კვლევის შესახებ
სეროზული ღრუების სითხეების - პლევრალური, პერიკარდიალური, პერიტონეული და სინოვიალური სითხის - ფიზიკურ-ბიოქიმიური და ციტოლოგიური გამოკვლევა არის ორგანიზმის ღრუებში დაგროვილი სითხის კომპლექსური ანალიზი. ფიზიოლოგიურად ამ ღრუებში მცირე რაოდენობით სითხეა, თუმცა სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს მისი რაოდენობა მატულობს (პათოლოგიური ექსუდაცია/ეფუზია).
გამოკვლევა მოიცავს:
• ფიზიკურ თვისებებს - ფერი, სიცხადე, კონსისტენცია;
• ბიოქიმიურ მაჩვენებლებს - ცილა, ლაქტატდეჰიდროგენაზა (LDH), გლუკოზა, ალბუმინი, ზოგჯერ - ამილაზა;
• ციტოლოგიურ გამოკვლევას - უჯრედების რაოდენობა და დიფერენცირება.
გამოკვლევის უმთავრესი მიზანია სითხის დიფერენცირება ტრანსუდატად (ჰიდროსტატიკური/ონკოზური წნევის დარღვევით გამოწვეული, ანთების გარეშე) ან ექსუდატად (ანთებითი ან სიმსივნური პროცესით გამოწვეული).
ტრანსუდატსა და ექსუდატს შორის დიფერენცირება (პლევრალური სითხისთვის - Light-ის კრიტერიუმებით, ასციტისთვის - შრატ-ასციტის ალბუმინის გრადიენტით, SAAG) განსაზღვრავს დაავადების მიზეზის ძიების მიმართულებას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• პლევრალური გამონაჟონი (ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, რენტგენზე გამოვლენილი სითხე) - მიზეზის დასადგენად;
• ასციტი (მუცლის გადიდება, მუცლის ღრუში სითხის დაგროვება) - ღვიძლის ციროზის, სიმსივნის, ინფექციის დიფერენცირება;
• პერიკარდიალური გამონაჟონი - გულის გარშემო სითხის მიზეზის შესაფასებლად;
• სახსრის შეშუპება, ტკივილი, სიწითლე (სინოვიალური სითხის გამოკვლევა - ართრიტის, ინფექციის, პოდაგრის ან კრისტალური ართროპათიის დიფერენცირება);
• გამონაჟონის ინფიცირების ეჭვი (სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი, ემპიემა, სეპტიური ართრიტი);
• სიმსივნური (მალიგნური) გამონაჟონის ეჭვი.
ინტერპრეტაცია
ფიზიკური თვისებები:
• გამჭვირვალე, მოყვითალო სითხე უფრო დამახასიათებელია ტრანსუდატისთვის;
• მღვრიე ან ჩირქოვანი სითხე მიუთითებს ინფექციურ პროცესზე (ექსუდატი, ემპიემა);
• ჰემორაგიული (სისხლიანი) სითხე შესაძლოა ასოცირდებოდეს ტრავმასთან, მალიგნიზაციასთან (სიმსივნე) ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიასთან;
• რძისებრი (ქილოზური) სითხე მიუთითებს ლიმფური სისტემის დაზიანებაზე (ქილოთორაქსი).
ბიოქიმიური მაჩვენებლები:
• ცილისა და LDH-ის (ლაქტატდეჰიდროგენაზა) მაღალი დონე დამახასიათებელია ექსუდატისთვის (ანთება, ინფექცია, ნეოპლაზია);
• დაბალი ცილა და LDH-ის აქტივობა მიუთითებს ტრანსუდატზე (გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ნეფროზული სინდრომი);
• გლუკოზის დონის დაქვეითება ახასიათებს ინფექციურ პროცესს, რევმატოიდულ ანთებას ან მალიგნიზაციას;
• ამილაზას აქტივობის მომატება პლევრალურ ან ასციტურ სითხეში მიუთითებს პანკრეასის პათოლოგიაზე (მაგ., პანკრეატიტი).
მიკროსკოპული (ციტოლოგიური) გამოკვლევა:
• ნეიტროფილების სიჭარბე (ნეიტროფილია) მიუთითებს მწვავე ბაქტერიულ ინფექციაზე;
• ლიმფოციტების სიჭარბე (ლიმფოციტოზი) დამახასიათებელია ტუბერკულოზური ან ქრონიკული ანთებითი პროცესებისთვის;
• ატიპიური (სიმსივნური) უჯრედების აღმოჩენა მიუთითებს მალიგნურ პროცესზე;
• სინოვიალურ სითხეში კრისტალების იდენტიფიცირება ადასტურებს პოდაგრას ან ფსევდოპოდაგრას.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP);
• ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB) - SAAG-ის გამოსათვლელად;
• ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH);
• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);
• ალფა-ამილაზას განსაზღვრა სისხლში (α-Amylase);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid) - სინოვიალური სითხის/პოდაგრის შემთხვევაში;
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL) - ასციტის/ციროზის შემთხვევაში;
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• www.medlineplus.gov - Pleural Fluid Analysis
• www.ncbi.nlm.nih.gov - Pleural Fluid and Ascites Biochemistry
• my.clevelandclinic.org - Pleural Effusion
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.