კვლევის შესახებ
CA 15-3 (Carbohydrate Antigen 15-3) არის MUC-1 გენით კოდირებული მემბრანული გლიკოპროტეინის მოლეკულური ფრაგმენტი, რომელიც ძირითადად ძუძუს ჯირკვლის ეპითელურ უჯრედებში სინთეზირდება. ის ფართოდ გამოიყენება ძუძუს კიბოს მონიტორინგისა და რეციდივის გამოვლენის მიზნით.
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების დიდ ნაწილში CA 15-3-ის დონე მომატებულია, განსაკუთრებით დაავადების მოწინავე (მეტასტაზური) სტადიაზე. ადრეულ სტადიაზე CA 15-3 ნაკლებად მგრძნობიარეა, რის გამოც იგი არ გამოიყენება სკრინინგული ან დიაგნოსტიკური მიზნით.
CA 15-3-ის ძირითადი გამოყენების სფეროა ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების მონიტორინგი: მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება, რეციდივის ადრეული გამოვლენა და მეტასტაზური დაავადების დინამიკური მეთვალყურეობა. მარკერის დონის მუდმივი მატება ქიმიოთერაპიის ფონზე შესაძლოა მიუთითებდეს მკურნალობაზე რეზისტენტობაზე ან დაავადების პროგრესირებაზე.
CA 15-3-ის დონე ასევე შესაძლოა მოიმატოს სხვა ონკოლოგიური და არაონკოლოგიური პათოლოგიების დროსაც, რაც გასათვალისწინებელია ინტერპრეტაციისას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების მონიტორინგი;
• ქირურგიული, ქიმიოთერაპიული ან ჰორმონული მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება;
• ძუძუს კიბოს რეციდივის ადრეული გამოვლენა;
• მეტასტაზური ძუძუს კიბოს დინამიკის მონიტორინგი;
• ძუძუს კიბოს მემკვიდრული რისკის მქონე პაციენტების დინამიური დაკვირვება (დამხმარე მარკერის სახით, მხოლოდ სხვა მეთოდებთან კომბინაციაში);
• მკურნალობაზე პასუხის ობიექტური შეფასება მეტასტაზური დაავადების დროს.
ინტერპრეტაცია
CA 15-3-ის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ონკოლოგიური დაავადებების დროს:
• ძუძუს კიბო (განსაკუთრებით მეტასტაზური ფორმა);
• საკვერცხის კიბო;
• პანკრეასის კიბო;
• ფილტვის კიბო;
• კოლორექტული კიბო;
• კუჭის კიბო;
• ღვიძლის სიმსივნეები;
• ენდომეტრიუმისა და საშვილოსნოს ყელის კიბო.
CA 15-3-ის მომატება შესაძლოა გამოვლინდეს ასევე არაონკოლოგიური პათოლოგიების დროს:
• ძუძუს კეთილთვისებიანი დაავადებები (მასტიტი, ფიბროადენომა, ფიბროკისტოზური ცვლილებები);
• ღვიძლის დაავადებები (ჰეპატიტი, ციროზი);
• ტუბერკულოზი, სარკოიდოზი;
• ავტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა);
• საკვერცხის კისტოზური დაავადებები, ენდომეტრიოზი;
• ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;
• ქრონიკული თირკმლის უკმარისობა.
CA 15-3-ის ნორმული მაჩვენებელი არ გამორიცხავს ძუძუს კიბოს, განსაკუთრებით დაავადების ადრეულ სტადიაზე. შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს რადიოლოგიურ მონაცემებთან და ქსოვილოვან ბიოფსიასთან ერთად.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• კარბოჰიდრატული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში CA 125;
• კანცეროემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (CEA);
• Ki-67 პროლიფერაციული ინდექსი (ქსოვილში);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო;
• სასურველია, კვლევა ტარდებოდეს ერთსა და იმავე ლაბორატორიაში (ერთნაირი მეთოდით) მონიტორინგის დინამიკის კორექტული შეფასებისთვის;
• აცნობეთ ექიმს მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპიის შესახებ.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Tumor Marker Tests
• cancer.gov - Tumor Markers Fact Sheet
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.