კვლევის შესახებ
Anti-LKM-1 (ღვიძლისა და თირკმლის მიკროსომების საწინააღმდეგო 1-ლი ტიპის ანტისხეულები) - არის აუტოანტისხეულები, რომლებიც მიმართულია ჰეპატოციტებში ლოკალიზებული ფერმენტის - ციტოქრომ P450 2D6-ის (CYP2D6) - წინააღმდეგ.
ეს ანტისხეულები მე-2 ტიპის აუტოიმუნური ჰეპატიტის (AIH-2) მთავარი სეროლოგიური მარკერია. აუტოიმუნური ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა თავს ესხმის საკუთარ ჰეპატოციტებს; მკურნალობის გარეშე მან შესაძლოა ღვიძლის ციროზსა და უკმარისობამდე მიგვიყვანოს.
მე-2 ტიპის აუტოიმუნური ჰეპატიტი იშვიათია, უმეტესად ბავშვებსა და ახალგაზრდებში (განსაკუთრებით, მდედრობითი სქესის პირებში) ვითარდება და უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. Anti-LKM-1 ჩვეულებრივ განისაზღვრება გლუვი კუნთების (SMA) და ანტინუკლეარულ (ANA) ანტისხეულებთან ერთად, რათა მოხდეს აუტოიმუნური ჰეპატიტის 1-ლი და მე-2 ტიპების დიფერენცირება.
Anti-LKM-1 იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის დროსაც, რაც დიაგნოსტიკას ართულებს.
Anti-LKM-1-ის დადებითი შედეგი მჭიდროდ ასოცირდება მე-2 ტიპის აუტოიმუნურ ჰეპატიტთან, თუმცა საბოლოო დიაგნოზი მოითხოვს ღვიძლის ფუნქციური სინჯებისა და, ხშირ შემთხვევაში, ღვიძლის ბიოფსიის შეფასებას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• აუტოიმუნური ჰეპატიტის ეჭვი (განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში);
• ღვიძლის ფუნქციური ტესტების გაუარესება გაურკვეველი მიზეზით (ALT/AST-ის მომატება);
• აუტოიმუნური ჰეპატიტის 1-ლი და მე-2 ტიპის გასამიჯნად;
• ქრონიკული ჰეპატიტი, რომლის ვირუსული, მეტაბოლური და ტოქსიკური მიზეზები გამორიცხულია;
• უცნობი წარმოშობის სიყვითლე ან ღვიძლის ქრონიკული ანთება;
• დადგენილი აუტოიმუნური ჰეპატიტის მქონე პაციენტის მონიტორინგი.
ინტერპრეტაცია
anti-LKM-1-ის დადებითი შედეგი შესაძლოა მიუთითებდეს:
• მე-2 ტიპის აუტოიმუნური ჰეპატიტის დროს - ეს ყველაზე ხშირი და დამახასიათებელი ასოციაციაა;
• C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის ფონზე (ზოგიერთ პაციენტში);
• იშვიათად - წამლისმიერი ღვიძლის დაზიანებისა და სხვა მდგომარეობების დროს.
უარყოფითი შედეგი:
• ამცირებს მე-2 ტიპის აუტოიმუნური ჰეპატიტის ალბათობას, თუმცა არ გამორიცხავს აუტოიმუნურ ჰეპატიტს (განსაკუთრებით 1-ლ ტიპს, რომელიც SMA-სა და ANA-სთან ასოცირდება);
• ანტისხეულის ტიტრი დროთა განმავლობაში შესაძლოა იცვლებოდეს და მკურნალობის ფონზე დაქვეითდეს.
შედეგი ფასდება ღვიძლის ფუნქციურ ტესტებთან, სხვა აუტოანტისხეულებთან (SMA, ANA, anti-LC1) და, საჭიროებისას, ღვიძლის ბიოფსიასთან ერთად.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• გლუვი კუნთის საწინააღმდეგო ანტისხეულები (ASMA/SMA);
• ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA);
• ღვიძლის ციტოზოლის ტიპი 1 ანტისხეულები (anti-LC1);
• მიტოქონდრიის საწინააღმდეგო ანტისხეულები (AMA);
• იმუნოგლობულინ G-ის განსაზღვრა სისხლში (IgG);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV);
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• testing.com - Anti-LKM-1 Antibody Test
• ncbi.nlm.nih.gov - Type 2 autoimmune hepatitis: Genetic susceptibility
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.