B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBeAg)

B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBeAg)

ფასი: 45 ₾

კვლევის შესახებ

B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენი (HBeAg) არის ცილოვანი ნაწილაკი, რომელსაც B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) გამოიმუშავებს და ინფიცირებული ღვიძლის უჯრედებიდან სისხლში გამოყოფს. ამ ანტიგენის გამოვლენა სისხლში მიუთითებს ვირუსის აქტიურ რეპლიკაციაზე.

HBeAg არის ვირუსის აქტიური გამრავლებისა და ინფექციურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. მისი დადებითი შედეგი მიუთითებს, რომ სისხლში ვირუსის მაღალი რაოდენობაა და ადამიანი მაღალი ინფექციური პოტენციალის მქონეა, ხოლო უარყოფითი შედეგი ჩვეულებრივ მიუთითებს ვირუსის დაბალ აქტივობასა და ნაკლებ ეპიდემიოლოგიურ საფრთხეზე. HBeAg ჩვეულებრივ ვლინდება მწვავე ინფექციის ადრეულ ეტაპზე, ვირუსის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) გამოჩენიდან მალევე.

HBeAg ფასდება სხვა ჰეპატიტ B-ის მარკერებთან ერთად და ეხმარება ექიმს ქრონიკული B ჰეპატიტის ფაზის (ეტაპის) დადგენაში, ასევე - ანტივირუსული მკურნალობის ეფექტიანობის შეფასებაში. e ანტიგენის გაქრობა და მის ნაცვლად e ანტისხეულის (anti-HBe) გამოჩენა ჩვეულებრივ მიუთითებს ვირუსის აქტივობის შემცირებაზე.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) დადებითი შედეგი - ინფექციის აქტივობისა და ინფექციურობის შესაფასებლად;

• ქრონიკული B ჰეპატიტის ფაზის (ეტაპის) დადგენა;

• B ჰეპატიტის აქტიური გამრავლების და ინფექციურობის ხარისხის შეფასება;

• ანტივირუსული მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგი;

• ორსულობის პერიოდში ვირუსის აქტივობის შეფასება, ნაყოფზე გადაცემის რისკის განსასაზღვრად;

• B ჰეპატიტის მქონე პაციენტების დინამიური მეთვალყურეობა.

ინტერპრეტაცია

HBeAg-ის დადებითი მაჩვენებელი შესაძლოა მიუთითებდეს:

• B ჰეპატიტის ვირუსის აქტიურ გამრავლებაზე (რეპლიკაციაზე);

• სისხლში ვირუსის მაღალ კონცენტრაციასა და მაღალ ინფექციურობაზე;

• მწვავე B ჰეპატიტის ადრეულ სტადიაზე ან აქტიურ ქრონიკულ ინფექციაზე.

HBeAg-ის უარყოფითი მაჩვენებელი შესაძლოა მიუთითებდეს:

• ვირუსის დაბალ რეპლიკაციურ აქტივობასა და შემცირებულ ინფექციურობაზე;

• მწვავე ინფექციიდან გამოჯანმრთელებაზე (განსაკუთრებით, თუ ერთდროულად გამოვლენილია HBeAg-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები - anti-HBe);

• ანტივირუსული თერაპიის ეფექტიანობაზე.

მნიშვნელოვანია გასათვალისწინებელი:

• ზოგ შემთხვევაში HBeAg-ის უარყოფითი შედეგი არ ნიშნავს ვირუსის რეპლიკაციის სრულ შეწყვეტას - არსებობს ვირუსის ე.წ. „e-მინუს“ მუტანტური ფორმა, რომელიც არ გამოიმუშავებს e-ანტიგენს, თუმცა მაინც აქტიურად მრავლდება;

• ამიტომ, HBeAg ყოველთვის ფასდება სხვა სეროლოგიურ მარკერებთან (HBsAg, anti-HBe, HBV DNA) და ღვიძლის ფუნქციურ სინჯებთან ერთად.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Hepatitis Virus Panel

hepb.org - Hepatitis B Blood Tests

mayocliniclabs.com - Hepatitis B Virus e Antigen and Antibody

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone