კვლევის შესახებ
თირეოგლობულინი (Thyroglobulin, TG) არის ცილა (გლიკოპროტეინი), რომელსაც გამოიმუშავებს მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედები - როგორც ნორმალური, ისე სიმსივნური. ის წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების - ტრიიოდთირონინის (T3) და თიროქსინის (T4) - სინთეზის ბუნებრივ სუბსტრატს და ინახება ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულებში.
მცირე რაოდენობით თირეოგლობულინი ჩვეულებრივ აღინიშნება სისხლში ყველა ჯანმრთელ ადამიანში. მისი დონე შესაძლოა იცვლებოდეს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა მდგომარეობის დროს, რადგან TG კორელირებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მასასა და მის ფუნქციურ აქტივობასთან.
თირეოგლობულინის ძირითადი კლინიკური გამოყენებაა ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბოს (პაპილარული და ფოლიკულური კარცინომა) მკურნალობის ეფექტურობის შეფასება და რეციდივის მონიტორინგი თირეოიდექტომიის (ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთა) და, საჭიროების შემთხვევაში, რადიოაქტიური იოდით (RAI) აბლაციის შემდგომ პერიოდში. სრული თირეოიდექტომიის შემდეგ ჯანმრთელ ადამიანში TG-ს დონე უნდა იყოს ძალიან დაბალი ან არ განისაზღვრებოდეს - სისხლში მისი არსებობა შესაძლოა მიუთითებდეს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ნარჩენებზე ან სიმსივნის პერსისტენციაზე/რეციდივზე.
TG-ს ანალიზი ყოველთვის უნდა ჩატარდეს თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულების (anti-TG) განსაზღვრასთან ერთად, რადგან აღნიშნულ ანტისხეულებს (რომლებიც გვხვდება მოსახლეობის დაახლოებით 10%-ში და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტების 15-30%-ში) შეუძლია გავლენა მოახდინოს TG-ს გაზომვის სიზუსტეზე (ცრუ-უარყოფითი შედეგის რისკი).
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
თირეოგლობულინის განსაზღვრა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბოს (პაპილარული, ფოლიკულური) რადიკალური მკურნალობის (თირეოიდექტომია, რადიოიოდით აბლაცია) შემდგომი მონიტორინგი - ნარჩენი ქსოვილის ან რეციდივის გამოვლენა;
• ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის ეფექტურობის შეფასება დინამიკაში;
• ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ჩარევის წინა პერიოდში (პრეოპერაციული საბაზისო დონე);
• დესტრუქციული თირეოიდიტის (Hashimoto, ქვემწვავე, მშობიარობის შემდგომი) დიფერენცირება ფაქტიური თირეოტოქსიკოზისაგან (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკონტროლო მიღება);
• ჩვილებში თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის გამოწვევის დაზუსტება (ფარისებრი ჯირკვლის აპლაზიის ან ფერმენტული დეფექტის დიფერენცირება);
• ექტოპიური (არანორმალური ლოკალიზაციის) ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის გამოვლენა;
• ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რეციდივის ეჭვის დროს - კისრის ლიმფური კვანძების გადიდება, ფარისებრი ჯირკვლის საწოლზე ბორცვი, მეტასტაზის ნიშნები.
ინტერპრეტაცია
თირეოგლობულინის (TG) ინტერპრეტაცია მკაცრად დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა პაციენტს ფარისებრი ჯირკვალი მთლიანი (ხელუხლებელი), თუ ჩატარებული აქვს თირეოიდექტომია.
ფარისებრი ჯირკვლის მქონე პაციენტებში TG-ს მომატებული მაჩვენებელი შესაძლოა მიუთითებდეს:
• ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კარცინომა (პაპილარული, ფოლიკულური);
• თირეოტოქსიკოზი (გრევსის დაავადება, ტოქსიური კვანძოვანი ჩიყვი);
• თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს, ქვემწვავე, მშობიარობის შემდგომი) - ანთებითი პროცესისას ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებიდან TG-ს გათავისუფლება;
• კვანძოვანი ჩიყვი, ფოლიკულური ადენომა;
• ფარისებრ ჯირკვალზე იატროგენული ან ტრავმული ზემოქმედება (ბიოფსია, პალპაცია, ქირურგია, ტრავმა);
• იოდის დეფიციტი.
თირეოიდექტომიის შემდგომ პაციენტებში TG-ს ინტერპრეტაცია:
• არადეტექტირებადი (ძალიან დაბალი) TG - მკურნალობის წარმატებაზე და ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის სრულად ამოღებაზე მიუთითებს; რეციდივის რისკი მინიმალურია;
• TG-ს დონის ზრდა დინამიკაში (სერიული გაზომვებისას) - შესაძლოა მიუთითებდეს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ნარჩენების გადიდებაზე ან სიმსივნის რეციდივზე/მეტასტაზებზე;
• TG-ს მაღალი მაჩვენებელი - საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს (ფარისებრი ჯირკვლის ლოჟისა და კისრის ლიმფური კვანძების ულტრაბგერა, რადიოაქტიური იოდით სცინტიგრაფია).
მნიშვნელოვანი შენიშვნა: anti-TG ანტისხეულების არსებობა შესაძლოა იწვევდეს ცრუ-დადებითი ან ცრუ-უარყოფითი TG-ს შედეგებს, ამიტომ ეს ანტისხეულები ყოველთვის უნდა განისაზღვროს TG-ს დონესთან ერთად. TG-ს დინამიკაში მონიტორინგისას სასურველია, კვლევები ჩატარდეს ერთსა და იმავე ლაბორატორიაში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-TG);
• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);
• თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4);
• ტრიიოდთირონინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT3);
• თირეოიდული პეროქსიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-TPO);
• კალციტონინი, სისხლში (მედულარული კიბოს გამოსარიცხად);
• თხელი ნემსით ბიოფსია (FNA) საეჭვო კვანძის შემთხვევაში.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა - ბოლო 12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Thyroglobulin Test
• mayocliniclabs.com - Thyroglobulin, Tumor Marker, Serum
• ncbi.nlm.nih.gov - Thyroglobulin (StatPearls)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.