კვლევის შესახებ
20 კვებითი ალერგენის პანელი (20 Food Allergens) არის სისხლის სეროლოგიური გამოკვლევა, რომელიც ერთდროულად განსაზღვრავს ალერგენ-სპეციფიკურ იმუნოგლობულინ E-ს (sIgE) 20 ყველაზე გავრცელებული საკვები ალერგენის მიმართ. ის ეხმარება ექიმს დაადგინოს, აქვს თუ არა პაციენტს ჭეშმარიტი კვებითი ალერგია.
კვებითი ალერგიის დროს იმუნური სისტემა საკვების ცილას მცდარად უცხო, მავნე ფაქტორად აიდენტიფიცირებს და მის წინააღმდეგ IgE ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ამ პროდუქტის ხელახალი მიღებისას ვითარდება ალერგიული რეაქცია - კანის გამონაყარიდან და კუჭ-ნაწლავის სიმპტომებიდან სიცოცხლისთვის საშიშ ანაფილაქსიამდე.
პანელში ჩვეულებრივ შედის ისეთი ხშირი ალერგენები, როგორიცაა ძროხის რძე, კვერცხი, ხორბალი, სოია, თხილეული, არაქისი, თევზი და ზღვის პროდუქტები. ტესტი ეხმარება ჭეშმარიტი (იმუნური) კვებითი ალერგიის დიფერენცირებას საკვების აუტანლობისგან (ინტოლერანტობა), რომელსაც მსგავსი სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ იმუნურ მექანიზმებს არ უკავშირდება.
სისხლის კვლევა განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა კანის სინჯები უკუნაჩვენებია (გავრცელებული დერმატოზები, ანაფილაქსიის მაღალი რისკი, ანტიჰისტამინების შეუწყვეტელი მიღება).
sIgE-ის დონე ადასტურებს მხოლოდ სენსიბილიზაციას და არ განსაზღვრავს ალერგიის სიმძიმეს - დიაგნოზი ისმება მხოლოდ კლინიკურ სურათთან ერთად.
პანელი შედგება:
• f1 - კვერცხის ცილა;
• f2 - ძროხის რძე;
• f75 - კვერცხის გული;
• f45 - საფუარი (Saccharomyces cerevisiae);
• f4 - ხორბალი;
• f5 - ჭვავი;
• f9 - ბრინჯი;
• f14 - სოია;
• f13 - არაქისი;
• f17 - თხილი;
• f20 - ნუში;
• f49 - ვაშლი;
• f84 - კივი;
• f237 - გარგარი;
• f25 - პომიდორი;
• f31 - სტაფილო;
• f35 - კარტოფილი;
• f85 - ნიახური;
• f3 - ვირთევზა;
• f23 - კიბორჩხალა.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• კვებითი ალერგიის სავარაუდო სიმპტომები (ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ტუჩების/სახის შეშუპება, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი);
• ანაფილაქსიის ეპიზოდი საკვების მიღების შემდეგ;
• ატოპიური დერმატიტის გამწვავება გარკვეული საკვების ფონზე;
• პირის ღრუს ალერგიული სინდრომი (ქავილი, შეშუპება პირის ღრუში);
• ალერგენ-გამომწვევი საკვების იდენტიფიკაცია მისი დიეტიდან გამორიცხვის მიზნით;
• დროთა განმავლობაში ალერგიის შესაძლო გავლის (ტოლერანტობის განვითარების) შეფასება;
• როცა კანის სინჯის ჩატარება შეუძლებელია ან უკუნაჩვენებია.
ინტერპრეტაცია
ალერგენ-სპეციფიკური IgE-ის მომატება (დადებითი შედეგი) მიუთითებს სენსიბილიზაციაზე კონკრეტული საკვების მიმართ:
• მაღალი sIgE-ს დონე ზრდის კლინიკურად მნიშვნელოვანი ალერგიის ალბათობას, თუმცა სენსიბილიზაცია (მგრძნობელობა) ყოველთვის არ ნიშნავს, რომ პროდუქტი იწვევს კლინიკურ სიმპტომებს;
• დადებითი შედეგი არ განსაზღვრავს რეაქციის სიმძიმეს;
• ცრუ-დადებითი შედეგი შესაძლებელია ჯვარედინი რეაქტიულობის გამო (მაგ., მცენარეების მტვერსა და გარკვეულ საკვებ პროდუქტებს შორის).
ალერგენ-სპეციფიკური IgE-ის დაბალი ან გამოუვლენელი დონე (უარყოფითი შედეგი):
• ამცირებს ამ საკვების მიმართ IgE-შუამავლობითი ალერგიის ალბათობას, მაგრამ სრულად არ გამორიცხავს მას;
• არ გამორიცხავს არა-IgE მექანიზმით განვითარებულ რეაქციებს და საკვების აუტანლობას (ინტოლერანტობას).
ჭეშმარიტი ალერგიის დასადასტურებლად, ზოგ შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ზედამხედველობით ჩატარებული პროვოკაციული (ელიმინაცია-რეინტროდუქცია) ტესტი.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• იმუნოგლობულინ E-ის განსაზღვრა სისხლში (IgE);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR) - ეოზინოფილების შესაფასებლად.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
• კვლევის ჩატარებამდე არ არის რეკომენდებული ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Food Allergy Testing
• my.clevelandclinic.org - Allergy Blood Test
• testing.com - Allergy Blood Testing
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.