Tropheryma whipplei, ტროფერიმა ვიპლის აღმოჩენა რეალურ დროში PCR მეთოდით

Tropheryma whipplei, ტროფერიმა ვიპლის აღმოჩენა რეალურ დროში PCR მეთოდით

ფასი: 729 ₾

კვლევის შესახებ

Tropheryma whipplei არის იშვიათი აქტინობაქტერია, რომელიც იწვევს ვიპლის დაავადებას – მულტისისტემურ ქრონიკულ ინფექციას. პათოლოგია უპირატესად აზიანებს წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსს და განაპირობებს მალაბსორბციულ სინდრომს, თუმცა აღინიშნება სახსრების, მიოკარდიუმის, ცენტრალური ნერვული სისტემისა და სხვა ორგანოების დაზიანებაც.

დაავადების დაბალი პრევალენტობისა და კლინიკური გამოვლინებების არასპეციფიკურობის გამო (ართრალგია, დიარეა, წონის პროგრესული კლება, ფებრილური ტემპერატურა) მისი დიაგნოსტიკა ხშირად გართულებულია. რეალურ დროში მიმდინარე PCR (real-time PCR) მეთოდი უზრუნველყოფს პათოგენის გენეტიკური მასალის – დნმ-ის – უშუალო იდენტიფიკაციას, რაც კრიტიკულია ეტიოლოგიური დიაგნოზის დასადასტურებლად.

PCR ძირითადად ხორციელდება წვრილი ნაწლავის ბიოფტატებზე, თუმცა კლინიკური სურათის შესაბამისად შესაძლებელია პერიფერიული სისხლის, ცერებროსპინალური სითხის ან სინოვიური სითხის კვლევაც.

PCR-ის ნეგატიური შედეგი სრულყოფილად არ გამორიცხავს ვიპლის დაავადების არსებობას, შესაბამისად, დიაგნოსტიკური პროცესი მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და მონაცემთა ვერიფიკაციას ჰისტოლოგიურ კვლევასთან (მაგ. PAS-შეღებვა) ერთად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ხანგრძლივი, აუხსნელი დიარეა და საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევა (მალაბსორბცია);

• აუხსნელი წონის კლება და მუცლის ტკივილი;

• ხანგრძლივი, მიგრირებადი სახსრების ტკივილი (ართრალგია/ართრიტი), განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელ სიმპტომებთან ერთად;

• ცხელება, ღამის ოფლიანობა და გაურკვეველი ანთებითი მდგომარეობა;

• ნევროლოგიური სიმპტომები (მეხსიერების დარღვევა, მხედველობის ან მოძრაობის პრობლემები) ვიპლის დაავადების ეჭვით;

• გულის სარქვლების აუხსნელი დაზიანება (ნათესით უარყოფითი ენდოკარდიტი);

• ჰისტოლოგიური (PAS) დადებითი ან ეჭვქვეშ მყოფი შედეგის დადასტურება.

ინტერპრეტაცია

კვლევის შედეგი თვისობრივია და მიუთითებს ბაქტერიის დნმ-ის არსებობას ან არარსებობას ნიმუშში.

დადებითი (აღმოჩენილი) შედეგი მიუთითებს Tropheryma whipplei-ის დნმ-ის არსებობაზე. იგი შესაძლოა გამოვლინდეს:

• კლასიკური ვიპლის დაავადების დროს (ნაწლავის დაზიანებით);

• ლოკალიზებული ინფექციის დროს (მაგ. ენდოკარდიტი, ნევროლოგიური ან სასახსრე დაზიანება);

• იშვიათად - უსიმპტომო მატარებლობისას, რადგან ბაქტერია ჯანმრთელ პირებშიც გვხვდება.

უარყოფითი (აღმოუჩენელი) შედეგი ნიშნავს, რომ ნიმუშში ბაქტერიის დნმ არ აღმოჩნდა, თუმცა:

• ეს სრულად არ გამორიცხავს დაავადებას, განსაკუთრებით თუ ნიმუში დაზიანებული ორგანოდან არ აღებულა;

• სისხლის PCR ნაკლებად მგრძნობიარეა, ამიტომ უარყოფითი შედეგი დამატებით გამოკვლევებს მოითხოვს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

• ლიქვორი • წვრილი ნაწლავის ბიოფტატი

კვლევის შესრულების დრო

14 დღის

ქვეყანა

გერმანია

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

ncbi.nlm.nih.gov - Whipple Disease (StatPearls)

journals.asm.org - Tropheryma whipplei Infections

pubmed.ncbi.nlm.nih.gov - T. whipplei Diagnosis

ანა მაღრაძე - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

გერმანია
Phone