კვლევის შესახებ
იმუნოგლობულინი G1 (IgG1) არის G კლასის ანტისხეულის ოთხი ქვეკლასიდან ერთ-ერთი და მათ შორის ყველაზე ჭარბად წარმოდგენილი. იმუნოგლობულინი G (IgG) სისხლში ყველაზე გავრცელებული ანტისხეულია და იყოფა ქვეკლასებად - IgG1, IgG2, IgG3 და IgG4.
IgG1 მთლიანი IgG-ის დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს. იგი, IgG3-თან ერთად, ძირითადად ცილოვანი ბუნების ანტიგენების (მათ შორის - ვირუსებისა და ბაქტერიული ცილების) წინააღმდეგ მუშაობს და ეფექტურად ააქტიურებს კომპლემენტის სისტემას.
IgG1-ის დონე მოზრდილის მაჩვენებელს შედარებით ადრე - 5-7 წლის ასაკისთვის აღწევს.
IgG1-ის განსაზღვრა IgG ქვეკლასების დეფიციტის დიაგნოსტიკის ნაწილია. ვინაიდან IgG1 მთლიანი IgG-ის უდიდეს ნაწილს შეადგენს, მისი მნიშვნელოვანი დეფიციტი ჩვეულებრივ მთლიანი IgG-ის დონესაც ამცირებს (ჰიპოგამაგლობულინემია) - ამიტომ იზოლირებული IgG1-ის დეფიციტი ნორმალური მთლიანი IgG-ის ფონზე იშვიათია.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ხშირი, განმეორებითი ან მძიმე ინფექციები - განსაკუთრებით სასუნთქი გზების;
• იმუნოდეფიციტის ეჭვი, განსაკუთრებით - დაბალი მთლიანი IgG-ის (ჰიპოგამაგლობულინემიის) გამოვლენისას;
• IgG ქვეკლასების სრული პანელის ნაწილად (IgG1, IgG2, IgG3, IgG4);
• ცვალებადი საერთო იმუნოდეფიციტის (CVID) ან სხვა პირველადი იმუნოდეფიციტის გამოკვლევა;
• ვაქცინაციაზე იმუნური პასუხის შეფასების დამხმარე გამოკვლევა;
• უკვე გამოვლენილი დაბალი IgG1-ის გადამოწმება დინამიკაში;
• იმუნოგლობულინების ჩანაცვლებითი თერაპიის საჭიროების შეფასების კომპლექსური გამოკვლევის ნაწილად.
ინტერპრეტაცია
IgG1-ის შედეგი ფასდება თვისობრივად – IgG1-ის დონე ფასდება როგორც ნორმალური, დაქვეითებული ან მომატებული, ასაკობრივი ნორმების გათვალისწინებით.
IgG1-ის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა ასოცირდებოდეს:
• მთლიანი IgG-ის დაქვეითებასთან (ჰიპოგამაგლობულინემია), რადგან IgG1 IgG-ის ძირითად ნაწილს შეადგენს;
• პირველად იმუნოდეფიციტურ მდგომარეობებთან, მათ შორის – საერთო ცვალებად იმუნოდეფიციტთან (CVID);
• რესპირაციული ტრაქტის რეციდივულ ინფექციებთან;
• სხვა IgG ქვეკლასების (ხშირად - IgG3-ის) თანმხლებ დეფიციტთან;
• მეორეული იმუნოდეფიციტით მიმდინარე მდგომარეობებთან (ცილის დაკარგვა, ცალკეული მედიკამენტები, სისხლის სისტემის დაავადებები).
IgG1-ის მომატებული მაჩვენებელი:
IgG ქვეკლასების მომატება ჩვეულებრივ არასპეციფიკურია და გვხვდება ქრონიკული ინფექციების, ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებების ფონზე (პოლიკლონური მომატება). იშვიათ შემთხვევაში მონოკლონური IgG1 ცილა პლაზმურუჯრედოვან დაავადებას უკავშირდება.
მნიშვნელოვანია, რომ IgG1-ის დაბალი დონე ხშირად მთლიანი IgG-ის დაქვეითების ნაწილია და სხვა ქვეკლასების შეფასებას მოითხოვს. შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს მთლიანი იმუნოგლობულინების, ვაქცინაციაზე იმუნური პასუხისა და პაციენტის ინფექციური ანამნეზის ერთობლიობაში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• იმუნოგლობულინ G-ის განსაზღვრა სისხლში (IgG);
• იმუნოგლობულინ A-ის განსაზღვრა სისხლში (IgA);
• იმუნოგლობულინ M-ის განსაზღვრა სისხლში (IgM);
• იმუნოგლობულინ E-ის განსაზღვრა სისხლში (IgE);
• შრატის ცილების ელექტროფორეზი (SPEP);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• ვაქცინაციის შემდგომი სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრა (ანტი-პნევმოკოკური, ანტი-ჰემოფილური).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• mayocliniclabs.com - IgG Subclasses, Serum
• labcorp.com - Immunoglobulin G, Subclasses (1-4)
• ncbi.nlm.nih.gov - Reappraisal of IgG subclass deficiencies
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.