კვლევის შესახებ
ბილირუბინი არის ჰემის დაშლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება ძირითადად ძველი, დაშლილი ერითროციტების ჰემოგლობინის მეტაბოლიზმის შედეგად. ის წარმოადგენს ნაღვლის მთავარ პიგმენტს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ღვიძლისა და ნაღვლოვანი გზების ფუნქციური შეფასებისთვის.
საერთო ბილირუბინი (TBIL) ორი ფრაქციისგან შედგება:
• არაპირდაპირი (არაკონიუგირებული) ბილირუბინი - წარმოიქმნება ერითროციტების დაშლის შემდეგ ელენთასა და სხვა რეტიკულოენდოთელურ უჯრედებში; ის წყალში არახსნადია და სისხლში ალბუმინს უკავშირდება;
• პირდაპირი (კონიუგირებული) ბილირუბინი - წარმოიქმნება ღვიძლში გლუკურონიდაციის შედეგად; წყალში ხსნადია და ნაღველთან ერთად ნაწლავში გამოიყოფა.
ერთობლივად, ბილირუბინის ფრაქციების შეფასება საშუალებას გვაძლევს დიფერენციალურად შევაფასოთ სიყვითლის (იქტერუსის) ეტიოლოგია - ჰემოლიზური (პრეჰეპატური), ჰეპატოცელულარული (ჰეპატური) ან ობსტრუქციული (პოსტჰეპატური) წარმოშობა.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• კანის, ლორწოვანებისა და სკლერების სიყვითლე;
• დაუძლეველი ქავილი;
• მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში ტკივილი;
• მუქი ფერის შარდი, ღია (აქოლიური) განავალი;
• ღებინება, მადის დაკარგვა, წონის დაქვეითება;
• ვირუსული ჰეპატიტის ეჭვი ან მონიტორინგი;
• ღვიძლის ციროზის და ღვიძლის უკმარისობის შეფასება;
• ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის გზების დაავადებები (ქოლედოქოლითიაზი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
• ჰემოლიზური ანემიების დიაგნოსტიკა;
• ახალშობილთა სიყვითლის შეფასება;
• გილბერტის სინდრომის ეჭვი;
• ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტების მიღების ფონზე;
• პრევენციული გამოკვლევა.
ინტერპრეტაცია
საერთო ბილირუბინის მაღალი მაჩვენებელი (ჰიპერბილირუბინემია) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
პრეჰეპატური (ჰემოლიზური) მიზეზები - ჭარბობს არაპირდაპირი ბილირუბინი:
• ჰემოლიზური ანემიები (ავტოიმუნური, თანდაყოლილი - სფეროციტოზი, ნამგლისებრუჯრედოვანი, თალასემია);
• G6PD-ის დეფიციტი;
• ერითროციტების ხელოვნური ჰემოლიზი (ნიმუშის არასწორი აღება);
• ახალშობილთა ფიზიოლოგიური სიყვითლე;
• გილბერტის სინდრომი, კრიგლერ-ნაიარის სინდრომი;
• დიდი ჰემატომების რეზორბცია.
ჰეპატური მიზეზები - შერეული ფრაქცია (პირდაპირი + არაპირდაპირი):
• ვირუსული ჰეპატიტი (A, B, C, D, E);
• ალკოჰოლური და არაალკოჰოლური ჰეპატიტი;
• მედიკამენტოზური ჰეპატიტი;
• ავტოიმუნური ჰეპატიტი;
• ღვიძლის ციროზი, ჰეპატოცელულარული კარცინომა;
• დუბინ-ჯონსონისა და როტორის სინდრომები.
პოსტჰეპატური (ობსტრუქციული) მიზეზები - ჭარბობს პირდაპირი ბილირუბინი:
• ქოლედოქოლითიაზი (ნაღვლის სადინარის ქვა);
• ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი;
• პანკრეასის თავის სიმსივნე;
• ნაღვლის სადინარის სტრიქტურები, სიმსივნე;
• პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი, პირველადი ბილიური ქოლანგიტი (PBC).
საერთო ბილირუბინის დაბალი მაჩვენებელი ჩვეულებრივ კლინიკურ მნიშვნელობას მოკლებულია.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (DBIL);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT,AST,GGT,ALP,TBIL,DBIL);
• საერთო ცილა (Total Protein), შრატში;
• ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH);
• რეტიკულოციტების განსაზღვრა სისხლში (RET);
• კუმბსის პირდაპირი რეაქცია (DAT);
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა, სწრაფი ტესტი (HBsAg);
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა, სწრაფი ტესტი (anti-HCV);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (გარდა სუფთა წყლისა);
• კვლევის ჩატარებამდე 24 საათით ადრე თავი შეიკავეთ ცხიმოვანი საკვებისა და ალკოჰოლის მიღებისგან;
• ხანგრძლივმა (24 საათზე მეტი ხნის) შიმშილმა შესაძლოა გამოიწვიოს ბილირუბინის ცრუ მომატება, ამიტომ ეს გასათვალისწინებელია;
• აცნობეთ ექიმს მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპიის შესახებ;
•არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Bilirubin Blood Test
• mayoclinic.org - Bilirubin Test
• ncbi.nlm.nih.gov - Physiology, Bilirubin (StatPearls)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.