კვლევის შესახებ
ელექტროლიტები არის მინერალური ნივთიერებები (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, კალციუმი და სხვა), რომლებიც სითხეში გახსნისას იძენენ ელექტრულ მუხტს. ისინი აუცილებელია ორგანიზმის სითხეთა ბალანსის, ნერვული და კუნთოვანი მუშაობის, არტერიული წნევისა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შესანარჩუნებლად.
თირკმელები წარმოადგენს ელექტროლიტების ბალანსის მთავარ მარეგულირებელ ორგანოს. სისხლში ელექტროლიტები თავისუფლად იფილტრება თირკმლის გლომერულში, შემდეგ კი მათი დიდი ნაწილი უკან შეიწოვება სისხლში. ჭარბი ელექტროლიტები არ შეიწოვება და გამოიყოფა შარდთან ერთად.
შარდში ელექტროლიტების კონცენტრაცია გვიჩვენებს, როგორ ართმევს თავს თირკმელი მათ გამოყოფას. ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია კვების რაციონზე, ჰიდრატაციის დონესა და მიღებულ მედიკამენტებზე.
შარდის ელექტროლიტების კვლევა ჩვეულებრივ ტარდება სისხლის ელექტროლიტების კვლევის შემდეგ – სისხლში მათი დაბალი ან მაღალი დონის მიზეზის დასადგენად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• სისხლში ელექტროლიტების დისბალანსის (ჰიპონატრიემია, ჰიპერნატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია) მიზეზის დადგენა;
• თირკმლის ფუნქციის შეფასება, მწვავე თირკმლის დაზიანების ეჭვი;
• ორგანიზმის სითხეთა ბალანსისა და ჰიდრატაციის სტატუსის შეფასება;
• მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევების (მეტაბოლური აციდოზი ან ალკალოზი) გამოკვლევა;
• არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზის დაზუსტება (განსაკუთრებით - ენდოკრინული ჰიპერტენზიის ეჭვის შემთხვევაში);
• თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონული დარღვევების (მაგ., ალდოსტერონის ჭარბი ან დეფიციტური გამომუშავება) ეჭვი;
• თირკმლის კენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტების გამოკვლევა;
• შარდმდენი (დიურეზული) თერაპიის ეფექტისა და უსაფრთხოების მონიტორინგი.
ინტერპრეტაცია
შარდში ნატრიუმის (Na⁺) მომატებული დონე შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• შარდმდენი მედიკამენტების მიღება;
• თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა;
• თირკმლის მილაკოვანი დაზიანება (მარილის კარგვა);
• არაკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი (ოსმოსური დიურეზი).
შარდში ნატრიუმის დაქვეითებული დონე შესაძლოა აღინიშნოს:
• დეჰიდრატაცია, ორგანიზმის სითხის დანაკლისი;
• გულის შეგუბებითი უკმარისობა;
• ღვიძლის ციროზი;
• ალდოსტერონის ჭარბი გამომუშავება (ჰიპერალდოსტერონიზმი).
შარდში კალიუმის (K⁺) დონის ცვლილებები შესაძლოა მიუთითებდეს:
• კალიუმის მომატება — მინერალოკორტიკოიდების (მაგ., ალდოსტერონის) ჭარბი მოქმედება, შარდმდენების მიღება;
• კალიუმის კლება — თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (ადისონის დაავადება), კალიუმის მცირე მიღება საკვებიდან.
შარდში ქლორის (Cl⁻) და კალციუმის (Ca²⁺) დონის ცვლილებები ფასდება ნატრიუმისა და კალიუმის მაჩვენებლებთან, ასევე მჟავა-ტუტოვან სტატუსთან ერთად.
მნიშვნელოვანია, რომ შარდის ელექტროლიტების მაჩვენებლები მკვეთრად მერყეობს კვებისა და სითხის მიღების მიხედვით, ამიტომ ისინი ყოველთვის ფასდება სისხლის ელექტროლიტების შედეგებთან ერთად.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Na⁺, K⁺, Ca²⁺, Cl⁻);
• კრეატინინის განსაზღვრა შარდში (Creatinine, Urine);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
• შარდოვანას აზოტის განსაზღვრა სისხლში (BUN);
• შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis);
• გაზებისა და ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში (BGA);
• ცილის განსაზღვრა 24-საათიან შარდში (Protein, 24h Urine);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
• 24-საათიანი შარდის შეგროვებისას ზუსტად დაიცავით შეგროვების წესი და სრულად შეაგროვეთ შარდი მითითებული პერიოდის განმავლობაში;
• კვლევის წინ შეინარჩუნეთ ჩვეული კვებისა და სითხის მიღების რეჟიმი, თუ ექიმი სხვაგვარად არ მიგითითებთ.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Electrolytes - urine
• ncbi.nlm.nih.gov - Henry's Clinical Diagnosis: Evaluation of renal function, water, electrolytes
• my.clevelandclinic.org - Electrolytes
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.