კვლევის შესახებ
II კლასის ანტისხეულები ლეიკოციტების HLA სისტემის ანტიგენების მიმართ (HLA Class II antibodies) არის სისხლის შრატში HLA II კლასის ანტიგენების (HLA-DR, HLA-DQ და HLA-DP) საწინააღმდეგო ანტისხეულების დეტექციის კვლევა.
HLA II კლასის ანტიგენები უპირატესად ექსპრესირდება ანტიგენპრეზენტირებად უჯრედებზე (B-ლიმფოციტები, დენდრიტული უჯრედები, მონოციტები/მაკროფაგები) და ენდოთელურ უჯრედებზე. აღნიშნული ანტიგენების საწინააღმდეგო ანტისხეულები პროდუცირდება სენსიბილიზაციის პროცესში – ორსულობის, ჰემოტრანსფუზიის ან წინარე ტრანსპლანტაციის შედეგად.
II კლასის HLA ანტისხეულები (განსაკუთრებით HLA-DQ მიმართ) ხშირად ასოცირდება გვიან და ქრონიკულ ანტისხეულებით განპირობებულ უარყოფასთან (AMR), რაც განაპირობებს მათ მაღალ პროგნოზულ მნიშვნელობას ტრანსპლანტოლოგიაში. კვლევა ხორციელდება მაღალმგრძნობიარე Luminex მეთოდით, რაც უზრუნველყოფს ანტისხეულების ანტიგენური სპეციფიკურობის ზუსტ იდენტიფიკაციას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ორგანოთა ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წინ - იმუნოლოგიური თავსებადობის შესაფასებლად;
• გადანერგვამდე სენსიბილიზაციის ხარისხის დასადგენად;
• დადებითი HLA სკრინინგის შემდეგ ანტისხეულების სპეციფიკურობის დასაზუსტებლად;
• გადანერგვის შემდგომი მონიტორინგისა და de novo ანტისხეულების (მათ შორის HLA-DQ) გამოვლენისთვის;
• ქრონიკული ან გვიანი გრაფტის უარყოფის ეჭვის შემთხვევაში;
• სისხლის გადასხმის, ორსულობის ან წინა ტრანსპლანტაციის ფონზე სენსიბილიზაციის შესაფასებლად.
ინტერპრეტაცია
II კლასის HLA ანტისხეულების დადებითი (გამოვლენილი) შედეგი მიუთითებს HLA-DR, HLA-DQ ან HLA-DP ანტიგენების საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობაზე და ასოცირდება:
• გადანერგვის შემდგომი (განსაკუთრებით გვიანი და ქრონიკული) უარყოფის გაზრდილ რისკთან;
• თავსებადი დონორის შერჩევის შეზღუდვასთან;
• ჯვარედინი თავსებადობის (crossmatch) დადებითი შედეგის ალბათობასთან.
თუ ანტისხეულები მიმართულია კონკრეტული დონორის ანტიგენების წინააღმდეგ, ისინი კლასიფიცირდება დონორსპეციფიურ ანტისხეულებად (DSA).
უარყოფითი (არ გამოვლენილი) შედეგი მიუთითებს II კლასის HLA ანტისხეულების არარსებობაზე და დაბალ იმუნოლოგიურ რისკთან ასოცირდება.
---
„CITO“ აღნიშნავს კვლევის სასწრაფო (პრიორიტეტულ) რეჟიმში ჩატარებას შემცირებული შესრულების ვადით. კვლევის სამედიცინო შინაარსი, მეთოდი და ინტერპრეტაცია იდენტურია სტანდარტული კვლევისა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• I კლასის ანტისხეულების განსაზღვრა ლეიკოციტების HLA სისტემების ანტიგენების მიმართ (Class I);
• HLA-antibodies, ანტისხეულები ლეიკოციტების HLA სისტემების ანტიგენების მიმართ;
• HLA ტიპირება (დონორისა და რეციპიენტის ქსოვილოვანი ტიპირება);
• დონორსპეციფიური ანტისხეულები (DSA);
• ჯვარედინი თავსებადობის ტესტი (crossmatch);
• ტაკროლიმუსის განსაზღვრა სისხლში (Tacrolimus);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
• შარდოვანას აზოტის განსაზღვრა სისხლში (BUN);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• pubmed.ncbi.nlm.nih.gov - Luminex technology for anti-HLA antibody screening
• ანა მაღრაძე - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.