ძვლის ტვინში (ერითროპოეზისთვის), ღვიძლსა და სხვა ქსოვილებში, რომლებიც რკინას საჭიროებენ.
ტრანსფერინის დონე მჭიდრო კორელაციაშია ორგანიზმში რკინის მარაგთან: რკინის დეფიციტის დროს ტრანსფერინის სინთეზი იზრდება (ორგანიზმი ცდილობს მეტი რკინა აითვისოს), ხოლო რკინის სიჭარბის ან ქრონიკული ანთების დროს - მცირდება. ტრანსფერინის გარდა, პრაქტიკაში ასევე გამოიყენება რკინის დამაკავშირებელი ზოგადი უნარის (TIBC) და ტრანსფერინის სატურაციის (%) მაჩვენებლები.
ტრანსფერინი, ასევე, უარყოფითი მწვავე ფაზის ცილაა - მისი კონცენტრაცია მცირდება ანთებითი პროცესების, ინფექციებისა და ონკოლოგიური დაავადებების დროს, რაც გასათვალისწინებელია შედეგების ინტერპრეტაციისას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ერითროციტების, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაქვეითება;
• რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკა და სხვა ანემიებისგან დიფერენცირება;
• ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა, თავბრუსხვევა;
• კანის სიფერმკრთალე;
• მტვრევადი, მშრალი თმა და ფრჩხილები;
• ქრონიკული და/ან ფარული სისხლდენა;
• ჰემოქრომატოზის ან რკინით გადატვირთვის ეჭვი;
• ღვიძლის პათოლოგიები;
• მალაბსორბცია და კვებითი დეფიციტი;
• რკინის პრეპარატებით მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგი.
ინტერპრეტაცია
ტრანსფერინის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• რკინადეფიციტური ანემია;
• ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
• ესტროგენული თერაპია, ორალური კონტრაცეპტივების მიღება;
• მწვავე ჰეპატიტი (ზოგიერთ შემთხვევაში).
ტრანსფერინის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
• ონკოლოგიური დაავადებები;
• ღვიძლის ქრონიკული პათოლოგიები (ციროზი, ჰეპატიტი);
• ჰემოქრომატოზი, რკინით გადატვირთვის სინდრომები;
• ნეფროზული სინდრომი (ცილის დაკარგვა შარდით);
• ცილოვანი კვების დეფიციტი, მალნუტრიცია;
• მალაბსორბცია;
• ზოგიერთი მემკვიდრული დარღვევა (ატრანსფერინემია).
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• რკინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Iron);
• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin);
• ტრანსფერინის სატურაცია (%), სისხლში;
• რკინის შეკავშირების საერთო უნარის განსაზღვრა სისხლში (TIBC);
• ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა და წყალი);
• სასურველია სისხლის ნიმუშის აღება დილის საათებში;
• რკინის პრეპარატების მიღების შემთხვევაში, ანალიზის ჩატარება რეკომენდებულია მედიკამენტოზური თერაპიის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ;
• არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Iron Tests
• labtestsonline.org.uk - TIBC, UIBC and Transferrin
• ncbi.nlm.nih.gov - Biochemistry, Transferrin (StatPearls)
• my.clevelandclinic.org - Total Iron-Binding Capacity (TIBC)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.