კვლევის შესახებ
Bordetella pertussis-ის (ყივანახველა) ტოქსინის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები არის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც აფასებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს ბაქტერია Bordetella pertussis-ის ერთ-ერთი მთავარი ვირულენტობის ფაქტორის - პერტუსისის ტოქსინის (PT) - მიმართ. ეს ბაქტერია იწვევს ყივანახველას - მწვავე, მაღალკონტაგიოზურ რესპირაციულ ინფექციას, რომელსაც ახასიათებს ხანგრძლივი, შეტევითი (პაროქსიზმული) ხველა.
IgG კლასის ანტისხეულები (იმუნოგლობულინი G) ორგანიზმში ინფექციის ან ვაქცინაციის შემდეგ უფრო გვიან ჩნდება, ვიდრე IgM, და ხანგრძლივად ნარჩუნდება. პერტუსისის ტოქსინის საწინააღმდეგო IgG-ის მაღალი დონე მიუთითებს ბოლო პერიოდში გადატანილ ინფექციაზე ან ჩატარებულ ვაქცინაციაზე.
ეს კვლევა გამოიყენება ყივანახველას დიაგნოსტიკისთვის დაავადების შედარებით გვიან ეტაპზე, მაშინ, როდესაც ხველა ორი ან მეტი კვირაა გრძელდება და პათოგენის უშუალო იდენტიფიკაცია (ნაცხის PCR ან ბაქტერიოლოგიური კულტურა) უკვე ნაკლებად ინფორმაციულია. კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია ხშირად კომპლექსურია, რადგან IgG ანტისხეულები ვლინდება ვაქცინაციის შემდეგაც, ამიტომ მონაცემები ყოველთვის უნდა შეფასდეს ვაქცინაციის ანამნეზის გათვალისწინებით.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ხანგრძლივი (2 კვირაზე მეტი) შეტევითი ხველა;
• ხველის შეტევის ბოლოს დამახასიათებელი ჩასუნთქვის ხმა („წივილი“);
• ხველის შეტევის შემდგომი ღებინება;
• ყივანახველაზე ეჭვი, როდესაც სიმპტომებიდან 2-4 კვირაზე მეტია გასული;
• ყივანახველით დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი;
• ეპიდემიოლოგიური მიზნით აფეთქების კერებში დიაგნოზის დასადასტურებლად;
• ხანგრძლივი ხველის მიზეზის გარკვევა მოზრდილებსა და მოზარდებში, რომლებშიც ყივანახველა ხშირად ვერ ისმება დიაგნოზად.
ინტერპრეტაცია
პერტუსისის ტოქსინის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების მომატებული (დადებითი) მაჩვენებელი შესაძლოა მიუთითებდეს:
• Bordetella pertussis-ით (ბორდეტელა პერტუსისით) ბოლო პერიოდში გადატანილ ინფექციაზე (ყივანახველაზე);
• ბოლო თვეებში ჩატარებულ ვაქცინაციაზე ყივანახველის საწინააღმდეგოდ.
პერტუსისის ტოქსინის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების უარყოფითი (ნორმის ფარგლებში) მაჩვენებელი შესაძლოა მიუთითებდეს:
• ინფექციის არარსებობაზე;
• კვლევის ძალიან ადრეულ ეტაპზე (სიმპტომების დაწყებიდან 2 კვირაზე ნაკლები ხნის შემდეგ) ჩატარებაზე, როდესაც ანტისხეულების გამომუშავება ჯერ არ არის დასრულებული.
მნიშვნელოვანია გასათვალისწინებელი:
• ვაქცინაციით გამოწვეული იმუნური პასუხის დიფერენცირება (გარჩევა) ნამდვილი ინფექციისგან შეუძლებელია, ამიტომ კვლევა ნაკლებად ინფორმაციულია (საიმედოა) იმ ადამიანებში, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩაუტარდათ ვაქცინაცია;
• კვლევა არ გამოიყენება მკურნალობის ეფექტიანობის ან ვაქცინაციის სტატუსის შესაფასებლად;
• ბავშვებში სეროლოგიური კვლევის ინტერპრეტაცია განსაკუთრებით რთულია ვაქცინაციის კალენდრის (გრაფიკის) გავლენის გამო.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ბორდეტელა პერტუსისის (ყივანახველა) საწინააღმდეგო IgM ანტისხეულები;
• ბორდეტელა პერტუსისის (ნახველის) PCR კვლევა;
• ბორდეტელა პერტუსისის ბაქტერიოლოგიური კულტურა;
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - Pertussis (Whooping Cough): Laboratory Testing
• mayocliniclabs.com - Bordetella pertussis Antibody, IgG, Serum
• labcorp.com - Bordetella pertussis Antibodies, IgG
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.