კვლევის შესახებ
საერთო ქოლესტერინი (Total Cholesterol, T-CHOL) არის სისხლში ცირკულირებული ცხიმის (ლიპიდის) საერთო რაოდენობის მაჩვენებელი. ქოლესტერინი ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია უჯრედის მემბრანების სტრუქტურისთვის, სტეროიდული ჰორმონების (კორტიზოლი, ალდოსტერონი, ესტროგენი, ტესტოსტერონი), D ვიტამინისა და ნაღვლოვანი მჟავების სინთეზისთვის.
ქოლესტერინის დაახლოებით 75-80% ღვიძლში სინთეზდება, ხოლო დანარჩენი 20-25% საკვებიდან (ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან) მოდის. სისხლში ქოლესტერინის გადატანა ხდება ლიპოპროტეინების კომპლექსით - ძირითადად, დაბალი (LDL-CHOL) და მაღალი (HDL-CHOL) სიმკვრივის ლიპოპროტეინების სახით.
საერთო ქოლესტერინი მოიცავს:
დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის - LDL cholesterol (ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინი);
მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის - HDL cholesterol (ე.წ. „კარგი“ ქოლესტერინი);
ძალიან დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის - VLDL cholesterol.
ქოლესტერინის ხანგრძლივი მომატება სისხლში წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ათეროსკლეროზი, კორონარული გულის დაავადება, ინსულტი) მნიშვნელოვან რისკფაქტორს.
AHA/ACC-ის რეკომენდაციით, ლიპიდური პროფილის სკრინინგი რეკომენდებულია 20 წლის ასაკიდან მოყოლებული - 4-6 წელიწადში ერთხელ, ხოლო რისკფაქტორების მქონე პირებში - უფრო ხშირად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• პროფილაქტიკური სკრინინგი 20 წლის ასაკიდან (4-6 წელიწადში ერთხელ);
• გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების ოჯახური ანამნეზი;
• ჭარბი წონა, სიმსუქნე;
• არტერიული ჰიპერტენზია;
• ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი;
• მოწევა, ფიზიკური აქტივობის დეფიციტი;
• ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი დიეტა;
• ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია (ჰიპოთირეოზი);
• ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებები;
• ლიპიდმაკორექტირებელი თერაპიის (სტატინები, ფიბრატები) ეფექტიანობის მონიტორინგი;
• ჰიპერქოლესტერინემიის ოჯახური ფორმის (FH) ეჭვი;
• გულ-სისხლძარღვოვანი მოვლენის (ინფარქტი, ინსულტი) შემდეგ;
• ქსანთომების, ქსანთელაზმების, არკუს კორნეალის გამოვლენისას.
ინტერპრეტაცია
ჰიპერქოლესტერინემია (ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• ოჯახური (მემკვიდრული) ჰიპერქოლესტერინემია;
• მეტაბოლური სინდრომი;
• ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ინსულინრეზისტენტობა;
• ჰიპოთირეოზი;
• ნეფროზული სინდრომი;
• ღვიძლის ქოლესტაზი (პირველადი ბილიური ქოლანგიტი, ნაღვლის სადინარის ობსტრუქცია);
• ქრონიკული თირკმლის უკმარისობა;
• კუშინგის სინდრომი;
• ორსულობა (ფიზიოლოგიური მომატება);
• მაღალცხიმოვანი დიეტა, სიმსუქნე;
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
• ზოგიერთი მედიკამენტი (კორტიკოსტეროიდები, ბეტა-ბლოკერები, ორალური კონტრაცეპტივები, ანდროგენები).
ჰიპოქოლესტერინემია (ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებელი) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• ჰიპერთირეოზი;
• ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
• მალაბსორბცია, მძიმე მალნუტრიცია;
• გენეტიკური დარღვევები (აბეტალიპოპროტეინემია, ჰიპობეტალიპოპროტეინემია);
• ქრონიკული ანემიები;
• მძიმე ინფექციური დაავადებები, სეფსისი;
• ონკოლოგიური დაავადებები (მოწინავე სტადია);
• ლიპიდმამცირებელი თერაპიის ფონზე.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ლიპიდური პროფილი (TCHOL, TG, LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI);
• დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL);
• მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (HDL-CHOL);
• საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig);
• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);
• გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c);
• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL);
• კრეატინინი და eGFR, სისხლში;
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• ოჯახური ჰიპერქოლესტერენემიის პანელი Dx (APOB, LDLR, LDLRAP1, PCSK9).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 9-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (გარდა სუფთა წყლისა);
• კვლევის ჩატარებამდე 24 საათით ადრე თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ცხიმოვანი საკვების მიღებისგან;
• კვლევამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან;
• აცნობეთ ექიმს მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპიის შესახებ;
• არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Cholesterol Levels
• cdc.gov - Testing for Cholesterol
• nhlbi.nih.gov - Blood Cholesterol Diagnosis
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.