კვლევის შესახებ
ეპშტეინ-ბარის ვირუსი (Epstein-Barr virus, EBV) ჰერპესვირუსების ოჯახის წარმომადგენელია (HHV-4) და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია - ზრდასრული მოსახლეობის 90%-ზე მეტი ინფიცირებულია. EBV ძირითადად გადადის ნერწყვით (ამიტომ მას ხშირად "კოცნის დაავადებად" მოიხსენიებენ).
EBV არის ინფექციური მონონუკლეოზის ძირითადი გამომწვევი. ის ასევე ასოცირდება რიგ ონკოლოგიურ პათოლოგიებთან: ბერკიტის ლიმფომა, ცხვირ-ხახის კარცინომა, ჰოჯკინის ლიმფომა, პოსტტრანსპლანტაციური ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები. პირველადი ინფიცირების შემდეგ ვირუსი მთელი სიცოცხლე რჩება ორგანიზმში ლატენტურ ფორმაში B-ლიმფოციტებში.
EBV-ის კაფსიდური ანტიგენის (VCA) წინააღმდეგ IgG კლასის ანტისხეულები სისხლში ჩნდება ინფიცირების 3-4 კვირის შემდეგ, პიკს აღწევს 2-3 თვეში და გრძელვადიანად (სიცოცხლის მანძილზე) ინარჩუნებს დადებით ტიტრს. IgG ანტისხეულების არსებობა მიუთითებს გადატანილ ინფექციაზე და იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• EBV-ინფექციის სტადიის დადგენა (IgM-თან ერთად);
• გადატანილი ინფექციის დადასტურება;
• ინფექციური მონონუკლეოზის დიფერენციალური დიაგნოსტიკა;
• ხანგრძლივი ცხელება, ლიმფოადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია;
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
• იმუნოსუპრესიული თერაპიის დაწყებამდე (სეროლოგიური სტატუსის შეფასება);
• ორგანოთა ტრანსპლანტაციის წინ - რეციპიენტისა და დონორის EBV-სტატუსის განსაზღვრა;
• აივ-ინფიცირებული პაციენტები;
• EBV-ასოცირებული ონკოლოგიური დაავადებების ეჭვი;
• ორსულთა სკრინინგი (TORCH პანელის ფარგლებში).
ინტერპრეტაცია
კვლევის შედეგი შეიძლება იყოს:
• დადებითი (Positive) - მიუთითებს EBV-ით ინფიცირებაზე: გადატანილ ან მიმდინარე ინფექციაზე, ასევე - ჩამოყალიბებულ იმუნიტეტზე;
• უარყოფითი (Negative) - ორგანიზმს არ შეხვედრია EBV. პირი მგრძნობიარეა პირველადი ინფექციის მიმართ;
• საეჭვო (Borderline / Equivocal) - რეკომენდებულია კვლევის გამეორება 2-4 კვირის შემდეგ.
EBV-ინფექციის სტადიის დადგენა IgM-სა და IgG-ს ერთობლივი ინტერპრეტაციით:
• IgM (+) / IgG (−) - ახალი (მწვავე) ინფექცია, ადრეული ეტაპი;
• IgM (+) / IgG (+) - მწვავე ან სუბაკუტური ინფექცია, ასევე - შესაძლო რეაქტივაცია;
• IgM (−) / IgG (+) - გადატანილი (წარსული) ინფექცია, მყარი იმუნიტეტი;
• IgM (−) / IgG (−) - ინფექცია არ გამოვლენილა (პირი მგრძნობიარეა).
EBV-ის ინფექციის ზუსტი ფაზის დასადგენად ასევე რეკომენდებულია EBNA IgG-ის (ნუკლეარული ანტიგენის ანტისხეულების) განსაზღვრა, რომელიც ჩნდება მხოლოდ ინფიცირების 6-8 კვირის შემდეგ და გრძელვადიანად ინარჩუნებს დადებით ტიტრს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgM);
• EBV DNA (PCR), სისხლში;
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgG);
• ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgM);
• ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgG);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Mononucleosis (Mono) Tests
• medlineplus.gov - Epstein-Barr virus antibody test
• mayocliniclabs.com - Epstein-Barr Virus Antibody Profile, Serum
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.