კვლევის შესახებ
ელექტროლიტები ელექტრული მუხტის მქონე მინერალური ნივთიერებებია, რომლებიც აუცილებელია ნერვული იმპულსების გადაცემის, კუნთების შეკუმშვის, გულის რიტმისა და ორგანიზმში სითხის ბალანსის რეგულაციისთვის. ორგანიზმი მათ საკვებითა და სასმელით იღებს, ხოლო მათ დონეს ძირითადად თირკმელები და ჰორმონული სისტემა აკონტროლებს.
ამ კვლევით ძირითადად ფასდება:
• ნატრიუმი (Na⁺) – უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი გადაცემის რეგულაციას და ორგანიზმში სითხის მოცულობის კონტროლს;
• კალიუმი (K⁺) – მნიშვნელოვანი კომპონენტია გულის კუნთის მუშაობისთვის, გავლენას ახდენს გულის რიტმზე და უზრუნველყოფს კუნთოვანი და ნერვული ქსოვილის სწორ ფუნქციონირებას;
• ქლორი (Cl⁻) – ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია სითხის ბალანსისა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის რეგულაციაში;
• იონიზირებული კალციუმი (Ca²⁺) – კალციუმის ბიოლოგიურად აქტიური (თავისუფალი) ფრაქციაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის მუშაობაში, ნერვული იმპულსების გადაცემასა და კუნთების შეკუმშვაში.
ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა შესაძლოა განვითარდეს როგორც მწვავე მდგომარეობების (ხანგრძლივი ღებინება, დიარეა, დეჰიდრატაცია, დამწვრობა), ისე ქრონიკული დაავადებების (თირკმლის, გულის, ღვიძლისა და ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები) და ზოგიერთი მედიკამენტის მიღების ფონზე. სწორედ ამიტომ ელექტროლიტების კვლევა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დანიშნული ლაბორატორიული ტესტია როგორც ამბულატორიულ, ისე გადაუდებელ სამედიცინო პრაქტიკაში.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის რიტმის დარღვევა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შეშუპება);
• თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
• თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები (ადისონის დაავადება, ჰიპერალდოსტერონიზმი, კუშინგის სინდრომი);
• ნერვ-კუნთოვანი სიმპტომები (კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კიდურების დაბუჟება ან ჩხვლეტა);
• ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის ეჭვი;
• დეჰიდრატაცია (ხანგრძლივი ღებინება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა, დამწვრობა) ან ჭარბი სითხის მიღება;
• მალაბსორბციის სინდრომი ან პარენტერალური კვება;
• ენდოკრინული დაავადებები (შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი, ფარისებრი და პარათირეოიდული ჯირკვლის პათოლოგიები);
• ზოგიერთი მედიკამენტით (დიურეტიკები, აგფ-ინჰიბიტორები, კორტიკოსტეროიდები, ქიმიოთერაპიული საშუალებები) მკურნალობის მონიტორინგი;
• არასპეციფიკური ჩივილები (სისუსტე, დაღლილობა, გულისრევა, თავის ტკივილი, დაბნეულობა, გაღიზიანებადობა);
• ინფუზიური თერაპიის ფონზე წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი;
• პაციენტის მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი სტაციონარსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში;
• პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება (ჩექ-აპი).
ინტერპრეტაცია
ელექტროლიტური დისბალანსი ხშირად შეიძლება მიუთითებდეს სხვადასხვა მწვავე და ქრონიკულ მდგომარეობაზე.
• K ↑ (ჰიპერკალემია) – თირკმლის მწვავე უკმარისობა, კალიუმის ხსნარის სწრაფი შეყვანა, მასიური ჰემოლიზი, ქსოვილის მძიმე დაზიანება, შიმშილი, აციდოზი, დეჰიდრატაცია;
• K ↓ (ჰიპოკალემია) – ჰიპოთერმია, ქრონიკული შიმშილი, კალიუმის დაკარგვა ჭრილობებიდან და დამწვარი ადგილებიდან, ღებინება, ფაღარათი, ნაწლავის ხაოების ადენომა, თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, კუშინგის სინდრომი, კალიუმის დაკარგვა უჯრედგარე სითხიდან, დიურეტიკების ხანგრძლივი მოხმარება;
• Na ↑ (ჰიპერნატრემია) – ვითარდება ორგანიზმის ჰიპერჰიდრატაციის სინდრომის, პარენქიმატოზული ნეფრიტის და გულის უკმარისობის დროს;
• Na ↓ (ჰიპონატრემია) – ნატრიუმის დაკარგვა ღებინების, დიარეის და ჭარბი ოფლიანობის შედეგად;
• Ca ↓ (ჰიპოკალცემია) – თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპოფიზის წინა ნაწილის ჰიპოფუნქცია, რაქიტი, პარათირეოზი, ტოტალური თირეოიდექტომია, ალკოჰოლიზმი, ღვიძლის ციროზი, არაადეკვატური კვება და მწვავე პანკრეატიტი;
• Ca ↑ (ჰიპერკალცემია) – ბავშვთა იდიოპათიური ჰიპერკალცემია, დეჰიდრატაცია, პანკრეასის კიბო, პოლიციტემია, პეჯეტის დაავადება, D ვიტამინით ინტოქსიკაცია.
• Cl ↑ (ჰიპერქლორემია) – დეჰიდრატაცია, მეტაბოლური აციდოზი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჭარბი ნატრიუმის მიღება, 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხანგრძლივი ინფუზია, დიარეა (ბიკარბონატის დაკარგვა);
• Cl ↓ (ჰიპოქლორემია) – ღებინება, მეტაბოლური ალკალოზი, ჭარბი ოფლიანობა, დიურეტიკების მიღება, გულის ან თირკმლის ქრონიკული დაავადებები, ჰიპონატრემია.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიური და სხვა გამოკვლევასთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis);
• გაზებისა და ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში (BGA);
• ბიკარბონატების განსაზღვრა სისხლში (HCO₃⁻);
• ელექტროლიტების განსაზღვრა შარდში (Urine Electrolytes);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
• გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის გამოთვლა (eGFR);
• კრეატინინის კლირენსის გამოთვლა (CrCl);
• შარდოვანას განსაზღვრა სისხლის შრატში (Urea);
• შარდოვანას აზოტის განსაზღვრა სისხლში (BUN);
• შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid);
• მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში (Mg);
• კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca);
• ალბუმინ-კორეგირებული კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca/Al);
• ფოსფორის განსაზღვრა სისხლში (P);
• საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP);
• ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB);
• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D);
• პარათირეოიდული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (PTH);
• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);
• თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4);
• კორტიზოლის განსაზღვრა სისხლში (Cortisol);
• ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (ACTH);
• ალდოსტერონის განსაზღვრა სისხლში (Aldosterone);
• რენინის განსაზღვრა სისხლში (Renin);
• თუთიის განსაზღვრა სისხლში (Zn);
• რკინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Iron);
• ტრანსფერინის განსაზღვრა სისხლში (Transferrin);
• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევა ტარდება უზმოდ: სისხლის აღებამდე ბოლო 12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, ყავა, ჩაი, გაზიანი და ტკბილი სასმელები, წყალი);
• კვლევამდე თავი შეიკავეთ მოწევისა და საღეჭი რეზინის გამოყენებისგან;
• რეკომენდებულია სისხლის აღება დილის საათებში, ხოლო დინამიკაში მონიტორინგისას – დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Electrolyte Panel
• ncbi.nlm.nih.gov - Electrolytes (StatPearls)
• mayocliniclabs.com - Electrolyte Panel, Serum (ELPSR)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.