ტაკროლიმუსის განსაზღვრა სისხლში (Tacrolimus)

ტაკროლიმუსის განსაზღვრა სისხლში (Tacrolimus)

ფასი: 90 ₾

კვლევის შესახებ

ტაკროლიმუსი (Tacrolimus) არის მაკროლიდური სტრუქტურის ძლიერი იმუნოსუპრესორი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ ქსოვილოვანი გრაფტის უარყოფის თავიდან ასაცილებლად, ასევე - ზოგიერთი მძიმე ავტოიმუნური და დერმატოლოგიური დაავადების სამკურნალოდ.


ტაკროლიმუსი მოქმედებს კალცინევრინის ინჰიბიციით, რის შედეგადაც ბლოკავს T-ლიმფოციტების აქტივაციასა და ციტოკინების (განსაკუთრებით - IL-2-ის) წარმოქმნას, რაც აფერხებს გადანერგილი ორგანოს მიმართ იმუნურ პასუხს.


ტაკროლიმუსს ახასიათებს ვიწრო თერაპიული ინდექსი - ეფექტიან დოზასა და ტოქსიკურ დოზას შორის სხვაობა მცირეა. დაბალი დონე ასოცირდება გრაფტის უარყოფის რისკთან, ხოლო მაღალი დონე - ნეფროტოქსიკურობასთან, ნეიროტოქსიკურობასთან, არტერიულ ჰიპერტენზიასთან, შაქრიანი დიაბეტის განვითარებასთან და ინფექციების გაზრდილ მგრძნობიარობასთან. ამიტომ მისი დონის რეგულარული მონიტორინგი (TDM - Therapeutic Drug Monitoring) აუცილებელია.


ტაკროლიმუსის სამიზნე კონცენტრაცია სისხლში დამოკიდებულია გადანერგილი ორგანოს ტიპზე, ტრანსპლანტაციიდან გასულ დროზე და თანმხლებ იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• ორგანოთა ტრანსპლანტაციის (თირკმლის, ღვიძლის, გულის, ფილტვის, პანკრეასის, ძვლის ტვინის) შემდგომი მონიტორინგი;

• ტაკროლიმუსის დოზის რეგულარული კორექცია;

• გრაფტის უარყოფის ეპიზოდის ეჭვი;

• თირკმლის ფუნქციის გაუარესება (ნეფროტოქსიკურობის ეჭვი);

• ნევროლოგიური სიმპტომები (ტრემორი, თავის ტკივილი, კრუნჩხვები);

• თანმხლები მედიკამენტოზური თერაპიის ცვლილების შემდეგ (განსაკუთრებით - CYP3A4 ინდუქტორების ან ინჰიბიტორების მიღებისას);

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების ფონზე (დიარეა, ღებინება) - შეწოვის შესაფასებლად;

• ღვიძლის ფუნქციის ცვლილების შემთხვევაში;

• ავტოიმუნური დაავადებების (მძიმე ატოპიური დერმატიტი, ოფთალმოპათია) ფონზე ტაკროლიმუსის სისტემური თერაპიის დროს;

• ინფექციური ან მეტაბოლური გართულებების ეჭვის შემთხვევაში.

ინტერპრეტაცია

ტაკროლიმუსის ოპტიმალური დონე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გადანერგილი ორგანოს ტიპზე, ტრანსპლანტაციიდან გასულ დროზე და თანმხლებ თერაპიაზე. სამიზნე კონცენტრაცია ჩვეულებრივ მერყეობს 5-15 ნგ/მლ-ის ფარგლებში (ტრუს დონეზე) და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.


ტაკროლიმუსის მაღალი დონე ასოცირდება შემდეგ გვერდით ეფექტებთან:


• ნეფროტოქსიკურობა (კრეატინინის მომატება, eGFR-ის დაქვეითება);

• ნეიროტოქსიკურობა (ტრემორი, თავის ტკივილი, უძილობა, კრუნჩხვები, ენცეფალოპათია);

• არტერიული ჰიპერტენზია;

• ტრანსპლანტაციის შემდგომი შაქრიანი დიაბეტი (PTDM);

• ჰიპერკალემია, ჰიპომაგნიემია;

• ჰიპერქოლესტერინემია;

• ინფექციების მომატებული რისკი (ვირუსული, ბაქტერიული, ფუნგური);

• ონკოლოგიური დაავადებების (განსაკუთრებით - პოსტტრანსპლანტაციური ლიმფოპროლიფერაციული აშლილობების - PTLD) რისკი;

• კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (დიარეა, გულისრევა).


ტაკროლიმუსის დაბალი დონე ასოცირდება:


• გრაფტის მწვავე ან ქრონიკული უარყოფის რისკთან;

• გრაფტის ფუნქციის გაუარესებასთან;

• დონორისადმი სპეციფიკური ანტისხეულების (DSA) განვითარების ალბათობასთან.


მნიშვნელოვანია, რომ ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმს მნიშვნელოვნად ცვლის მრავალი მედიკამენტი (CYP3A4-ისა და P-გლიკოპროტეინის გავლით) - მაგ., აზოლები, მაკროლიდები, კალციუმის არხების ბლოკერები, რიფამპიცინი - ასევე საკვები (გრეიპფრუტის წვენი).


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

Maglumi X3 (Snibe Co.,) - Chemiluminescence Immunoassay (CLIA) System - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

• სისხლი

კვლევის შესრულების დრო

24 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


mayocliniclabs.com - Tacrolimus, Blood

ncbi.nlm.nih.gov - Tacrolimus (StatPearls)

labcorp.com - Tacrolimus, Whole Blood


ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone