კვლევის შესახებ
პარათირეოიდული ჰორმონი (PTH) არის პეპტიდური ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს ოთხი მცირე ზომის პარათირეოიდული ჯირკვალი, რომლებიც კისრის მიდამოში, ფარისებრი ჯირკვლის უკანა ზედაპირზე მდებარეობს.
PTH-ის ძირითადი დანიშნულებაა სისხლში კალციუმის დონის რეგულირება. კალციუმი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალია - ის აუცილებელია ნერვული იმპულსების გადაცემისთვის, კუნთების შეკუმშვისა და გულის ნორმალური მუშაობისთვის. PTH ასევე მონაწილეობს ფოსფორ-კალციუმის ცვლისა და D ვიტამინის მეტაბოლიზმის რეგულაციაში.
როდესაც სისხლში კალციუმის დონე ეცემა, პარათირეოიდული ჯირკვლები ზრდიან PTH-ის სეკრეციას, რომელიც კალციუმის დონეს სამი გზით ზრდის: ხელს უწყობს ძვლებიდან კალციუმის გამონთავისუფლებას, ასტიმულირებს ნაწლავებში კალციუმის აბსორბციას (D ვიტამინის აქტიური ფორმის წარმოქმნის გზით) და ზრდის თირკმელებში კალციუმის რეაბსორბციას. როდესაც კალციუმის დონე ნორმას უბრუნდება, PTH-ის სეკრეცია მცირდება.
ვინაიდან PTH-ისა და კალციუმის დონეები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, PTH-ის ანალიზი ჩვეულებრივ ტარდება სისხლში კალციუმის განსაზღვრასთან ერთად - ორივე შედეგის ერთობლივი შეფასება ეხმარება ექიმს დაადგინოს, სწორად ფუნქციონირებს თუ არა პარათირეოიდული ჯირკვლები.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• სისხლში კალციუმის მომატებული ან დაქვეითებული დონის მიზეზის დადგენა;
• ფოსფორის დაქვეითებული დონის მიზეზის დაზუსტება;
• ჰიპერპარათირეოზის (პარათირეოიდული ჯირკვლების გადაჭარბებული აქტივობა) ეჭვი;
• ჰიპოპარათირეოზის (პარათირეოიდული ჯირკვლების დაქვეითებული აქტივობა) ეჭვი;
• ქრონიკული თირკმლის დაავადების მქონე პაციენტების მონიტორინგი;
• მძიმე ოსტეოპოროზის (ძვლების მტვრევადობა) მიზეზის გამოვლენა;
• პარათირეოიდულ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევის დროს ან მის შემდეგ კონტროლი;
• კალციუმ-ფოსფორული ცვლის დარღვევაზე მიმანიშნებელი სიმპტომები: ძვლებისა და კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე ან კრუნჩხვები, ხშირი შარდვა და წყურვილი, დაღლილობა, თირკმლის კენჭოვანი დაავადება.
ინტერპრეტაცია
PTH-ის შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს სისხლში კალციუმის დონესთან ერთად, რადგან ამ ორის ურთიერთშეფარდება განსაზღვრავს, თუ რომელ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე.
PTH-ის მომატება შესაძლოა აღინიშნოს:
• პირველადი ჰიპერპარათირეოზის დროს (პარათირეოიდული ჯირკვლის ადენომა ან ჰიპერპლაზია);
• მეორადი ჰიპერპარათირეოზის დროს, რომელიც ვითარდება ქრონიკული თირკმლის უკმარისობის, D ვიტამინის დეფიციტის ან ნაწლავებში კალციუმის შეწოვის დარღვევის ფონზე;
• მესამეული ჰიპერპარათირეოზის დროს;
• კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტის დროს;
• ფსევდოჰიპოპარათირეოზის დროს (ორგანიზმის ქსოვილების რეზისტენტობა PTH-ის მიმართ).
PTH-ის დაქვეითება შესაძლოა აღინიშნოს:
• ჰიპოპარათირეოზის დროს (ხშირად კისრის არეში ქირურგიული ჩარევის შემდეგ);
• სისხლში კალციუმის მომატებისას, რომელიც გამოწვეულია არა პარათირეოიდული ჯირკვლით, არამედ სხვა მიზეზით (მაგ. ონკოლოგიური დაავადება, D ვიტამინის ჭარბი მიღება);
• ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების დროს;
• მაგნიუმის დონის მნიშვნელოვანი დარღვევისას.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის ანამნეზთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca);
• ალბუმინ-კორეგირებული კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca/Al);
• იონიზირებული კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca++);
• ფოსფორის განსაზღვრა სისხლში (P);
• D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D);
• ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
• კალციუმის განსაზღვრა შარდში (Ca, Urine);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• რეკომენდებულია სისხლის ნიმუშის აღება უზმოდ - ბოლო 8–12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი, თამბაქო;
• საანალიზო მასალა აუცილებლად უნდა შეგროვდეს დილით.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.