კვლევის შესახებ
თავისუფალი პროსტატ-სპეციფიური ანტიგენი (fPSA) არის PSA-ის ის ფრაქცია, რომელიც სისხლის შრატში თავისუფლად, ცილებთან შეკავშირების გარეშე ცირკულირებს.
PSA არის პროტეინი, რომელსაც სინთეზირებენ წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ეპითელური უჯრედები. სისხლის შრატში იგი წარმოდგენილია ორი ძირითადი ფორმით: თავისუფალი (fPSA) და კომპლექსური (ცილებთან შეკავშირებული). ამ ორი ფორმის ჯამი განსაზღვრავს საერთო PSA-ს (tPSA) მაჩვენებელს.
fPSA-ის განსაზღვრა იზოლირებულად არ ინტერპრეტირდება; იგი გამოიყენება tPSA-სთან ერთად, fPSA/tPSA ინდექსის (თავისუფალი PSA-ის პროცენტული წილის) გამოსათვლელად. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით ინფორმატიულია tPSA-ის ზომიერი მატებისას, ე.წ. „დიაგნოსტიკურ ნაცრისფერ ზონაში“.
ამ მიდგომის კლინიკური საფუძველია ის ფაქტი, რომ პროსტატის კარცინომის დროს იზრდება კომპლექსური PSA-ს ფრაქცია, რაც აქვეითებს fPSA/tPSA ინდექსს, ხოლო პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (კეთილთვისებიანი გადიდება) დროს fPSA-ის პროცენტული წილი შედარებით მაღალია. შესაბამისად, აღნიშნული კოეფიციენტი ექიმს ეხმარება ონკოლოგიური და კეთილთვისებიანი პათოლოგიების დიფერენცირებაში.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• საერთო PSA-ის ზომიერად მომატებული დონის შემდგომი დაზუსტებისთვის - განსაკუთრებით, ე.წ. „ნაცრისფერ ზონაში" მოხვედრისას;
• პროსტატის კიბოსა და კეთილთვისებიანი მდგომარეობების (პროსტატის გადიდება, ანთება) დიფერენცირებისთვის;
• ბიოფსიის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობისთვის;
• პროსტატის დაავადებაზე მიმანიშნებელი სიმპტომების არსებობისას, საერთო PSA-სთან ერთად: შარდვის გაძნელება ან გახშირება, სუსტი შარდის ნაკადი, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება;
• პროსტატის კიბოს ოჯახური ანამნეზის მქონე პაციენტებში რისკის შეფასებისთვის.
ინტერპრეტაცია
თავისუფალი PSA (fPSA) ჩვეულებრივ ფასდება საერთო PSA-სთან (tPSA) ერთად, მათი ფარდობითი მაჩვენებლის სახით - ანუ გამოითვლება, თუ რა წილს შეადგენს თავისუფალი PSA საერთო PSA-ის საერთო რაოდენობაში.
-თავისუფალი PSA-ის დაბალი წილი (საერთო PSA-ის მიმართ): ასოცირდება პროსტატის კარცინომის განვითარების უფრო მაღალ ალბათობასთან.
-თავისუფალი PSA-ის მაღალი წილი: ასოცირდება ავთვისებიანი პროცესის დაბალ ალბათობასთან და უფრო ხშირად პროსტატის კეთილთვისებიან მდგომარეობებზე (მაგ., პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, პროსტატიტი) მიუთითებს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს მაჩვენებელი დამხმარე ხასიათისაა - იგი ამცირებს არასაჭირო ბიოფსიების რაოდენობას, თუმცა თავისთავად არც ადასტურებს და არც გამორიცხავს ავთვისებიან პროცესს. თავისუფალი PSA-ის წილი ასაკთან და პროსტატის მოცულობასთან ერთად იცვლება.
შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ საერთო PSA-ის დონესთან, ციფრული რექტალური გასინჯვის (DRE) მონაცემებთან, ასაკთან, კლინიკურ სურათთან და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა გამოკვლევებთან ერთად.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის ანამნეზთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• საერთო პროსტატ სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (TPSA);
• ტესტოსტერონის განსაზღვრა სისხლში (Testosterone);
• ტესტოსტერონის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (Free Testosterone);
• შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევა არ უნდა ჩატარდეს საშარდე გზების ინფექციის, აგრეთვე - საშარდე სისტემაზე ჩატარებული პროცედურის ან ოპერაციის შემდეგ მცირე ხანში;
• რეკომენდებულია კვლევამდე რამდენიმე დღით თავი შეიკავოთ ეაკულაციისგან;
• კვლევა არ უნდა ჩატარდეს რექტალური გასინჯვის, პროსტატის მასაჟის ან ცხენით/ველოსიპედით ხანგრძლივი ჯირითის შემდეგ მცირე ხანში;
• არ უნდა გქონდეთ მიღებული მულტივიტამინები, სტეროიდები ან დიეტური დანამატები, რომლებიც შეიცავენ ბიოტინს (ვიტამინი B7).
კვლევა ტარდება მხოლოდ მამაკაცებში.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• mayocliniclabs.com - Free PSA
• ncbi.nlm.nih.gov - Free PSA ratio
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.