კვლევის შესახებ
ჩირქოვანი მასალის კულტურალური გამოკვლევა სოკოზე (Fungal Culture, Pus/Purulent Material) არის მიკრობიოლოგიური კვლევა, რომელიც გამოიყენება აბსცესების, ფისტულების, ჩირქოვანი ჭრილობებისა და ღრმა ქსოვილოვანი ანთებითი კერების სოკოვანი ეტიოლოგიის დასადგენად.
ნიმუშის (ჩირქი, ჭრილობის ექსუდატი, ფისტულის გამონაყოფი, ქირურგიული მასალა) დათესვა ხდება სელექციურ კვებით ნიადაგზე (საბუროს დექსტროზის აგარი, ხშირად - ანტიბიოტიკის შემცველი ვერსია, რომელიც ხელს უშლის თანმხლები ბაქტერიული ფლორის ზრდას). ინკუბაცია გრძელდება 2-დან 4 კვირამდე, რადგან ბევრი სოკოვანი მიკროორგანიზმი ნელა იზრდება.
გამოვლენილი სოკოს იდენტიფიკაცია ხდება მაკრო- და მიკროსკოპული მახასიათებლების მიხედვით (კოლონიის ფერი, სტრუქტურა, ჰიფების მორფოლოგია, კონიდიების სტრუქტურა), საჭიროების შემთხვევაში - ბიოქიმიური ან მალდი-ტოფ (MALDI-TOF) მეთოდით.
ჩირქოვან მასალაში ყველაზე ხშირად გამოვლენილი სოკოვანი პათოგენებია: Candida-ს გვარის სოკოები (ჭრილობების სუპერინფექციები, აბსცესები), Aspergillus და სხვა ობიანი სოკოები (ღრმა აბსცესები იმუნოდეფიციტურ პაციენტებში), Sporothrix schenckii (კანქვეშა აბსცესები - სპოროტრიქოზი), Mucorales (ნეკროზული ჭრილობები დიაბეტიან ან იმუნოდეფიციტურ პაციენტებში) და, იშვიათად, ენდემური სოკოები (Histoplasma, Blastomyces, Coccidioides).
ღრმა ქსოვილოვანი სოკოვანი ინფექციები ხშირად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და მოითხოვს ხანგრძლივ სისტემურ სოკოს საწინააღმდეგო თერაპიას, ხშირად - ქირურგიულ ჩარევასთან ერთად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• კანქვეშა ან ღრმა აბსცესების მქონე პაციენტებში, რომელთა მკურნალობა სტანდარტული ანტიბაქტერიული თერაპიით ვერ ხერხდება;
• ქრონიკული ფისტულების არსებობისას;
• პოსტოპერაციული აბსცესების ან ჭრილობების ინფექციების ფონზე, განსაკუთრებით - იმუნოდეფიციტურ პაციენტებში;
• კანქვეშა, კუნთოვანი ან ძვლოვანი ნოდულების (მიცეტომა, სპოროტრიქოზის ფონური დაზიანებები) გამოვლენისას;
• ნეკროზული, შავი ფერის ჭრილობების არსებობისას, განსაკუთრებით დიაბეტიან პაციენტებში (მუკორმიკოზის ეჭვი);
• იმუნოდეფიციტური მდგომარეობების (აივ-ინფექცია, ცითოსტატიკები, ორგანოს ტრანსპლანტაცია, ხანგრძლივი კორტიკოსტეროიდები) ფონზე განვითარებული ჩირქოვანი დაზიანებები;
• ტრავმის ან ბიოლოგიური მასალით (მცენარეული ეკალი, ნიადაგი) დაბინძურების შემდეგ განვითარებული ანთებითი კერები;
• დიაბეტური ფეხის სინდრომი არ-მომრჩენი (ქრონიკული) ჭრილობებით;
• ანტიფუნგური თერაპიის ეფექტიანობის შეფასება.
ინტერპრეტაცია
კვლევის შედეგი შესაძლოა იყოს უარყოფითი ან დადებითი.
უარყოფითი (ნორმალური) შედეგი ნიშნავს, რომ ინკუბაციის სტანდარტული ვადის (2–4 კვირა) განმავლობაში სოკოს ზრდა არ აღინიშნება. ჩირქოვანი მასალის შემთხვევაში უარყოფითი შედეგი მიუთითებს, რომ მოცემული ანთებითი კერა, სავარაუდოდ, არ არის სოკოვანი წარმოშობის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ:
• წინასწარი ანტიფუნგალური თერაპია ან ანტისეპტიკების გამოყენება ცრუუარყოფითი შედეგის მიზეზი შესაძლოა გახდეს;
• ზოგიერთი დიმორფული სოკო (მაგ., Histoplasma, Coccidioides) საჭიროებს სპეციალურ კულტურის პირობებსა და მეტ დროს;
• არასაკმარისი ნიმუშის ან არასწორი ნიმუშის აღების ტექნიკის შემთხვევაში სოკოს გამოვლენა შესაძლოა ვერ მოხდეს.
დადებითი შედეგი ნიშნავს, რომ ნიმუშში გამოვლენილია სოკოვანი მიკროორგანიზმი. პასუხში მითითებულია სოკოს გვარი ან სახეობა და, საჭიროების შემთხვევაში, ანტიფუნგალური საშუალებებისადმი მგრძნობელობის შედეგი (ანტიფუნგოგრამა).
დადებითი შედეგის ინტერპრეტაცია:
• Candida-ს გვარის სოკოები ხშირად აღმოჩნდება ჭრილობებში, განსაკუთრებით - ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე; ინტერპრეტაცია მოითხოვს კლინიკურ კონტექსტში შეფასებას (კოლონიზაცია vs. ინფექცია);
• Aspergillus-ის ან სხვა ობების (მოლდების) გამოვლენა ღრმა ქსოვილში ხშირად კლინიკურად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით - იმუნოდეფიციტურ პაციენტებში;
• Sporothrix schenckii-ის გამოვლენა ადასტურებს სპოროტრიქოზის დიაგნოზს და მოითხოვს სისტემურ ანტიფუნგალურ თერაპიას;
• Mucorales-ის გვარის სოკოების (Rhizopus, Mucor, Lichtheimia) გამოვლენა - გადაუდებელი მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ ქირურგიულ და სამედიცინო ჩარევას;
• ენდემური დიმორფული სოკოების გამოვლენა (Histoplasma, Blastomyces) ყოველთვის კლინიკურად მნიშვნელოვანია.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ჩირქოვანი მასალის კულტურალური და მიკროსკოპული გამოკვლევა ბაქტერიაზე და ანტიბიოგრამა;
• ჩირქოვანი მასალის გრამის შეღებვით მიკროსკოპული გამოკვლევა;
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• პროკალციტონინის რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში (PCT);
• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);
• გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c);
• იმუნოგლობულინ G-ის განსაზღვრა სისხლში (IgG);
• იმუნოგლობულინ M-ის განსაზღვრა სისხლში (IgM);
• იმუნოგლობულინ A-ის განსაზღვრა სისხლში (IgA);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
• ასპერგილას (გალაქტომანანი) ანტიგენი (Aspergillus galactomannan antigen);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის უნდა მოემზადოთ ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე ან პრეპარატის ბოლო მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ, ან ანტიბაქტერიული მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან 7-10 დღის შემდეგ
მასალის აღება ‒ მასალის აღება ხდება ასეპტიკური წესების სრული დაცვით. კანი (ჭრილობის ირგვლივ) მუშავდება 70%-იანი სპირტით, შორდება საცხები, ჩირქი, ნეკროზული ქსოვილი და წრიული მოძრაობით ცენტრიდან პერიფერიისკენ ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული სტერილური ხე-ბამბით მიმდინარეობს ნიმუშის აღება. ღრმა დახურული ანთებითი კერების დროს რეკომენდებულია კვლევის ჩატარება ანააერობებზე.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• ncbi.nlm.nih.gov - Sporotrichosis (StatPearls)
• who.int - WHO Fungal Priority Pathogens List
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი