ჯანმრთელი ღვიძლი
C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში, სწრაფი ტესტი (anti-HCV); ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB); საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP); ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP); ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP); ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT); B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBs); ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT); კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (DBIL); გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT); B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg); საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL)
კვლევის შესახებ
ჯანმრთელი ღვიძლი (Liver Health Panel) არის ლაბორატორიული კვლევების ნაკრები, რომელიც კომპლექსურად აფასებს ღვიძლის მდგომარეობას: ღვიძლის უჯრედების დაზიანებას, ნაღვლის გამოყოფას, ღვიძლის მიერ ცილების წარმოქმნის უნარს, B და C ვირუსული ჰეპატიტების არსებობასა და ღვიძლის სიმსივნურ მარკერს.
ღვიძლი ორგანიზმის მთავარი „ქიმიური ლაბორატორიაა“ - ის აუვნებელყოფს ტოქსინებსა და მედიკამენტებს, წარმოქმნის ცილებსა და სისხლის შედედების ფაქტორებს, მონაწილეობს ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაში. ღვიძლის დაავადებები (ცხიმოვანი ჰეპატოზი, ვირუსული ჰეპატიტები, ციროზი) ხშირად წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით ვლინდება.
ნაკრებში შემავალი კვლევები:
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV);
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg);
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBs);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB);
• საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP);
• ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP).
ნაკრები განკუთვნილია როგორც პროფილაქტიკური შემოწმებისთვის, ისე ღვიძლის უკვე დადგენილი დაავადების მქონე პაციენტების დინამიკური მეთვალყურეობისთვის.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• პროფილაქტიკური შემოწმება, განსაკუთრებით 40 წლის ასაკის შემდეგ;
• სიმძიმის ან ტკივილის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, გულისრევა, მადის დაქვეითება;
• კანისა და თვალის სკლერების სიყვითლე, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი;
• ხანგრძლივი აუხსნელი დაღლილობა, კანის ქავილი;
• ჭარბი წონა, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ლიპიდური ცვლის დარღვევა (ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების რისკი);
• ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება;
• ღვიძლისთვის პოტენციურად ტოქსიკური მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება;
• B ან C ჰეპატიტით დაინფიცირების რისკი (სისხლის გადასხმა, ინვაზიური პროცედურები, ტატუირება, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი);
• B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წინ ან ვაქცინაციის შემდგომი იმუნიტეტის შეფასება;
• ღვიძლის დაავადებების ოჯახური ანამნეზი;
• ქრონიკული ჰეპატიტის ან ციროზის მქონე პაციენტების მონიტორინგი;
• ექოსკოპიით გამოვლენილი ცვლილებები ღვიძლში.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
• კვლევა ტარდება დილით, უზმოზე - ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები (სუფთა წყლის დალევა დასაშვებია);
• კვლევამდე 48-72 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან, ხოლო წინა დღეს - ცხიმიანი და შემწვარი საკვებისგან;
• კვლევამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან (ის ზრდის AST-ის დონეს);
• აცნობეთ ექიმს ყველა მედიკამენტის, ბიოლოგიურად აქტიური დანამატისა და მცენარეული პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ.
ინტერპრეტაცია
ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL):
• ALT-ისა და AST-ის მომატება მიუთითებს ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე (ვირუსული, ალკოჰოლური, მედიკამენტური ჰეპატიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება);
• GGT-ისა და ALP-ის მომატება მიუთითებს ნაღვლის შეგუბებაზე (ქოლესტაზზე), ნაღვლის სადინარების დაავადებებზე; GGT ასევე მატულობს ალკოჰოლისა და ზოგიერთი მედიკამენტის ზემოქმედებით;
• ბილირუბინის (საერთო და პირდაპირი) მომატება ვლინდება ღვიძლის დაზიანების, ნაღვლის გადინების დარღვევის ან ერითროციტების გაძლიერებული დაშლის დროს.
ალბუმინი და საერთო ცილა:
• კლება შესაძლოა მიუთითებდეს ღვიძლის მიერ ცილის წარმოქმნის დაქვეითებაზე (ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი), არასრულფასოვან კვებაზე ან ცილის დაკარგვაზე თირკმლით ან ნაწლავით;
• მომატება, ძირითადად, გაუწყლოებას ან ქრონიკულ ანთებით პროცესს უკავშირდება.
ვირუსული ჰეპატიტების მარკერები:
• HBsAg დადებითი - B ჰეპატიტის ვირუსით მიმდინარე ინფექცია;
• anti-HBs დადებითი - იმუნიტეტი B ჰეპატიტის მიმართ (ვაქცინაციის ან გადატანილი ინფექციის შედეგად); უარყოფითი - დამცავი იმუნიტეტის არარსებობა;
• anti-HCV დადებითი - C ჰეპატიტის ვირუსთან შეხება; აქტიური ინფექციის დასადასტურებლად საჭიროა ვირუსის რნმ-ის განსაზღვრა PCR მეთოდით.
ალფაფეტოპროტეინის (AFP) მომატება შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• ღვიძლის პირველადი კიბო (ჰეპატოცელულური კარცინომა);
• ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი (ზომიერი მომატება);
• ზოგიერთი სხვა სიმსივნე; ორსულობა (ფიზიოლოგიური მომატება).
AFP-ის ნორმული მაჩვენებელი ღვიძლის სიმსივნეს არ გამორიცხავს, ხოლო მომატებული მაჩვენებელი დიაგნოზს დამოუკიდებლად არ ადასტურებს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• C ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ის განსაზღვრა PCR მეთოდით (HCV RNA);
• B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ის განსაზღვრა PCR მეთოდით (HBV DNA);
• კოაგულოგრამა (PT, PI, INR, aPTT, Fibrinogen);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH);
• არაკონიუგირებული (არაპირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (IBIL);
• ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG ,LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI);
• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);
• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin);
• ქოლინესტერაზას განსაზღვრა სისხლში (CHE);