კვლევის შესახებ
ANA 23 პანელი არის სისხლის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც განსაზღვრავს ანტინუკლეარულ ანტისხეულებს (ANA) - იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილ იმუნოგლობულინებს, რომლებიც, ფიზიოლოგიური ნორმისგან განსხვავებით, საკუთარი ორგანიზმის უჯრედული კომპონენტების წინააღმდეგაა მიმართული.
ჩვეულებრივ, ანტისხეულები ორგანიზმს პათოგენების (ვირუსებისა და ბაქტერიების) გამომწვევებისგან იცავს. ანტინუკლეარული ანტისხეულები კი მიმართულია უჯრედის ბირთვის (ნუკლეუსის) კომპონენტების წინააღმდეგ - სწორედ აქედან მოდის მათი სახელწოდება. სისხლში ANA-ის დაბალი ტიტრის არსებობა შესაძლოა ფიზიოლოგიურ ნორმად მივიჩნიოთ, თუმცა მათი მაღალი დონე ხშირად აუტოიმუნურ დაავადებებზე მიუთითებს.
ANA 23 პანელი ერთ კვლევაში მოიცავს 23 სხვადასხვა სპეციფიკური ანტისხეულის განსაზღვრას. ეს საშუალებას იძლევა არა მხოლოდ დადგინდეს ANA-ის არსებობა, არამედ იდენტიფიცირდეს, რომელი კონკრეტული ანტისხეულებია გამოვლენილი. ცალკეული ანტისხეულები ასოცირებულია კონკრეტულ აუტოიმუნურ პათოლოგიებთან - მაგალითად: სისტემურ წითელ მგლურასთან, შეგრენის სინდრომთან, სკლეროდერმიასთან, შემაერთებელი ქსოვილის შერეულ დაავადებასთან.
პანელი ეხმარება ექიმს აუტოიმუნური დაავადებების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში. შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიკურ სურათთან ერთად, რადგან დადებითი ANA ყოველთვის არ ნიშნავს პათოლოგიის არსებობას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• აუტოიმუნურ დაავადებაზე მიმანიშნებელი სიმპტომების არსებობისას: ხანგრძლივი სახსრების ტკივილი და შეშუპება, კუნთების ტკივილი, კანის გამონაყარი (განსაკუთრებით - სახეზე), უმიზეზო ცხელება, ხანგრძლივი დაღლილობა;
• სისტემური წითელი მგლურას (SLE) ეჭვის შემთხვევაში;
• შეგრენის სინდრომის ეჭვის შემთხვევაში (თვალისა და პირის ღრუს სიმშრალე);
• სკლეროდერმიის ეჭვის შემთხვევაში (კანის გამკვრივება);
• შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადების ეჭვის შემთხვევაში;
• პოლიმიოზიტის ან დერმატომიოზიტის ეჭვის შემთხვევაში;
• უკვე ცნობილი აუტოიმუნური დაავადების დაზუსტებისა და კონკრეტული ანტისხეულების იდენტიფიცირებისთვის;
• დადებითი ANA-ის სკრინინგული შედეგის შემდგომი დაზუსტებისთვის.
ინტერპრეტაცია
დადებითი შედეგი მიუთითებს, რომ სისხლში გამოვლინდა ერთი ან რამდენიმე სპეციფიკური ანტიბირთვული ანტისხეული. ცალკეული ანტისხეულები დაკავშირებულია კონკრეტულ აუტოიმუნურ დაავადებებთან:
• ანტი-dsDNA და ანტი-Sm - დამახასიათებელია სისტემური წითელი მგლურასთვის (SLE);
• ანტი-SS-A (Ro) და ანტი-SS-B (La) - დაკავშირებულია სიოგრენის სინდრომთან, აგრეთვე - მგლურასთან;
• ანტი-Scl-70 - დაკავშირებულია სისტემურ სკლეროდერმიასთან;
• ანტი-RNP - დაკავშირებულია შერეულ შემაერთებელი ქსოვილის სისტემურ დაავადებასთან;
• ანტი-Jo-1 - დაკავშირებულია პოლიმიოზიტთან და დერმატომიოზიტთან;
• ანტი-ცენტრომერული ანტისხეულები - დაკავშირებულია სკლეროდერმიის შეზღუდულ ფორმასთან;
• ანტი-ჰისტონური ანტისხეულები - ხშირად წამლისმიერი მგლურას დროს.
დადებითი შედეგი ყოველთვის არ ნიშნავს აუტოიმუნურ დაავადებას - ცალკეული ანტისხეულები შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ ადამიანებში, ვირუსული ინფექციის, ზოგიერთი მედიკამენტის მიღების ან სხვა მდგომარეობის ფონზე.
უარყოფითი შედეგი ამცირებს აუტოიმუნური დაავადების ალბათობას, თუმცა სრულად არ გამორიცხავს მას.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის ანამნეზთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA);
• ორჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-dsDNA IgG);
• რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა სისხლში (RF);
• ციკლური ციტრულინირებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-CCP);
• ანტისტრეპტოლიზინის რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში (ASLO);
• კომპლემენტის C3 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C3);
• კომპლემენტის C4 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C4);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis);
• ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (pANCA, cANCA).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• ncbi.nlm.nih.gov - ANA interpretation
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.