კვლევის შესახებ
მარტივი ჰერპესვირუს ტიპი 1-ის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულები (HSV-1 IgM) არის სისხლის შრატის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ავლენს მარტივი ჰერპესვირუსის პირველი ტიპის (HSV-1) წინააღმდეგ გამომუშავებულ M კლასის ანტისხეულებს.
IgM კლასის ანტისხეულები ორგანიზმში ყველაზე ადრე ჩნდება, ამიტომ ისინი ძირითადად მიმდინარე ან ახლახან გადატანილ ჰერპესვირუსულ ინფექციაზე მიუთითებენ. HSV-1, როგორც წესი, იწვევს პირის ღრუს ჰერპესს - ტუჩებზე და პირის გარშემო ბუშტუკებს.
მნიშვნელოვანია გათვალისწინება, რომ IgM ანტისხეულები ყოველთვის ვერ განასხვავებენ პირველად ინფექციას ლატენტური ვირუსის რეაქტივაციისგან, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ცრუ-დადებითი შედეგი. ამიტომ HSV-1 IgM ფასდება სხვა მონაცემებთან (IgG, კლინიკური სურათი, საჭიროების შემთხვევაში - ბუშტუკიდან აღებული მასალის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR)) ერთად.HSV-1 IgM ძირითადად გამოიყენება მიმდინარე ან ახლახან გადატანილი ჰერპესვირუსული ინფექციის შესაფასებლად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ცოტა ხნის წინ მოხდენილი ან აქტიური ჰერპესვირუსული ინფექციის ეჭვი;
• ტუჩის ან პირის ღრუს მტკივნეული ბუშტუკები/წყლულები;
• პირველადი ჰერპესვირუსული ინფექციის შეფასება;
• იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტებში ჰერპესვირუსული ინფექციის ეჭვი;
• ორსულობის პერიოდში ჰერპესვირუსული ინფექციის შეფასება (IgG-სა და კლინიკურ სურათთან ერთად);
• სხვა ჰერპესვირუსული ინფექციების კომპლექსური სეროლოგიური შეფასების ფარგლებში.
ინტერპრეტაცია
HSV-1 IgM დადებითი (მომატებული):
• შესაძლოა მიუთითებდეს ახლო პერიოდში მოხდენილ ან აქტიურ HSV ინფექციაზე;
• ზოგჯერ ვლინდება ლატენტური ვირუსის რეაქტივაციის დროსაც;
• შესაძლებელია ცრუ დადებითი შედეგი, ამიტომ აქტიური დაზიანების დასადასტურებლად სასურველია ბუშტუკიდან აღებული მასალის კვლევა (PCR ან კულტურა).
HSV-1 IgM უარყოფითი (არ არის გამოვლენილი):
• ამცირებს ახლო პერიოდში მოხდენილი მწვავე ინფექციის ალბათობას;
• ძალიან ადრეულ ეტაპზე ანტისხეულები შესაძლოა ჯერ არ იყოს გამომუშავებული, ამიტომ მაღალი კლინიკური ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია კვლევის განმეორება ან პირდაპირი მეთოდის (PCR) გამოყენება.
შენიშვნა: სრული სურათისთვის IgM ფასდება HSV IgG-სთან ერთად, რაც გვეხმარება ახალი და წარსული ინფექციის გარჩევაში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgG);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgG);
• ვარიცელა ზოსტერის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (VZV IgM);
• ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgM);
• ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgM);
• წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgM).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Herpes (HSV) Test
• cdc.gov - Screening for Genital Herpes
• testing.com - Genital and Oral Herpes Test
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.