კვლევის შესახებ
Aspergillus-ის (გალაქტომანანი) ანტიგენი (Aspergillus galactomannan antigen) არის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ავლენს სოკო Aspergillus-ის უჯრედის კედლის კომპონენტს - გალაქტომანანს.
Aspergillus გარემოში ფართოდ გავრცელებული ობის სოკოა. ჯანმრთელ ადამიანებში ის, როგორც წესი, დაავადებას არ იწვევს, მაგრამ იმუნოკომპრომისულ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია - ინვაზიური ასპერგილოზი.
სოკოს პროლიფერაციისას მისი უჯრედის კედლის კომპონენტი - გალაქტომანანი - გამოიყოფა სისხლსა და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში. ამ ანტიგენის გამოვლენა საშუალებას იძლევა, ინვაზიური ასპერგილოზი ადრეულ ეტაპზე - ხშირად სხვა კლინიკურ ან რადიოლოგიურ ნიშნებზე წინ - იქნას დიაგნოსტირებული.
კვლევა ძირითადად გამოიყენება მაღალი რისკის ჯგუფში - იმუნოკომპრომისულ პაციენტებში (მაგალითად, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებების მქონე ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში). მისი დროული გამოვლენა ხელს უწყობს ანტიმიკოზური მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას.
ანტიგენის შედეგი ფასდება მხოლოდ კლინიკურ მონაცემებთან, რადიოლოგიურ, მიკრობიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ინვაზიური ასპერგილოზის ეჭვი დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში;
• ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებების (მაგ. მწვავე ლეიკემიის) მქონე პაციენტების მონიტორინგი;
• ძვლის ტვინის ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომი მონიტორინგი;
• ხანგრძლივი ნეიტროპენიის (ნეიტროფილების მკვეთრი შემცირების) ფონზე აუხსნელი ცხელება, რომელიც ანტიბიოტიკებზე არ რეაგირებს;
• ფილტვის ინფექციის ნიშნები მაღალი რისკის ჯგუფში;
• ექიმის შეფასებით, ანტიფუნგური მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგი.
ინტერპრეტაცია
ასპერგილუსის გალაქტომანანის ანტიგენის დადებითი მაჩვენებლის ინტერპრეტაცია:
• დადებითი შედეგი მხარს უჭერს ინვაზიური ასპერგილოზის დიაგნოზს;
• დადებითი შედეგი უნდა შეფასდეს სხვა დიაგნოსტიკურ მონაცემებთან - მიკრობიოლოგიურ ნათესთან, ქსოვილის ბიოფსიასთან და ვიზუალიზაციურ გამოკვლევებთან ერთად.
ანტიგენის უარყოფითი მაჩვენებლის ინტერპრეტაცია:
• უარყოფითი შედეგი ინვაზიურ ასპერგილოზს მთლიანად არ გამორიცხავს;
• ანტიფუნგური თერაპიის ან პროფილაქტიკის ფონზე ანტიგენის კონცენტრაცია შესაძლოა დაბალი იყოს, რაც ცრუ-უარყოფითი შედეგის მიზეზია;
• მაღალი რისკის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია სერიული კვლევა.
შედეგის ინტერპრეტაციის თავისებურებები:
• ცრუ-დადებითი შედეგი შესაძლებელია ზოგიერთი ანტიბიოტიკის (მაგ. პიპერაცილინ-ტაზობაქტამი), სხვა სოკოვანი ინფექციების ან გარკვეული ინტრავენური ხსნარების გამოყენების ფონზე;
• საზღვრული მნიშვნელობები სიფრთხილით უნდა შეფასდეს;
• კვლევა ინტერპრეტდება დინამიკაში, განმეორებითი გაზომვების მეშვეობით.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• β-D-გლუკანის განსაზღვრა სისხლში (BDG);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• პროკალციტონინის რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში (PCT);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• კრეატინინი და eGFR, სისხლში;
• ასპერგილას გამოვლენა ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის მეთოდით (PCR);
• მიკრობიოლოგიური კულტურა.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
აუცილებელია პაციენტმა კვლევის აღებამდე საკვების სახით არ მიიღოს, მარცვლოვანი პროდუქტები, რძის შემცველი პროდუქტები, კრემიანი დესერტები. ასევე პაციენტი არ უნდა იღებდეს პიპერაცილინ/ტაზობაქტამს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი იღებს აღნიშნულ მედიკამენტს, ინფორმაცია მოწოდებული უნდა იყოს ლაბორატორიისთვის.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
- Mayo Clinic Laboratories. Aspergillus (Galactomannan) Antigen, Serum.
- Labcorp. Aspergillus Galactomannan Antigen Detection, Bronchoalveolar Lavage or Serum.
- NCBI (NIH). Diagnostic Value of Galactomannan Antigen Test in Serum and BAL from Patients with Invasive Pulmonary Aspergillosis.
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი