კვლევის შესახებ
იმუნოგლობულინი M (IgM) არის ანტისხეული, რომელსაც იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ინფექციის საპასუხოდ. IgM მოლეკულური მასით უდიდესი ანტისხეულია სისხლში და პირველად სინთეზირდება ორგანიზმში ახალი ინფექციის (ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტული) ან უცხო ანტიგენის გამოვლენის პასუხად.
IgM სინთეზდება B-ლიმფოციტების მიერ და უმეტესწილად ცირკულირებს სისხლის ნაკადსა და ლიმფურ სითხეში. ის წარმოადგენს ე.წ. „ადრეული პასუხის“ ანტისხეულს; მისი დონე სწრაფად მატულობს ინფექციის პირველ კვირებში, შემდეგ კი თანდათან მცირდება, რადგან მას ცვლის IgG (გვიანი ტიპის, ხანგრძლივი იმუნური მეხსიერების ანტისხეული).
IgM-ის რაოდენობრივი განსაზღვრა ეხმარება ექიმს ინფექციური პროცესის სტადიის (ახალი ან ძველი), იმუნური სისტემის სტატუსისა და გარკვეული აუტოიმუნური და ჰემატოლოგიური დაავადებების შეფასებაში.
IgM-ის დონის ცვლილება შესაძლოა მიუთითებდეს როგორც აქტიურ ინფექციაზე, ისე იმუნოდეფიციტურ მდგომარეობაზე ან მონოკლონური გამაპათიის მქონე ჰემატოლოგიურ დაავადებაზე.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• აქტიური ინფექციური დაავადების ეჭვი (ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტული);
• ხშირი ან განმეორებითი ინფექციები (განსაკუთრებით სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის);
• იმუნური სისტემის ფუნქციის შეფასება (პირველადი ან მეორადი იმუნოდეფიციტის ეჭვი);
• ჰიპერ-IgM სინდრომის ეჭვი;
• მაკროგლობულინემიის (ვალდენსტრემის) ან სხვა ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების დიაგნოსტიკა და მონიტორინგი;
• აუტოიმუნური დაავადებების (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა) დიფერენციული დიაგნოსტიკა;
• ღვიძლის ქრონიკული დაავადებები (პირველადი ბილიური ქოლანგიტი);
• ახალშობილებში თანდაყოლილი ინფექციების (TORCH) ეჭვი.
ინტერპრეტაცია
IgM-ის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• მწვავე ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები (ვირუსული ჰეპატიტი, ციტომეგალოვირუსი, ეპშტაინ-ბარის ვირუსი, ტოქსოპლაზმოზი);
• პარაზიტული ინფექციები (მალარია, ტრიპანოსომოზი);
• ჰიპერ-IgM სინდრომი;
• ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია (მონოკლონური IgM-ის წარმოქმნა);
• პირველადი ბილიური ქოლანგიტი (ღვიძლის ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება);
• რევმატოიდული ართრიტი;
• ნეფროზული სინდრომის ზოგიერთი ფორმა;
• ახალშობილებში თანდაყოლილი ინფექციები (IgM პლაცენტას არ კვეთს, ამიტომ მისი არსებობა ახალშობილში მიუთითებს შიდაუტერულ ინფექციაზე).
IgM-ის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• პირველადი იმუნოდეფიციტი (სელექციური IgM-დეფიციტი, საერთო ცვალებადი იმუნოდეფიციტი - CVID);
• მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი (SCID);
• იმუნოსუპრესიული თერაპია (კორტიკოსტეროიდები, ქიმიოთერაპია);
• პროტეინ-მკარგავი ენტეროპათია, ნეფროზული სინდრომი (ცილების დაკარგვა);
• მრავლობითი მიელომა (IgG ან IgA ტიპის);
• გენეტიკური სინდრომები (ვისკოტ-ოლდრიჩი, ატაქსია-ტელანგიექტაზია).
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• იმუნოგლობულინ G-ის განსაზღვრა სისხლში (IgG);
• იმუნოგლობულინ A-ის განსაზღვრა სისხლში (IgA);
• იმუნოგლობულინ E-ის განსაზღვრა სისხლში (IgE);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა სისხლში (RF);
• ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• კომპლემენტის C3 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C3);
• კომპლემენტის C4 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C4).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Immunoglobulins Blood Test
• ncbi.nlm.nih.gov - Immunoglobulin M (StatPearls)
• labtestsonline.org.uk - Immunoglobulins
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.