კვლევის შესახებ
E ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულები (anti-HEV IgM) არის სისხლის შრატის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ავლენს E ჰეპატიტის ვირუსის (HEV) წინააღმდეგ გამომუშავებულ M კლასის ანტისხეულებს.
IgM კლასის ანტისხეულები ორგანიზმში ყველაზე ადრე ჩნდება - ინფიცირებიდან მალევე - და, როგორც წესი, რამდენიმე თვის შემდეგ ქრება. ამიტომ anti-HEV IgM-ის გამოვლენა მიუთითებს მწვავე (მიმდინარე) E ჰეპატიტის ინფექციაზე.
E ჰეპატიტი ღვიძლის ანთებაა, რომელიც ფეკალურ-ორალური გზით - ძირითადად დაბინძურებული წყლის მეშვეობით - გადაეცემა. კლინიკურ სიმპტომატიკაში შედის სიყვითლე, მუქი შარდი, ასთენია, გულისრევა და ანორექსია. დაავადება უმეტესად თავისთავად გაივლის 2–6 კვირაში.anti-HEV IgM განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებში მწვავე E ჰეპატიტის გამოსავლენად, რადგან ამ პერიოდში ინფექცია გართულებების მაღალ რისკთან ასოცირდება.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• მწვავე ვირუსული ჰეპატიტის სიმპტომები (სიყვითლე, მუქი შარდი, სისუსტე, გულისრევა, მარჯვენა ნეკნქვეშა ტკივილი);
• ღვიძლის ფერმენტების (ALT, AST) უეცარი, მნიშვნელოვანი მომატება;
• ენდემურ რეგიონში მოგზაურობის ან დაბინძურებული წყლის/საკვების მიღების ანამნეზი;
• ორსულებში ვირუსული ჰეპატიტის ეჭვი;
• სხვა ვირუსული ჰეპატიტების (A, B, C) გამორიცხვის შემდეგ მწვავე ჰეპატიტის მიზეზის დაზუსტება;
• იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტებში მწვავე HEV ინფექციის ეჭვი.
ინტერპრეტაცია
anti-HEV IgM დადებითი (მომატებული):
• მიუთითებს მწვავე ან ახლო პერიოდში გადატანილ E ჰეპატიტის ინფექციაზე;
• ჩვეულებრივ თანხვდება ღვიძლის ფერმენტების (ALT, AST) მომატებას და დაავადების სიმპტომებს;
• დადებითი შედეგი, როგორც წესი, ვლინდება ინფიცირებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში და ხშირად 3-6 თვის განმავლობაში ნარჩუნდება;
• ცრუ დადებითი შედეგები შესაძლებელია სხვა ვირუსული ინფექციების (მაგ., EBV, CMV) ან აუტოიმუნური მდგომარეობების ფონზე.
anti-HEV IgM უარყოფითი (არ არის გამოვლენილი):
• ჩვეულებრივ ამცირებს მიმდინარე მწვავე E ჰეპატიტის ინფექციის ალბათობას;
• ინფიცირების ადრეულ ეტაპზე ანტისხეულები შესაძლოა ჯერ არ იყოს გამომუშავებული (ე.წ. „ფანჯრის პერიოდი"), ამიტომ მაღალი კლინიკური ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია კვლევის განმეორება 1-2 კვირაში;
• იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში ანტისხეულების პასუხი შესაძლოა შესუსტებული ან შეფერხებული იყოს - ასეთ შემთხვევებში დიაგნოზი უნდა დაისვას HEV რნმ-ის (PCR) გამოკვლევით.
მნიშვნელოვანია: მწვავე E ჰეპატიტის დიაგნოზი ხშირად მოითხოვს anti-HEV IgM-ისა და HEV RNA-ის კომბინირებულ შეფასებას, განსაკუთრებით ქრონიკული HEV ინფექციის რისკ-ჯგუფებში (ტრანსპლანტაციის შემდგომი, იმუნოსუპრესირებული პაციენტები).
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• E ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა (anti-HEV IgG);
• A ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულები (HAV IgM);
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg);
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• ncbi.nlm.nih.gov - Hepatitis E (StatPearls)
• cdc.gov - Laboratory Testing (Viral Hepatitis)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.