Mycoplasma Hominis/Ureaplasma Urealyticum დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში

Mycoplasma Hominis/Ureaplasma Urealyticum დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში

ფასი: 70 ₾

კვლევის შესახებ

Mycoplasma hominis-ისა და Ureaplasma urealyticum-ის დნმ-ის დეტექცია არის მოლეკულურ-გენეტიკური (PCR) კვლევა, რომელიც კლინიკურ მასალაში ავლენს აღნიშნული მიკროორგანიზმების გენეტიკურ მასალას.

Mycoplasma hominis და Ureaplasma urealyticum მიეკუთვნება Mollicutes-ის კლასს – ეს არის უჯრედის კედლის არმქონე უმცირესი ბაქტერიები. ისინი ხშირად წარმოადგენს სქესობრივად აქტიური ინდივიდების უროგენიტალური ტრაქტის ნორმალური მიკრობიოტას შემადგენელ ნაწილს, ამიტომ მათი იდენტიფიკაცია ავტომატურად არ გულისხმობს ინფექციურ პათოლოგიას.

გარკვეულ პირობებში, განსაკუთრებით პათოლოგიური კონცენტრაციით გამოვლენისას, ეს მიკროორგანიზმები შესაძლოა გახდნენ ანთებითი პროცესების ეტიოლოგიური ფაქტორები: არაგონოკოკური ურეთრიტი, ცერვიციტი, მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება (PID), ეპიდიდიმიტი; აგრეთვე, ასოცირებულია ფერტილობის დარღვევებთან და ორსულობის პათოლოგიურ მიმდინარეობასთან.

PCR მეთოდი ბაქტერიოლოგიურ კულტურასთან შედარებით უფრო სწრაფი და მაღალი ანალიტიკური მგრძნობელობით ხასიათდება, რაც უზრუნველყოფს მიკროორგანიზმის სახეობის ზუსტ იდენტიფიკაციას.

საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად, ამ მიკროორგანიზმების დეტექცია ცალკე აღებული საკმარისი არ არის დიაგნოზის დასასმელად – შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიკურ სიმპტომატიკასთან და სხვა ლაბორატორიულ მონაცემებთან კომპლექსში, ვინაიდან ისინი ხშირად კომენსალური მიკროფლორის ნაწილია.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• არაგონოკოკური ურეთრიტის სიმპტომები (შარდვის დარღვევა, წვა, გამონადენი);

• ცერვიციტი, ვაგინიტი, ქრონიკული მენჯის ტკივილი;

• მენჯის ანთებითი დაავადების (PID) ეჭვი;

• უშვილობის გამოკვლევა (ქალებსა და მამაკაცებში);

• ორსულობის დაგეგმვა ან ორსულობის გართულებების (ნაადრევი მშობიარობა, სპონტანური აბორტი) ანამნეზი;

• ეპიდიდიმიტი, პროსტატიტი მამაკაცებში;

• რეციდივირებადი ან მკურნალობაზე არ მორჩენილი უროგენიტალური ინფექციები;

• პარტნიორის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში.

ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი (მიკროორგანიზმის დნმ აღმოჩენილია) შესაძლოა ნიშნავდეს:

• უროგენიტალურ ტრაქტში Mycoplasma hominis-ის ან/და Ureaplasma urealyticum-ის არსებობას;

• აქტიურ ინფექციას, თუ თან ახლავს ანთების სიმპტომები და მაღალი ბაქტერიული რაოდენობა (რაოდენობრივი კვლევის შემთხვევაში);

• კომენსალურ ფლორას (კოლონიზაციას) სიმპტომების არარსებობისას - ასეთ შემთხვევაში მკურნალობა ხშირად საჭირო არ არის.

უარყოფითი შედეგი (დნმ არ აღმოჩენილა) ნიშნავს:

• გამოკვლეულ ნიმუშში ამ მიკროორგანიზმების არარსებობას.

სიმპტომების შენარჩუნებისას მნიშვნელოვანია სხვა გამომწვევების - Chlamydia trachomatis-ის, Neisseria gonorrhoeae-ის, Mycoplasma genitalium-ისა და Trichomonas vaginalis-ის გამორიცხვა, რომლებიც უროგენიტალური ინფექციის პათოგენურად უფრო მნიშვნელოვან მიზეზებად ითვლება.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

ვაგინალური ფლორის კომპლექსური კვლევა, რაოდენობრივი ანალიზი;

ქლამიდია ტრაქომატის დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში (Chlamydia trachomatis DNA);

ნაისერია გონორეას დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში (Neisseria gonorrhoeae DNA);

მიკოპლაზმა გენიტალიუმის დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში (Mycoplasma genitalium DNA);

ტრიქომონას ვაგინალისის დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში (Trichomonas vaginalis DNA);

ქლამიდია ტრაქომატის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Chlamydia trachomatis IgG);

ქლამიდია ტრაქომატის საწინააღმდეგო IgA ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Chlamydia trachomatis IgA);

შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis);

C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

შარდის შეგროვებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:

• გამოიყენეთ შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.

უროგენიტალური ნაცხის აღებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:

• ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;

• ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;

• კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი;

• მამაკაცებმა ნაცხის აღებამდე 3 საათის განმავლობაში არ უნდა მოშარდონ.

ტესტის მეთოდოლოგია

Mycoplasma Hominis / Ureaplasma Urealyticum -ის დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის(PCR) მეთოდს, გაძლიერებული პროდუქტის ფლუორესცენტური გამოვლენით.

მასალის ტიპი

• შარდი; • უროგენიტალური ნაცხი.

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


mayocliniclabs.com - Ureaplasma species, Molecular Detection, PCR

iusti.org - European (IUSTI) Position Statement on urogenital Mycoplasma/Ureaplasma

pubmed.ncbi.nlm.nih.gov - Multiplex Real-Time PCR for Mycoplasma hominis and Ureaplasma

ანა მაღრაძე - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone