ჰისტოქიმიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა Helicobacter pilory-ს გამოვლენის მიზნით

ჰისტოქიმიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა Helicobacter pilory-ს გამოვლენის მიზნით

ფასი: 250 ₾

კვლევის შესახებ

ჰელიკობაქტერ პილორი (Helicobacter pylori) არის სპირალისებრი ფორმის გრამუარყოფითი ბაქტერია, რომელიც კოლონიზაციას ახდენს კუჭის ლორწოვან გარსში და წარმოადგენს ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ძირითად ეტიოლოგიურ ფაქტორს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მას მიაკუთვნებს I კლასის (დადასტურებულ) კანცეროგენებს, რადგან ის უკავშირდება კუჭის ადენოკარცინომისა და კუჭის MALT-ლიმფომის განვითარების გაზრდილ რისკს.


კუჭის ბიოფსიურ მასალაში Helicobacter pylori-ს გამოსავლენად გამოიყენება ჰისტოლოგიური მეთოდები. ჰისტოქიმიური შეღებვა (მაგ., მოდიფიცირებული გიმზას (Giemsa) მეთოდი) საშუალებას იძლევა, ბაქტერია გამოვლინდეს კუჭის ეპითელიუმის ზედაპირზე, ხოლო იმუნოჰისტოქიმიური (IHC) კვლევა იყენებს ჰელიკობაქტერის სპეციფიკურ ანტისხეულებს და გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბაქტერიის რაოდენობა მცირეა ან ანთებითი ინფილტრაცია სუსტადაა გამოხატული. ამ შემთხვევებში IHC აღემატება ჩვეულებრივ ჰისტოქიმიურ შეღებვებს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• ქრონიკული გასტრიტის ჰისტოლოგიური დიაგნოსტიკა;

• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

• დისპეფსიის (ეპიგასტრიუმის ტკივილი, გულისრევა, შებერილობა) გამოკვლევა ენდოსკოპიის ფონზე;

• ჰელიკობაქტერ პილორით გამოწვეული ინფექციის დადასტურება ბიოფსიურ მასალაში;

• ერადიკაციული (ანტიბაქტერიული) მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება;

• კუჭის ლორწოვანის ატროფიის, ნაწლავური მეტაპლაზიისა და დისპლაზიის გამოკვლევა;

• კუჭის MALT-ლიმფომისა და კუჭის კიბოს რისკის შეფასება;

• იმ შემთხვევებში, როცა ჰისტოქიმიური შეღებვა ეჭვს ბადებს, მაგრამ არ იძლევა ცალსახა შედეგს (IHC დაზუსტებისთვის).

ინტერპრეტაცია

Helicobacter pylori-ზე კვლევა არის თვისობრივი (აღწერითი) — შედეგი ფასდება კუჭის ლორწოვან გარსში ბაქტერიის არსებობის ან არარსებობის მიხედვით.


დადებითი შედეგი ნიშნავს, რომ ბიოფსიურ მასალაში გამოვლინდა Helicobacter pylori. ეს, როგორც წესი, ასოცირდება:


• აქტიურ ან ქრონიკულ გასტრიტთან;

• პეპტიურ წყლულოვან დაავადებასთან;

• ლორწოვანი გარსის ატროფიასა და ნაწლავურ მეტაპლაზიასთან (ხანგრძლივი ინფექციის ფონზე).


უარყოფითი შედეგი ნიშნავს, რომ მასალაში ბაქტერია არ გამოვლენილა. თუმცა, უარყოფითი პასუხი ბოლომდე ვერ გამორიცხავს ინფექციას, რადგან:


• ბაქტერია შესაძლოა ლორწოვან გარსში კეროვანი (არათანაბარი) ხასიათით იყოს განაწილებული;

• ბოლოდროინდელი ანტიბიოტიკოთერაპია, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (PPI) ან ბისმუტის პრეპარატების მიღება ამცირებს ბაქტერიულ დატვირთვას, რაც იძლევა ცრუ უარყოფით შედეგს.


აღნიშნულ შემთხვევებში, სტანდარტული ჰისტოქიმიური შეღებვის უარყოფითი შედეგის მიუხედავად, იმუნოჰისტოქიმიური (IHC) კვლევა შესაძლოა მაინც გამოავლენდეს ბაქტერიას მისი მაღალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობისა და სპეციფიკურობის გამო.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიცისტის მიერ პაციენტის ანამნეზურ მონაცემებთან და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ჰისტოქიმიური და იმუნოჰისტოქიმიური მეთოდი

მასალის ტიპი

ბიოფსიური ქსოვილი კუჭის ლორწოვანიდან

კვლევის შესრულების დრო

7 სამუშაო დღე

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


pubmed.ncbi.nlm.nih.gov - Sensitivity of H. pylori detection by Giemsa vs IHC and FISH

atm.amegroups.org - Diagnosis of Helicobacter pylori by invasive test: histology

ejh.it - Efficacy of immunohistochemical staining in detecting Helicobacter pylori


ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ქეთევან კანკავა - მოლეკულური პათოლოგიის განყოფილების უფროსი, პათოლოგანატომი, იმუნოჰისტოქიმიის განყოფილების უფროსი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოჰისტოქიმია
Phone