ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH)

ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH)

ფასი: 25 ₾

კვლევის შესახებ

ლაქტატდეჰიდროგენაზა (LDH) არის ფერმენტი, რომელიც კატალიზს უწევს ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს. LDH მონაწილეობს უჯრედული ენერგიის (გლიკოლიზის) მეტაბოლიზმში და წარმოდგენილია ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილში.

LDH-ის მაღალი კონცენტრაციაა წარმოდგენილი ჩონჩხის კუნთებში, ღვიძლში, თირკმელებში, მიოკარდიუმსა (გულის კუნთი) და ერითროციტებში (სისხლის წითელ უჯრედებში). ქსოვილოვანი დაზიანების (ტრავმის ან პათოლოგიური პროცესის) დროს, დაზიანებული უჯრედებიდან ფერმენტი გამონთავისუფლდება და ხვდება სისხლის მიმოქცევაში - სწორედ ამიტომ LDH-ის მომატება უჯრედული დაზიანების (ციტოლიზის) ზოგადი მაჩვენებელია.

სისხლში LDH-ის გარკვეული რაოდენობით არსებობა ფიზიოლოგიური ნორმაა. მისი მომატება მიუთითებს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ უჯრედულ დაზიანებაზე, თუმცა თავად LDH-ის ანალიზი ვერ აზუსტებს, კონკრეტულად რომელი ორგანო ან ქსოვილია დაზიანებული.

LDH არასპეციფიკური მარკერია - იგი გამოიყენება სხვა, უფრო სპეციფიკურ კვლევებთან ერთად, მრავალი მწვავე და ქრონიკული მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის. თუ LDH-ის დონე მომატებულია, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს LDH-ის იზოფერმენტების კვლევა, რომელიც ეხმარება დაზიანებული ორგანოსა თუ ქსოვილის იდენტიფიცირებაში.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ქსოვილოვანი დაზიანების არსებობისა და სიმძიმის შესაფასებლად;

• ჰემოლიზური ანემიის (ერითროციტების დაშლის) დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის;

• ღვიძლის დაავადებების შეფასებისას;

• გარკვეული ონკოლოგიური დაავადებების (განსაკუთრებით - ლიმფომის, ლეიკოზის, სათესლე ჯირკვლის სიმსივნის) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მონიტორინგისთვის;

• კუნთების დაზიანების ეჭვის შემთხვევაში;

• ფილტვის ემბოლიის ან ინფარქტის ეჭვის შემთხვევაში;

• ინფექციური და ანთებითი პროცესების შეფასებისას;

• გამონაჟონი სითხეების (პლევრალური, პერიკარდიალური, ასციტური) ბუნების დასაზუსტებლად.

ინტერპრეტაცია

LDH-ის მომატება ქსოვილოვანი დაზიანების მაჩვენებელია და შესაძლოა აღინიშნოს:

• ჰემოლიზური ანემიებისას (ერითროციტების დაშლა);

• ღვიძლის დაავადებების დროს (ჰეპატიტი, ციროზი);

• მიოკარდიუმის დაზიანების დროს;

• თირკმლის დაავადებების დროს;

• კუნთების დაზიანების (ტრავმა, ანთება) დროს;

• ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ან ინფარქტის დროს;

• ონკოლოგიური დაავადებების დროს (ლიმფომა, ლეიკოზი, სხვადასხვა სოლიდური სიმსივნე);

• მწვავე ინფექციებისა და სეფსისის დროს;

• პანკრეატიტისა და ნაწლავის იშემიის დროს.

LDH-ის მომატება ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს არაპათოლოგიური ფაქტორებით: ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით, ზოგიერთი მედიკამენტით, აგრეთვე - სისხლის ნიმუშის აღების ან დამუშავებისას ერითროციტების ინ ვიტრო ჰემოლიზით.

LDH-ის დაბალი დონე იშვიათია და ჩვეულებრივ კლინიკურ პრობლემას არ წარმოადგენს; ის შესაძლოა აღინიშნოს C ან E ვიტამინების მაღალი დოზით მიღებისას, აგრეთვე - იშვიათი გენეტიკური დარღვევის - LDH-ის დეფიციტის - ფონზე.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - LDH

mayocliniclabs.com - LDH

testing.com - LDH

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone