კვლევის შესახებ
ბარტონელა კვინტანა (Bartonella quintana) არის გრამ-უარყოფითი ბაქტერია, რომელიც ისტორიულად ცნობილია როგორც „თხრილის ცხელების“ (trench fever) გამომწვევი. იგი ადამიანს გადაეცემა ადამიანის ტანსაცმლის ტილის (Pediculus humanus) მეშვეობით; ცხოველური რეზერვუარი ბაქტერიას არ აქვს. ინფექცია უფრო ხშირია არახელსაყრელ სოციალურ პირობებში, ჰიგიენის დარღვევისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების ფონზე.
ორგანიზმში ბაქტერიის მოხვედრის შემდეგ იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს. IgG კლასის ანტისხეულები ვითარდება შედარებით გვიან და სისხლში რჩება ხანგრძლივად, ამიტომ IgG-ს გამოვლენა მიუთითებს მიმდინარე ან გადატანილ ინფექციაზე.
ბარტონელა კვინტანას ინფექცია შესაძლოა გამოვლინდეს მორეციდივე ცხელებით, ასევე - ენდოკარდიტით (ხშირად უარყოფითი ჰემოკულტურის ფონზე) და, იმუნოკომპრომეტირებულ პირებში, ბაცილარული ანგიომატოზით.
ბარტონელა ჰენსელასა და ბარტონელა კვინტანას ანტისხეულები ხშირად განისაზღვრება ერთიან სეროლოგიურ პანელში, რადგან ისინი ერთმანეთთან მონათესავე ბაქტერიებია.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• გაურკვეველი წარმოშობის მორეციდივე ან ხანგრძლივი ცხელება;
• გაურკვეველი წარმოშობის ენდოკარდიტი, განსაკუთრებით - უარყოფითი ჰემოკულტურის ფონზე;
• ტილით ინფესტაციის, უსახლკარობის ან მძიმე სოციალური პირობების ანამნეზი ცხელებასთან ერთად;
• იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში (აივ-ინფექცია) ბაცილარული ანგიომატოზის ან პელიოზის ეჭვი;
• ბარტონელათი გამოწვეული ინფექციის დიფერენციალური დიაგნოსტიკა (ბ. ჰენსელასთან ერთად).
ინტერპრეტაცია
IgG კლასის ანტისხეულების დადებითი შედეგი:
• მიუთითებს Bartonella quintana-ს მიერ გამოწვეულ მიმდინარე ან გადატანილ ინფექციაზე;
• ანტისხეულების ტიტრის სეროკონვერსია ან მნიშვნელოვანი ზრდა განმეორებით (დაწყვილებულ) ნიმუშებში მეტყველებს აქტიურ ინფექციაზე;
• მაღალი ტიტრი დამახასიათებელ კლინიკურ სურათთან (განსაკუთრებით - ინფექციური ენდოკარდიტი) ერთად მნიშვნელოვანია დიაგნოზისთვის.
IgG კლასის ანტისხეულების უარყოფითი შედეგი:
• ნაკლებად სავარაუდოა ინფექცია, თუმცა ადრეულ ეტაპზე (ანტისხეულების სეროკონვერსიამდე) უარყოფითი შედეგი მას ბოლომდე არ გამორიცხავს;
• კლინიკური ეჭვის შენარჩუნებისას რეკომენდებულია კვლევის გამეორება 2-3 კვირის შემდეგ.
გასათვალისწინებელია ჯვარედინი რეაქცია ბარტონელას სხვა სახეობებთან და სხვა ბაქტერიებთან (მაგ., Chlamydia spp., Coxiella burnetii), ასევე - ინტრავენური იმუნოგლობულინების (IVIG) თერაპიის შესაძლო გავლენა შედეგზე.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ბარტონელა კვინტანას საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Bartonella quintana IgM);
• ბარტონელა ჰენსელას საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Bartonella henselae IgG);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• პროკალციტონინის რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში (PCT);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• ბრუცელას საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Brucella IgG);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• www.mayocliniclabs.com - Bartonella Antibody Panel, IgG and IgM
• www.aruplab.com - Bartonella Antibodies (IFA)
• www.urmc.rochester.edu - Bartonella Antibodies
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.