კვლევის შესახებ
იმუნოგლობულინი A (IgA) არის ერთ-ერთი ძირითადი ანტისხეული, რომელსაც გამოიმუშავებს იმუნური სისტემა (B-ლიმფოციტები და პლაზმური უჯრედები). იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის თავდაცვაში - განსაკუთრებით - ლორწოვანი გარსების დონეზე.
IgA უპირატესად გვხვდება სხეულის სითხეებსა და ლორწოვან გარსებში - სასუნთქ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ნერწყვში, ცრემლში, დედის რძესა და უროგენიტალურ სისტემაში. იქ იგი წარმოადგენს ადგილობრივი დაცვის პირველ ხაზს - აკავებს და ანეიტრალებს ბაქტერიებს, ვირუსებს, ტოქსინებსა და სხვა პათოგენებს მათ მიერ ორგანიზმში შეჭრამდე. IgA შეადგენს ნორმალური სისხლის შრატის იმუნოგლობულინების დაახლოებით 15%-ს, მაშინ როდესაც IgG შეადგენს 80%-ს და IgM - 5%-ს.
IgA არსებობს ორ ძირითად ფორმაში:
• სეკრეტორული IgA - ლორწოვან გარსებში და სითხეებში მდებარე დიმერული ფორმა;
• შრატისეული IgA - სისხლში მოცირკულირე მონომერული ფორმა.
IgA-ს რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში არის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ეხმარება ექიმს იმუნური სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებაში - განსაკუთრებით - იმუნოდეფიციტური და აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკაში. ერთ-ერთი ხშირი იმუნოდეფიციტი, სელექციური IgA-ს დეფიციტი, გვხვდება 700 ადამიანიდან ერთში (1:700 სიხშირით).
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ხშირი, რეციდივირებადი ინფექციები - განსაკუთრებით სასუნთქი (სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია) და კუჭ-ნაწლავის (გასტროენტერიტი, დიარეა) ინფექციები;
• ქრონიკული ინფექციები ან ინფექციური დაავადებები, რომლებიც ცუდად პასუხობენ მკურნალობას;
• იმუნოდეფიციტურ მდგომარეობებზე ეჭვი - სელექციური IgA-ის დეფიციტი, საერთო ცვალებადი იმუნოდეფიციტი (CVID), პრიმარული იმუნოდეფიციტი;
• ცელიაკიის (გლუტენის ენტეროპათიის) დიაგნოსტიკა - ანტი-ტკანის ტრანსგლუტამინაზის IgA ანტისხეულები მნიშვნელოვანი მარკერია, თუმცა საერთო IgA-ის წინასწარი განსაზღვრა აუცილებელია, რათა გამოირიცხოს IgA-ის დეფიციტი (რომელიც გავრცელებულია ცელიაკიის მქონე პაციენტებში);
• მუდმივი დიარეა, წონის დაკლება, აპათია - განსაკუთრებით ბავშვებში;
• აუტოიმუნური დაავადებების შეფასება - სისტემური წითელი მგლურა (SLE), რევმატოიდული ართრიტი, ჰენოხ-შონლეინის პურპურა (HSP), IgA ნეფროპათია;
• მონოკლონური გამაპათიების და მრავლობითი მიელომის (განსაკუთრებით IgA-მიელომა) დიაგნოსტიკა და მონიტორინგი;
• ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ციროზი, ალკოჰოლური ღვიძლის დაავადება) შეფასება;
• ალერგიული მდგომარეობების ან ქრონიკული ანთებითი დაავადებების მონიტორინგი;
• ვაქცინაციაზე იმუნური პასუხის შეფასება ხშირი ინფექციების ფონზე;
• ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში - ცნობილი იმუნოდეფიციტი ან IgA-ის დეფიციტი ნათესავებში.
ინტერპრეტაცია
იმუნოგლობულინ A-ის (IgA) მაჩვენებლის ინტერპრეტაცია დამოკიდებულია იმაზე, მისი დონე მომატებულია თუ დაქვეითებული.
IgA-ის მომატებული მაჩვენებელი შესაძლოა აღინიშნოს შემდეგ შემთხვევებში:
• ქრონიკული ინფექციები (განსაკუთრებით ლორწოვანი გარსების - სასუნთქი ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის);
• ქრონიკული ღვიძლის დაავადებები (ციროზი, ალკოჰოლური ღვიძლის დაავადება);
• ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ნაწლავის ანთებითი დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი);
• IgA ნეფროპათია, ჰენოხ-შონლეინის პურპურა;
• მრავლობითი მიელომა (IgA ტიპის) და მონოკლონური გამაპათიები;
• აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა).
IgA-ის დაქვეითებული მაჩვენებელი შესაძლოა აღინიშნოს შემდეგ შემთხვევებში:
• სელექციური IgA-ის დეფიციტი (ყველაზე გავრცელებული პირველადი იმუნოდეფიციტი);
• საერთო ცვალებადი იმუნოდეფიციტი (CVID);
• სხვა თანდაყოლილი (პირველადი) იმუნოდეფიციტები;
• ნეფროზული სინდრომი ან ენტეროპათია (ცილების დაკარგვა);
• იმუნოსუპრესიული თერაპია;
• ცალკეული მედიკამენტების გამოყენება.
მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი:
• IgA-ის დონე ფიზიოლოგიურად დაბალია ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში და ასაკთან ერთად იმატებს;
• ცელიაკიის სეროლოგიური დიაგნოსტიკისას აუცილებელია საერთო IgA-ის წინასწარი განსაზღვრა, რადგან IgA-ის დეფიციტის შემთხვევაში tTG-IgA-ის შედეგი შესაძლოა ცრუ-უარყოფითი იყოს;
• სელექციური IgA-ის დეფიციტის მქონე პაციენტებში სისხლის კომპონენტების გადასხმისას არსებობს ანაფილაქსიური რეაქციის რისკი.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• იმუნოგლობულინ G-ის განსაზღვრა სისხლში (IgG);
• იმუნოგლობულინ M-ის განსაზღვრა სისხლში (IgM);
• იმუნოგლობულინ E-ის განსაზღვრა სისხლში (IgE);
• იმუნოგლობულინი D (IgD), სისხლში;
• ცილის ფრაქციები (ცილოვანი ელექტროფორეზი);
• იმუნოფიქსაცია (მონოკლონური გამაპათიების გამოვლენა);
• თავისუფალი მსუბუქი ჯაჭვები (Free Light Chains, κ/λ);
• T- და B-ლიმფოციტების სუბპოპულაციები (ფლოუ-ციტომეტრია);
• კომპლემენტის C3 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C3);
• კომპლემენტის C4 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C4);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Immunoglobulins Blood Test
• my.clevelandclinic.org - Immunoglobulin A (IgA)
• mayocliniclabs.com - Immunoglobulin A, Serum
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.