ცხოვრება რევმატიზმის გარეშე
ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA); ანტისტრეპტოლიზინის რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში (ASLO); რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა სისხლში (RF); შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid)
კვლევის შესახებ
ცხოვრება რევმატიზმის გარეშე (Rheumatology Screening Panel) არის ლაბორატორიული კვლევების ნაკრები, რომელიც გამოიყენება სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილის ყველაზე გავრცელებული დაავადებების პირველადი სკრინინგისთვის. ნაკრები ეხმარება ექიმს განასხვაოს სახსრების ტკივილის ძირითადი მიზეზები: ავტოიმუნური დაავადებები (როდესაც იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილებს აზიანებს), სტრეპტოკოკური ინფექციის შემდგომი გართულებები და პოდაგრა.
სახსრების დაავადებები ადრეულ ეტაპზე ხშირად ერთნაირი ჩივილებით ვლინდება - ტკივილი, შეშუპება, დილის შებოჭილობა - თუმცა მათი მიზეზი და მკურნალობა განსხვავებულია. დროული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, მკურნალობა სახსრის შეუქცევადი დაზიანების განვითარებამდე დაიწყოს.
ნაკრებში შემავალი კვლევები:
• რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა სისხლში (RF);
• ანტისტრეპტოლიზინის რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში (ASLO);
• შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid);
• ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA).
ნაკრების კვლევები სკრინინგული ხასიათისაა - არცერთი მათგანი დამოუკიდებლად დიაგნოზს არ ადასტურებს და არ გამორიცხავს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• სახსრების ტკივილი, შეშუპება, სიწითლე ან მოძრაობის შეზღუდვა;
• დილის შებოჭილობა სახსრებში, რომელიც 30 წუთზე მეტხანს გრძელდება;
• მტევნებისა და ტერფების წვრილი სახსრების სიმეტრიული დაზიანება;
• ერთი სახსრის (ხშირად ფეხის ცერის) უეცარი, მწვავე ტკივილი და შეშუპება (პოდაგრის ეჭვი);
• ხშირი ანგინა, ტონზილიტი ან გადატანილი სტრეპტოკოკური ინფექცია, რომელსაც მოჰყვა სახსრების ტკივილი ან გულის მხრივ ჩივილები;
• ხანგრძლივი აუხსნელი ცხელება, სისუსტე, წონის კლება;
• კანის გამონაყარი (მათ შორის „პეპლისებრი“ გამონაყარი სახეზე), მზის სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
• თვალებისა და პირის ღრუს სიმშრალე, თმის ცვენა, პირის ღრუს წყლულები;
• თითების გაფითრება ან გალურჯება სიცივეში (რეინოს ფენომენი);
• რევმატული ან ავტოიმუნური დაავადებების ოჯახური ანამნეზი;
• დადგენილი რევმატული დაავადების მონიტორინგი.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
• კვლევა ტარდება დილით, უზმოზე - ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები (სუფთა წყლის დალევა დასაშვებია);
• კვლევამდე 24-48 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და პურინებით მდიდარი საკვების (წითელი ხორცი, სუბპროდუქტები, ზღვის პროდუქტები) ჭარბი მიღებისგან;
• კვლევამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან;
• აცნობეთ ექიმს მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპიის შესახებ (განსაკუთრებით შარდმდენების, ასპირინის, შარდმჟავას დამწევი და იმუნოსუპრესიული პრეპარატების).
ინტერპრეტაცია
რევმატოიდული ფაქტორის (RF) მომატება შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• რევმატოიდული ართრიტი;
• შეგრენის სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა და სხვა ავტოიმუნური დაავადებები;
• ქრონიკული ინფექციები (C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, ინფექციური ენდოკარდიტი);
• ჯანმრთელი პირები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში.
RF-ის ნორმული მაჩვენებელი რევმატოიდულ ართრიტს არ გამორიცხავს (ე.წ. სერონეგატიური ფორმა).
ანტისტრეპტოლიზინ O-ს (ASLO) მომატება:
• მიუთითებს ახლახან გადატანილ A ჯგუფის სტრეპტოკოკურ ინფექციაზე (ანგინა, ქუნთრუშა);
• გამოიყენება სტრეპტოკოკური ინფექციის შემდგომი გართულებების - მწვავე რევმატული ცხელებისა და გლომერულონეფრიტის - დიაგნოსტიკაში;
• ერთჯერადი მომატება დაავადებას არ ადასტურებს - მნიშვნელოვანია მაჩვენებლის დინამიკა განმეორებით კვლევაში.
შარდმჟავა:
• მომატება (ჰიპერურიკემია) - პოდაგრა, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, მეტაბოლური სინდრომი, პურინებით მდიდარი კვება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შარდმდენების მიღება;
• კლება - იშვიათია; შესაძლოა უკავშირდებოდეს ღვიძლის დაავადებებს, ზოგიერთ მედიკამენტს ან თირკმლის მილაკების ფუნქციის დარღვევას;
• პოდაგრის მწვავე შეტევის დროს შარდმჟავას დონე შესაძლოა ნორმის ფარგლებში იყოს.
ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA):
• დადებითი შედეგი შესაძლოა მიუთითებდეს შემაერთებელი ქსოვილის ავტოიმუნურ დაავადებაზე (სისტემური წითელი მგლურა, შეგრენის სინდრომი, სისტემური სკლეროზი, შერეული შემაერთებელი ქსოვილის დაავადება), ავტოიმუნურ ჰეპატიტსა ან ფარისებრი ჯირკვლის ავტოიმუნურ დაავადებაზე;
• დადებითი ANA გვხვდება ჯანმრთელ პირებშიც, ზოგიერთი ინფექციისა და მედიკამენტის მიღების ფონზე;
• უარყოფითი შედეგი სისტემურ წითელ მგლურას ნაკლებად სავარაუდოს ხდის.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• ციკლური ციტრულინირებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-CCP);
• ორჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-dsDNA IgG);
• კომპლემენტის C3 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C3);
• კომპლემენტის C4 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C4);
• ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (pANCA, cANCA);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
• შარდმჟავას განსაზღვრა შარდში (Uric Acid, Urine);
• შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis);