კვლევის შესახებ
ბარტონელა ჰენსელა (Bartonella henselae) არის გრამ-უარყოფითი ბაქტერია, რომელიც კატის კაწვრის დაავადების (cat scratch disease, CSD) ძირითადი გამომწვევია. ინფექცია ადამიანს გადაეცემა ინფიცირებული კატის კაწვრით, კბენით ან ლოკვით, ასევე - კატის რწყილის მეშვეობით.
ინფექციის საპასუხოდ ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს. IgM კლასის ანტისხეულები პირველად წარმოიქმნება ინფექციის დასაწყისში და მათი გამოვლენა მიუთითებს მწვავე ან მიმდინარე (აქტიურ) ინფექციაზე. IgM-ს დონე, ჩვეულებრივ, სწრაფად მცირდება და მალევე ქრება.
კატის კაწვრის დაავადება უმეტესად ვლინდება კაწვრის ადგილთან ახლოს ლიმფური კვანძების შეშუპებითა და მტკივნეულობით (რეგიონული ლიმფადენოპათია). დაავადება ხშირად მსუბუქია და თავისთავად განიკურნება, თუმცა იმუნოკომპრომეტირებულ პირებში შესაძლოა გართულდეს.
IgM-ს გამოვლენა მიუთითებს ინფექციის ადრეულ (მწვავე) ფაზაზე, თუმცა მისი არარსებობა არ გამორიცხავს კატის კაწვრის დაავადებას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• კატთან კონტაქტის შემდეგ ცოტა ხნის წინ განვითარებული ლიმფური კვანძების შეშუპება (იღლიის, კისრის, საზარდულის არეში);
• გაურკვეველი წარმოშობის ცხელება, საერთო სისუსტე;
• კატის კაწვრის ან კბენის ადგილზე წითელი პაპულა ან მუწუკი;
• კატის კაწვრის მწვავე დაავადების ეჭვი დამახასიათებელი კლინიკური სურათის ფონზე;
• ატიპიური ფორმების ეჭვი (პარინოს ოკულოგლანდულარული სინდრომი, ნევროლოგიური სიმპტომები, ღვიძლისა და ელენთის დაზიანება);
• იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში ბაცილარული ანგიომატოზის ან ენდოკარდიტის ეჭვი.
ინტერპრეტაცია
IgM კლასის ანტისხეულების დადებითი შედეგი:
• მიუთითებს მწვავე (აქტიურ) ინფექციაზე;
• დამახასიათებელ კლინიკურ სურათთან (ლიმფადენოპათია, კატთან კონტაქტი) ერთად ამყარებს მწვავე კატის კაწვრის დაავადების დიაგნოზს.
IgM კლასის ანტისხეულების უარყოფითი შედეგი:
• არ გამორიცხავს ინფექციას, რადგან Bartonella henselae-ს შემთხვევაში IgM-ის სენსიტიურობა დაბალია – ინფექციის მწვავე ფაზაშიც კი ის შესაძლოა საერთოდ არ განვითარდეს ან ძალიან სწრაფად გაქრეს;
• ამიტომ, დიაგნოსტიკა ძირითადად ეფუძნება IgG კლასის ანტისხეულების გამოვლენას და/ან კლინიკურ მონაცემებს.
გასათვალისწინებელია ჯვარედინი რეაქციის შესაძლებლობა სხვა ბაქტერიებთან, ასევე - ინტრავენური იმუნოგლობულინების (IVIG) ბოლოდროინდელი თერაპიის გავლენა შედეგზე.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ბარტონელა ჰენსელას საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Bartonella henselae IgG);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• პროკალციტონინის რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში (PCT);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgM);
• ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgM);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• www.aruplab.com - Bartonella henselae Antibodies, IgG & IgM (IFA)
• www.urmc.rochester.edu - Bartonella Antibodies
• www.ncbi.nlm.nih.gov - Cat Scratch Disease Serology
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.